დასაწყისი(ღმერთების ქორო და იუპიტერი)
ქორო – ძრწოდე, სამყაროვ! ძრწოდეთ, მოკვდავნო! ძრწოდეთ, საგნებო, სულიერნო და უსულონო! უზენაესი კონვეიერის ღრმა ხვეულებიდან ტყვიის ღრუბლები მოედინებიან და ცის თავანზე პირს მუქარით იკრავენ! ო, განსხეულებავ – ყოყმანის მყიფე ნაშიერო! ო, ზღვართა ბუნებავ, სამყაროს სახსრებში ჩამონტაჟებულო! ო, ბედისწერის იდუმალო სახისმეტყველებავ, ყოფიერების უხილავ პორებში ჩაბუდებულო! ო, ათვლის სისტემათა გუთნეულო – არსებობის ფარულო ბზარებო! ო, შესაქმეს ბეწვის ხიდო! ო, თეზავ და ანტითეზავ – ნამჯავ გაულეწავო! ო, სასწორის პინებო – ჟამთა ბორკილების ნიშანო და სასწაულო!.. ყოვლადძლიერ იუპიტერს, იდეათდამბადებელსა და მატერიათმოქმედს, ყოველთა სამეუფოთა მეუფეს, ელემენტთა ჰარმონიის მიზეზთმიზეზს, მნათობთა მწყემსსა და ზედამხედველს, ბირთვულ მარცვალთა მთესველსა და ატომურ კრიალოსანთა დიდ ხელოსანს, პლაზმათბატონს, შავი ხვრელებისა და თეთრი ჯუჯების მბრძანებელს, არსისა და არაარსის მპყრობელს, უფალს უზენაესს, ვინც მუდამ მხნე იყო და მოძრავი, ვინც მუხლჩაუხრელად იღვწოდა და თავის ნაღვაწს თვალისჩინივით უფრთხილდებოდა, ვინც რუდუნებით ქმნიდა ბუნების ოპტიმალურ კანონებსა და შიშსა და იმედს თანაბრად თესავდა, რათა სამყაროში ბალანსი არ დარღვეულიყო, ეს რამდენიმე საუკუნეა გულჩათხრობილობა დასჩემდა, ელვა-მეხი – ღვთაებრივი პირველიარაღი, რომელიც ეგზომ შვენოდა – აიყარა და გვერდზე გადასდო, ზის ახლა მდუმარედ ცეცხლოვან ტახტზე ორჭოფობის მღვრიე ნისლით შებურვილი, მაღალი შუბლი საავდროდ მოღრუბლვია და ჭმუნვით ჩასცქერის თავის დუალისტურ ნახელავს. მის მიუწვდომელ ფიქრთა ზეგარდმო იმპულსები ავის მომასწავებლად ტრიალებენ ყოფიერების ცაზე, როგორც უკანასკნელ ფეიერვერკად ასაფეთქებელი ვარსკვლავები. დაძაბული სამყარო უცხო მოლოდინით თრთის და ცახცახებს. შიშს დაუზაფრავს ყოველი არსი. შიშის წითელმა თვალმა უკვდავეთშიც შემოანათა და ჩვენი ღვთაებრივი გულებიც შეძრა. თვით იუნონაც შეკრთა – ყოვლადძლიერის ერთადერთი გულის მესაიდუმლე და მისი საიუპიტერო სარეცელის მოზიარე; შეკრთა და, შეშინებულმა და საგონებელში ჩავარდნილმა, მთელი საკარნავალო ტანსაცმელი – არწივის ფრთებიც, ოქროს წვიმაც, თეთრი ხარის ტყავიც, ღრუბლის ქულაც... – ყველაფერი, რაც ამას წინათ ეჭვიანობის ნიადაგზე თავის მზითევის სკივრში დაუმალა, საკუთარი ხელით უკანვე ამოალაგა და მორიდებით დაუწყო ტახტზე, მაგრამ უზენაესმა, ადრე რომ ესოდენ უყვარდა ექსტრავაგანტური კოსტუმით მიწაზე დაშვება და ჯიშიან ბანოვანებზე მედგარი იერიშის მიტანა, ამჯერად