დასაბამი სიტყვა
ღმრთისა მიმართ
გმადლობ, უფალო, იმისთვის, რაც მომეც. რაც არ მომეც, იმისთვისაც გმადლობ, უფალო, რამეთუ შენა ხარ არსი ჭეშმარიტი და თავად უწყი, ვის რა მისცე და რამდენი მისცე. დანარჩენი, ვიცი, ჩემზეა დამოკიდებული, და იმისთვისაც გმადლობ, რომ დანარჩენი ჩემზეა დამოკიდებული. მხოლოდ ერთი სათხოვარი კი მინდა კრძალვით შემოგბედო: ვინიცობისაა ტვინი ისე გადამიბრუნდეს, გონება ისე დამიბნელდეს, გემოვნებამ ისე მიმტყუნოს, ლიტერატურული თვალისჩინი ისე დავკარგო და მხატვრული გზა-კვალი ისე ამერიოს, რომ ფეხი სიყალბის ბილიკზე გადამიცდეს, ნუ ამაღებ ხელს, ნუ შემაქცევ ზურგს, ნუ მიმატოვებ საკუთარი სინდისის საჯიჯგნად, ნუ გამიმეტებ გრძელი ტანჯვისთვის! მომმადლე წყალობა და მომანიჭე შენი მაღალი რისხვა დამსახურებისამებრ!
სხვაფრივ, დავშთები სიმართლის ერთგული მსახური და ფარისეველთა შეურიგებელი მოწინააღმდეგე.
ხელისუფალთა მიმართ
ღირსნო მამანო (აგრეთვე დედანო), გვამნო (პატიოსანნო), მესაჭენო და მოჭირნახულენო ნაცადნო, მესვეურნო დიდ-დიდნო! გაიუს მარცელიუს კარუსი, რომის გამოჩენილი რიტორი, გრამატიკოსი და ფილოსოფოსი, თავის განთქმულ ტრაქტატში „რომის სენატი და სენატის რომი“, რისთვისაც, როგორც ცნობილია, რომის სენატმა იგი სენატის რომიდან კინწისკვრით გააძევა, ამბობს: „დააკვირდით, რჩეულნო, თუ რა სხვაობაა ზრუნვასა და ლაპარაკს შორის: ლაპარაკი ყვავილის მათრობელა სურნელია, ზრუნვა - ოფლის მჭახე სუნი, ლაპარაკი რწმენის თესლია, ზრუნვა კი ეჭვისა. ლაპარაკით ყოველთვის შეგიძლიათ ზრუნვა შეცვალოთ. ზრუნვით ლაპარაკს ვერასოდეს შეცვლით, ლაპარაკი ქება-დიდების გზაა, ზრუნვა - ტანჯვა-წვალების ბილიკი; ლაპარაკი მკაა სხვათა დანათესისა, ზრუნვა თესვაა სხვათა მოსამკელისა, ლაპარაკი სიამეს ჰგვრის ღმერთებს (ტარტაროსი და ელიზიუმი პოეტების ლამაზი ჭორია), ზრუნვა კი თვლემას. ხედავთ, მოამაგენო, რაოდენი განსხვავება ყოფილა ცნებათა შორის, რომლებიც უბირთა და მიამიტთ ერთი და იგივე ჰგონიათ? მაშ, რატომ უნდა აჰყვეთ მორალისტთა გულისგამაწვრილებელ ზუზუნს და ქოთქოთს? რად უნდა შეაშინებინოთ თავი ავყია აჩრდილებსა და ცრუ წინასწარმეტყველთ? რატომ არ უნდა იაროთ იმ გზით, საითაც გულისთქმა გეწევათ?“
ასე ამბობს, აღმაშენებელნო, გაიუს მარცელიუს კარუსი, რომის გამოჩენილი რიტორი, გრამატიკოსი და ფილოსოფოსი, თავის განთქმულ ტრაქტატში „რომის სენატი და სენატის რომი“. და თუმც გვიანდელი ხანის ზოგი სწავლული ზრუნვისა და ლაპარაკის მისეულ დეფინიციას სადავოდ ხდის, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ დავა უმთავრესად თეორიული და სპეკულატიური ხასიათისაა.
საკუთარი თავის მიმართ
ვიაროთ წინ, რაკი სხვა გზა არა გვაქვს!
მკითხველთა მიმართ
ქალბატონებო და ბატონებო! ძვირფასო თანამემამულენო! მეგობრებო!
