ანტონიო და დავითი
ნაწყვეტი წიგნიდან „ისტორიები და ზნეჩვეულებანი, ანუ აღწერა ქვეყნებისა, რომლებიც ღვთის შეწევნით მშვიდობიანად მოიარა მოგზაურმა და ვაჭარმა ბართოლომეო დ’ანიტიმ, მოთხრობილი ხსენებული დ’ანიტის მიერ დაწვრილებით და შეულამაზებლად”.
როგორც ამ წიგნის დასაწყისში ვთქვი, ცხოვრების დიდი ნაწილი მოგზაურობაში გავატარე და მრავალი ქვეყანა მოვვლე, ზოგი ჩემივ სურვილით და ზოგიც სამეფო კარის დავალებით. ისე მიყვარდა მოგზაურობა, სახლში დიდი ხნით ვერ ვდგებოდი. მართალია, უცხოეთში მყოფს ზოგჯერ მძიმე სევდა შემომაწვებოდა და სამშობლო მომენატრებოდა, მაგრამ, დავბრუნდებოდი თუ არა შინ, გული მაშინვე კვლავ უცხო ქვეყნებისაკენ გამიწევდა. საცა კი ვიყავი, შეძლებისდაგვარად ყველა ხალხის ენა შევისწავლე. თავდაპირველად უცხო ენებს უცხო ქვეყნებში ვსწავლობდი ადგილობრივი მოსახლეობისაგან, მერე კი, როდესაც შევამჩნიე, სხვათა ენებს იოლად ვითვისებდი, ვცდილობდი თავიდანვე მესწავლა, გამგზავრებამდე. ვისაც მოგზაურობა უყვარს, ყველას ვურჩევ ასე მოიქცეს, რადგან ენის ცოდნა დიდად უადვილებს საქმეს მოგზაურს. ჯერ ერთი, თარჯიმანი უამრავ დროს გაკარგვინებს, და მეორეც, უცხო კაცს რომ მის ენაზე დაელაპარაკები, ნდობით იმსჭვალება და ხელად გადაგიხსნის გულს. ეს ყველგან შემიმჩნევია. ეტყობა ადამიანის ბუნებაა ასეთი... სამოცდახუთი წლისა რომ შევიქენი, გადავწყვიტე მოგზაურობაზე ხელი ამეღო. უკვე ხანში ვიყავი შესული, ჯანი ძველებურად აღარ მომდევდა და თანდათან შიშიც შემომეპარა, ვაითუ სადმე გზაში მომისწროს სიკვდილმა და ჩემი ცხედარი უცხოეთში დარჩეს-მეთქი. კაცს მუდამ გაქვს გაუაზრებელი სურვილი შენს ქვეყანაში დაიმარხო, სადაც შენი მამა-პაპა მარხია. ესეც არ იყოს, უეცრად რომ მოვმკვდარიყავი, ის ცოდნა და გამოცდილებაც თან უნდა წამეღო, რაც ხანგრძლივი მოგზაურობისას მოვიპოვე, და ეს წიგნი, რომელსაც ახლა ვწერ, დაუწერელი დამრჩებოდა. არ იფიქროთ, სახელსა და დიდებას მიველტვი, როგორც მრავალნი მიელტვიან. არა. მოგზაურობისას იმდენი ხიფათი და გაჭირვება გადავიტანე, ახალგაზრდული პატივმოყვარეობიდან აღარაფერი შემომრჩენია და სახელი და დიდებაც არად მიჩანს. დღეს უბრალო, მკაცრი ცხოვრება ჩემთვის ერთადერთი ცხოვრებაა. წიგნის დაწერა მხოლოდ მოვალეობაა, რადგან ადრეც მწამდა და ახლაც მწამს, რომ, კაცმა თუ რამე ცოდნა შეიძინა, იგი ვისმეს უნდა დაუტოვოს, თან თუ წაიღო, ცოდვად ჩაეთვლება და იმ ქვეყნად მოეკითხება. ამ ორი მიზეზის გამო დავანებე თავი მოგზაურობას. ეგებ დავიღალე კიდეც, დასვენება მომენატრა და იმ ორ მიზეზს ეს მესამეც დაემატა. ასე იყო თუ ისე, მოგზაურობა მივატოვე და