ბედნიერების მაძიებელი უფლისწული იყო და არა იყო რა...
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა! იყო ერთი დიდებული სამეფო, რომელსაც ბრძენი და სამართლიანი ხელმწიფე განაგებდა. მეზობელი ქვეყნების ხელმწიფეებს გაგებული ჰქონდათ მისი ძლევამოსილების ამბავი და შუღლის ატეხას ვერ უბედავდნენ. ქვეშევრდომები ხელმწიფის მზეს ფიცულობდნენ, ხელმწიფესაც ისინი საკუთარ შვილებში არ გამოერჩეოდა. ქვეყანა მოსვენებული იყო და ხალხი ტკბილად და ბედნიერად ცხოვრობდა.
ორი ვაჟი ჰყავდა ხელმწიფეს, ორივე ერთიმეორეზე უკეთესი. ვინც შეხედავდა, თვალი ზედ რჩებოდა და, ნეტა რა დედამ გშობაო, გულში ამბობდა. ორივე ჩაუქი და ქველი იყო და ორივეს უხვად დაჰყოლოდა მამის სიმამაცე, გულისხმიერება და გამჭრიახობა. ძმებს მზე და მთვარე ერთმანეთზე ამოსდიოდათ. ისე უყვარდათ ერთიმეორე, თვალში რომ ჩავარდნოდათ, თითს არ ამოისვამდნენ. როდესაც სასახლის მოედანზე სალაღობო შეჯიბრი იმართებოდა ჯირითში, ბურთაობაში, შუბის ტყორცნასა თუ ხმლის ხმარებაში, თავგამოდებით იბრძოდნენ პირველობისათვის, გულში კი ერთმანეთის გამარჯვება ეწადათ.
სასახლის ეზოში ხელმწიფეს ერთი სამლოცველო ედგა. დღეში ორჯერ, განთიადისას და მიმწუხრისას, იქ მუხლმოყრილი ლოცულობდა და გულმხურვალედ ავედრებდა ღმერთს ხალხსა და ქვეყანას.
– ღმერთო, მაღალო და ყოვლადძლიერო, – ასე ლოცულობდა ხელმწიფე, – სიცოცხლის ნამი მიპკურე ქვეყანას, ვენახს წვენი არ გაუშრო და კაცს სისხლი არ გაუციო. მომეც სიბრძნე და ძალი, რომ სიმართლით ვმართო, სიმართლით ვსაჯო და სიმართლით ვიდოდე. ღმერთო, მიტევების ნიჭი არ ამოწურო შენი მონის გულიდან, მადლი და სიყვარული მოეც შენს მლოცველსა და მოსავს.
დიდხანს და ბედნიერად განაგებდა ხელმწიფე თავის სამეფოს. ბოლოს, როდესაც ღრმად მოხუცდა და შეატყო, ჩემი აღსასრულის დღე ახლოვდებაო, მოუხმო ვაჟებს და უთხრა:
– საყვარელო შვილებო! მე ჩემი სიცოცხლე ხალხისა და ქვეყნის სამსახურს შევალიე, თავი არ დამიზოგავს და ერთი ცოდვილი მოკვდავის კვალობაზე, რაც შევძელი, გავაკეთე. მაგრამ აი, სიკვდილის ჟამმა ჩამოჰკრა და დღეს ამიერქვეყანას უნდა განვეშორო. ახლა თქვენი ჯერია. ვინძლო დანატოვარს ღირსეულად უპატრონოთ. სანამ ჩემს ანდერძს გაუწყებდეთ, მინდა თქვენი თათბირი მოვისმინო და გავიგო, როგორ აპირებთ ქვეყნის გაძღოლას ჩემი სიკვდილის შემდეგ.