თითქოსდა, ჩვენ მაინც არაფერი უნდა გვქონდეს წინასწარ მოსალაპარაკებელი, ვინაიდან წიგნია ჩვენი ხიდიც, მოციქულიც, შუამავალიც, გამყოფიცა და შემაერთებელიც, მაგრამ რაკი მინდორი ისე გრძელია, ხოლო სიცოცხლე ისე მოკლე, რომ არავინ იცის, გავალ თუ ვერა ბოლოში, გადავწყვიტე ამ ერთხელ ჭკვიანთა, გამჭრიახთა და საქმის მცოდნეთა მცნებას მივყვე და ხვნაში გაგირიგდეთ. ვფიქრობ, მართებულადაც ვიქცევი. თავად განსაჯეთ: განა ორთავ მხარისთვის - თქვენთვისაც და ჩემთვისაც - უმჯობესი არ იქნება, გასარკვევი დროულად გაირკვეს და, ვისაც სერიოზულ მხატვრულ-შემეცნებით ექსპედიციას მსუბუქი ძილისწინა მოციონები გირჩევნიათ, აქედანვე თქვათ უარი დამგზავრებაზე, ვიდრე გზადაგზა დამეკარგოთ და შემომეფანტოთ?!
მაშ ასე:
უპირველეს ყოვლისა, მინდა ცალკე გამოვყო ის ას ოცდაექვსი (რიცხვი შემოწმებულია) მკითხველი, რომელთაც მიმართვა და დანამუსება არ სჭირდებათ - რაც ყურადღებით და დაკვირვებით წასაკითხია, ისედაც ყურადღებით და დაკვირვებით კითხულობენ - და იმედი გამოვთქვა, რომ წიგნის ბოლოში მათი რიცხვი, სულ ცოტა, გაორმაგდება.
შემდგომ ამისა, მინდა ყველა დანარჩენს შევძახო: მამულიშვილნო! სად მირბით ასე თავქუდმოგლეჯილნი?! ნუთუ არ იცით, რომ წინ დიდი გზა გიდევთ, დიდ გზას კი აჩქარება არ უყვარს! შეანელეთ ნაბიჯი, შეიცადეთ ცოტა, ამოისუნთქეთ და ამოიქაქანეთ. საკუთარ თავს, სულ ერთია, მაინც ვერ გაასწრებთ და აბა ისე სირბილს რა ფასი აქვს! შეიცადეთ. შეიცადეთ და, მოდით, ამ შეშლილ დროში მტრის ჯინაზე ერთი დინჯად, მშვიდად, დარბაისლურად ვიმუსაიფოთ, შევეცადოთ გულიდან გადავიყაროთ ყველაფერი, რაც გვაჩქარებს და გვაფაციფუცებს, ვინაიდან ის, რაც გვაჩქარებს და გვაფაციფუცებს, ჩვენი წიაღის კეთილ ნაწილში არ არის აღმოცენებული. შემიძლია შესაბამისი ანდაზებიც მოგაგონოთ. მაგალითად, მოჩქარეს მოუგვიანდესო. ან კიდევ, ვინც იჩქარაო... ვინც იჩქარა, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რა დაემართა, მაგრამ აშკარაა კარგი არაფერი დამართნია, მით უფრო, რომ მესამე ანდაზა პირდაპირ გვაფრთხილებს: აჩქარებითა სოფელი არავის მოუჭამიაო. ჭეშმარიტად! და თუ აქცენტს მაინც სწრაფმოჭმაზე ავიღებთ და მოჭმა-მოჭმით დავუყვებით წუთისოფელს, ბოლოს (რაც უნდა იგულისხმებოდეს ამ ბუნდოვან სიტყვაში) აბსურდის მოთუხთუხე კუპრში მოვადენთ ტყაპანს. ამას ნათლად ადასტურებს აქსიომური დებულება, რომლის თანახმადაც გული კუჭი არ არის, გული გაძღომას ვერ იგებს. მართლაცდა, ვთქვათ, ავჩქარდით, სათქმელი მივჩქმალეთ (მივაჩუმათეთ, მივაფუჩეჩეთ, მივახუჩაფათეთ) და საშოვარზე წავედით. ვთქვათ, ვიშოვეთ. ვთქვათ, ბევრი ვიშოვეთ. ვთქვათ, ყველაფერი