წინასიტყვაობა
ვუძღვნი დათოს! თეას! ლელას!
ზუსტად იმ დროს გამოჩნდნენ, როცა უნდა გამოჩენილიყვნენ... შემოვიდნენ ჩემს ცხოვრებაში და განუმეორებელი კვალი დატოვეს...
ეტაპობრივად, თანმიმდევრობით, თითქოს ვიღაცის უხილავი ხელი დინჯად და, რაც მთავარია, უზუსტესად მართავდა მოვლენებს...
თავიდან დათო იყო, ტურაშვილი, ჯერ კიდევ სულ თავიდან... ხარბად ვისმენდი, ვისუნთქავდი მის სიტყვებს, წინადადებებს, გამოსვლებს... ინსპირაციის ნამდვილი წყარო იყო... უანგარობის, გულწრფელობის...
მერე თეა ჯუღელი გამოჩნდა... ნამდვილი მეგობარი... სწორედ თეა ჩამჩიჩინებდა – უნდა წერო, უნდა წეროო... სწორედ თეამ მომცა გამბედაობა... რომ წერა დამეწყო... რომ გამებედა... არც კი ვიცი, რატომ სჯეროდა ჩემი ასე უმიზეზოდ და უპირობოდ, ასე ჯიუტად...
ბოლოს კი ლელა ჟორჟოლიანი... ამბობენ: წიგნები სულიერები არიანო, მათ ისევე სტკივათ და უხარიათ, როგორც ადამიანებსო... სულიერი... სული... სწორედ ლელამ ჩაუდგა სული ამ ტექსტს, როგორც ახალშობილი ხელში აიყვანა, გაზარდა და სამყაროს გაუწოდა, მაგრამ მანამდე ბევრი იშრომა, ბევრი იწვალა... ჩამოქნა და ჩამოძერწა... რომ... თქვენამდე მოსულიყო.
ჰოდა იწერებოდა... ნელ-ნელა, გაუბედავად, ეჭვით, ტკივილით, სიყვარულით... იწერებოდა ... სად აღარ... ხევსურეთში, არგვეთაში, ნეაპოლში, რომში, პარიზში, ბარსელონაში... სად აღარ... ბოლოს პრაღაში ჩამოაღწია და აქ დასრულდა...
და... ისევ დათო, თეა, ლელა... რომ არა ისინი, მზის სინათლეზე გამოტანას, ალბათ, ვერ ეღირსებოდა... მადლობა მათ!
და კიდევ… მადლობა, განსაკუთრებული მადლობა ანა კორძაია-სამადაშვილს! – ჩემს პირველ მკითხველსა და შემფასებელს.