სამოსს ზედ არ შეხედა. განიმედსაც კი ახლო არ იკარებს. ზის ასე მუნჯად, გაშეშებული და ღრმა ფიქრებში ჩაფლული... ნეტა რას მოასწავებს შენი უძრაობა, ო, მეხთამტეხელო? რაზე მეტყველებს შენი დუმილი? საით მიგიმართავს ღვთაებრივ ფიქრთა ლაზერები? რამ შეჭმუხნა შენი იუპიტერული შუბლი?.. ო, წამის მიჯნავ – დიდო გაუსაძლისობავ! ო, იდუმალების მწვავე ანაზდეულობავ! ო, თვალო ლიბრგადაკრულო!.. შევეხმიანოთ, უკვდავებო! გვეყო, რაც ვითმინეთ. ჩვენც ხომ ღმერთები ვართ და ყოვლისმცოდნეობა გვმართებს! აბა, ერთად! მეხთამტეხელო! მოგვაპყარ ყური და ისმინე ჩვენი კანონიერი ღაღადისი: ვეღარა გცნობთ, ყოვლადძლიერო! რა ხანია შენი მქუხარე ხმა აღარ გაგვიგონია! რა ხანია შენი მძლავრი ნება არ გვიგრძვნია! რა ხანია უქმად ზიხარ და ნაღვლიანად ჩასცქერი ქვეყნიერებას! შიშით აღარა ვართ, კრონიონო! ცოდნა ჩვენი ბუნებაა, არცოდნა ჩვენი ბუნების შებღალვაა. გაგვიმხილე შენი ჭმუნვის მიზეზი!
იუპიტერი – გაგიმხელთ, თანამოღმერთენო. ან კი რა მაქვს დასამალი! ამას წინათ დროის საბძელში შევიხედე და თვალწინ ისეთი შემზარავი სურათი გადამეშალა, შევძრწუნდი და ვინანე, რომ წმინდა იდეას ნივთიერი სახე მივეცი. მას აქეთ ვფიქრობ და, რაც მეტს ვფიქრობ, მით უფრო ვრწმუნდები: სამყაროს შექმნა შეცდომა იყო.
ქორო – მაგას რას ამბობ, შეუმცდარო! განა ნივთიერი სამყარო მშვენიერი არ არის?! განა ეს ციცქნა პლანეტა ჩვენი სიხარული და სიამაყე არ არის?! განა სიცოცხლე პერპეტუუმ-მობილე არ არის, რომელმაც ისეთი ყვავილი გამოიღო, როგორიცაა ადამიანი – ამბროზიის დაუშრეტელი წყარო?!
იუპიტერი – პლანეტა ლაფში იძირება. პერპეტუუმ-მობილეს ჟანგი ედება. სიცოცხლე დეფექტური გამოდგა. ადამიანი შხამიანი ყვავილია. ვერ ხედავთ, თავს როგორ გავიდნენ?! აღარ გვეპუებიან, ძაღლად არ გვაგდებენ. უარგვყვეს კიდეც. თურმე ნუ იტყვით და, არც კი ვარსებობთ!
ქორო – ადამიანის ყბედობა რა ყურადსაღებია, უზენაესო! დაე, ნუ ვიარსებებთ! ან კი სულ ერთი არ არის, ვარსებობთ თუ არა?! მთავარია, მათ არ შეუძლიათ არ იფიქრონ ჩვენზე და, მაშასადამე, არ გვაღიარონ, ხოლო როგორ გვაღიარებენ – არსებულებად თუ არარსებულებად – ამას რა მნიშვნელობა აქვს?!
იუპიტერი – მე მათ ზნეობის კანონები მივეცი, მათ კი ჩემი კანონები ფეხქვეშ გათელეს.
ქორო – შენ მათ ზნეობის კანონები მალამოდ მიეცი, რათა სიცოცხლის ტკივილი – ორბუნებათშორისი ხახუნი – შეგემსუბუქებინა, და ეს შენის მხრივ უანგარო გულმოწყალების ღვთაებრივი აქტი იყო. თუკი ვერ შეიფერეს, მით უარესი მათთვის! დაე, იტანჯონ! ჩვენ რა! დამწიფებული სიცოცხლის ფუნქცია