ნათესავებისა და ახლობლების გასაკვირველად, ჩემი დიდებული სახლი, ჩემი მეგობრების უსაყვარლესი ადგილი, სადაც ყოველი მოგზაურობის შემდეგ ვიკრიბებოდით და ხშირად ღამეებს ვათენებდით ტკბილ მასლაათში, გავყიდე. გავყიდე ქალაქგარეთა მამულებიც. გავყიდე მთელი ჩემი უძრავი ქონება. სამაგიეროდ, ქვეყნის სამხრეთით, ზღვის პირას, პატარა მზიანი და ტყიანი ადგილი ვიყიდე და ავაშენე სახლი, რომელმაც ჩემს ნაცნობ-მეგობრებსა და ნათესავებს კიდევ უფრო განუმტკიცა აზრი, რომ მე უცნაური და ახირებული კაცი ვარ. სახლი მართლა უჩვეულო გამოვიდა: თუ არ ჩავთვლით ვრცელ სამუშაო ოთახს, მის მიმდებარე პატარა საძინებელს და მსახურთა სადგომს ქვედა სართულზე, აქ იმდენი ოთახია, რამდენ ქვეყანაშიც ვარ ნამყოფი. თითო ოთახი თითო უცხო ქვეყანას განასახიერებს, იქაურ წესზეა მოწყობილი და იქაური ნივთებითაა მორთული. აგერ უკვე შვიდი წელია ამ სახლში ვცხოვრობ სამი მსახურისა და ორი მზარეულის ამარა. ეზოდან თითქმის არ გავდივარ, შუადღემდე სამუშაო ოთახში ვზივარ და ვწერ, ნაშუადღევს ეზოს ბოლოს, ჭალაში ვსეირნობ ნაკადულის პირას, საღამოს ოთახიდან ოთახში დავდივარ, უცხო ქვეყნებიდან ჩამოტანილ მრავალრიცხოვან სამახსოვრო ნივთებს ვათვალიერებ და გარდასულ ამბებს ვიგონებ. ჩემს ცხოვრებას ზოგჯერ განდეგილის ცხოვრებას ადარებენ. მაგრამ რა განდეგილობაზე შეიძლება ლაპარაკი, როცა კვირა ისე არ გაივლის, ორ-სამჯერ მეგობრებმა არ მომაკითხონ. მეგობრებს ხან რომელ „ქვეყანაში~ მივიღებ ხოლმე, ხან რომელში. სუფრასაც შესაბამისად ვუშლი. ვსხედვართ, ვსაუბრობთ, თავს ვიქცევთ ღვინით. ზოგჯერ, როცა მთხოვენ, მოგზაურობის ამბებსაც ვყვები. ასე ვცხოვრობ და ველოდები ღვთის განჩინებას...
ვინც მოგზაურობის წიგნსა წერს, უეჭველად უნდა გაითვალისწინოს ადამიანთა ნაირ-ნაირი მიდრეკილება და ჭრელი გემოვნება. ზოგს ქვეყნების გეოგრაფია აინტერესებს – ადგილმდებარეობა, საზღვრები, ჰავა, ნიადაგი, მდინარეთა სიგრძე და ტყეთა სიხშირე; ზოგს პოლიტიკა უყვარს – ტახტისათვის ბრძოლა, შეთქმულება, ინტრიგები; ზოგი მშენებლობის ხელოვნებითაა გატაცებული – როგორ სახლებს იგებენ, აგურს წვავენ თუ არა, ციხეებს რითი ამაგრებენ, ხიდები რამდენ დაწოლას უძლებს; ზოგს ხალხის ყოფა-ცხოვრება უნდა გაიგოს – ვისგან წარმოიშვნენ, საიდან მოვიდნენ, როდის დაეფუძნენ ამ მხარეში, რა წესები და ადათები აქვთ, ღვთისმსახურების რიტუალებს როგორ ასრულებენ; ზოგს მეცნიერული დაკვირვებანი სულ არ ედარდება, ყველაფერს გასართობი ამბები ურჩევნია – ნაირ-ნაირი ისტორიები, ფათერაკები, ანეკდოტები. ამიტომ, მოგზაურობის წიგნი ისე უნდა დაიწეროს, რა ჯურისა და ყაიდის კაცმაც არ