ხელმწიფე გაჩუმდა. მაშინ უფროსი ვაჟი წინ წადგა და მოახსენა:
– ხელმწიფეო და მამავ ბატონო! უწინარეს ყოვლისა, მამაზეციერს შევავედრებ შენს სიცოცხლეს. მე და ჩემი საყვარელი ძმა გამოუცდელი ყრმები ვართ, ქვეყანას ჯერ კიდევ სჭირდება შენი სიბრძნე და გონიერება. მაგრამ თუ ღმერთი ამ ჩემს ვედრებას არ შეისმენს და ნაადრევად დაგვაობლებს, ისე მოვიქცევით, როგორც გვიბრძანებ. ჩემი თათბირი კი ესაა: შენი უმცროსი ვაჟი და ჩემი საყვარელი ძმა გონიერია, გულადი და სამართლიანი. ტახტი და გვირგვინი ჩემზე მეტად მას დაშვენდება. თუ თანხმობას იტყვის, ამით ჩემი გულწრფელი სურვილიც შესრულდება. მე კი სიკვდილამდე მისი ერთგული ქვეშევრდომი და მოყვარული ძმა ვიქნები.
უფროსმა ვაჟმა რომ ლაპარაკი მოათავა, ახლა უმცროსი წადგა წინ და თქვა:
– ხელმწიფეო და მამავ ბატონო! ისევე, როგორც ჩემი საყვარელი უფროსი ძმა, მეც გულმხურვალედ შევთხოვ ღმერთს შენს სიცოცხლეს, ხოლო ჩემი თათბირი ესაა: ჩემი საყვარელი ძმა სწორედ რომ ხელმწიფედაა დაბადებული და ტახტზეც ის უნდა დაჯდეს. ღმრთითაც ხომ ასეა დადგენილი: ტახტი და გვირგვინი უფროსს ეკუთვნის. მე კი მისი ერთგული ქვეშევრდომი ვიქნები და, თუ ჩემი რჩევა დასჭირდება, ფიცსა ვდებ, მხოლოდ ის ვურჩიო, რასაც გული და გონება მიკარნახებს, არც პირფერობით ტყუილი ვუთხრა და არც დასჯის შიშით სიმართლე დავუმალო.
ხელმწიფეს მოეწონა შვილების თათბირი და თქვა:
– მადლობას გწირავ, უფალო. რაკი ქვეყნის ჭირისუფლად აღმაზრდევინე შვილები, შემიძლია მშვიდად დავხუჭო თვალი და პირნათლად მივუვიდე მამა-პაპას. გიქებთ, შვილებო, თავმოდრეკილებასა და ერთმანეთის სიყვარულს. ახლა კი ყური დამიგდეთ, ერთი საკვირველი ამბავი უნდა გიამბოთ: ჯერ კიდევ პირტიტველა ჭაბუკი ვიყავი, როცა თქვენი სახელოვანი პაპა მიიცვალა და მეფედ ვეკურთხე. როგორც ახლა გვაქვს ჩვეულება, მაშინაც ასე გვქონდა: მეფედ კურთხევის მეორე დღეს დიდი ნადირობა უნდა გაგვემართა. მეც ჩემი ამალითა და ნაზირ-ვეზირებით სანადიროდ გავწიე. ბევრი ვიარე თუ ცოტა ვიარე, ამალა უკან ჩამოვიტოვე და ერთი უღრანი ტყის შუაგულში პატარა მდელოზე გავედი. გავიხედე და ვხედავ, ტყის პირას ერთი ირემი დგას. ისეთი ლამაზია, მისი მსგავსი ჩემს დღეში არა მენახა რა. ირემს ჩემი გამოჩენა აინუნშიაც არ ჩაუგდია. თავი აეღირა და მშვიდად შემომცქეროდა. მე საჩქაროდ მშვილდი გადმოვიღე და საისრეში ისარი ჩავდე. ყრმა ვიყავ ჯერაც, დაუდუღარი მაჭარი, და ქვეშევრდომების წინაშე თავის გამოჩენა მესახელებოდა. მშვილდი მოვზიდე, ირემი მიზანში ამოვიღე და ლარს ხელი ვუშვი. ჩემდა გასაკვირად, ლარი უეცრად ისე