შურისძიება
მრავალი წლის შემდეგ, როდესაც ხანგრძლივი ხეტიალითა და უთვალავი ფათერაკით დაღლილ-დაქანცული, როგორც იქნა, გასცდა ვიწროსა და ბნელ, შმორის სუნით გაჟღენთილ ხვრელს და კაშკაშა სინათლეში მოხვდა, ზებულონმა დაინახა ცისფერი სიკვდილი, რომელიც აყვავებული ნუშისა და ტყემლის თეთრ ტევრს გამოეყო, ჭრელ მინდორზე დაეშვა და მისკენ გამოეშურა. ყვავილები რომ არ გაეთელა, შიშველ ფეხებს მიწას არ აკარებდა, ისე მსუბუქად მოდიოდა, როგორც სიზმარში, და დამათრობელი ღიმილით იღიმებოდა. ასე ახლო ზებულონს სიკვდილი არასოდეს ენახა. მართალია, თითქმის მთელი ცხოვრება მის გვერდით გაატარა, მუდამ ირგვლივ უტრიალებდა, როგორც ფარვანა ალს, საცა არ უნდა ყოფილიყო, ყველგან და ყოველთვის გრძნობდა მის საშიშსა და მომნუსხველ სუნთქვას, მაგრამ პირისპირ არასოდეს შეყრია. ახლა კი თვალებში შეჰყურებდნენ ერთმანეთს და მათს მზერას ვეღარაფერი გათიშავდა, რადგან შერწყმის სურვილი ორთავეს გარდაუვალი ძალით ეწეოდა ერთმანეთისკენ. ზებულონი ნეტარებით გრძნობდა, რომ კიდევ რამდენიმე ნაბიჯი და მისი გზა საბოლოოდ შეუერთდებოდა სიკვდილის გზას, ისე რბილად შეუერთდებოდა, ისე მშვიდად, ისე მკვიდრად და ზუსტად - პირი პირზე, ნაჭდევი ნაჭდევზე, წიბო წიბოზე - თითქოს მშობელმა დაკარგული შვილი იპოვაო. სულ ახლო რომ მოვიდა, სიკვდილი ერთბაშად შედგა და გაშეშდა. ახლა სამყაროში მხოლოდ მისი ღიმილი მოძრაობდა. ღიმილი უსხეულო და უხილავ სხივებად იღვრებოდა ზებულონის ირგვლივ და ზებულონს, რომელიც ნელ-ნელა იხსნებოდა მასში, ისღა უკვირდა, რომ სიკვდილს ცისფერი წამოსასხამი ესხა, ცისფერი პირბადე ეფარა და ცისფერი პირბადის უკან თეთრ სახეზე სათნოების უცხო ნათელი გადასდიოდა. ამის დანახვაზე გაიფიქრა, ეგებ ყველას თავისი საკუთარი სიკვდილი ჰყავს და, ჟამი რომ დაჰკრავს, ის საკუთარი სიკვდილი ეწვევაო. სხეულში ანთებული შუქი სწრაფად იზრდებოდა, ყველა კუთხე-კუნჭულში შედიოდა, ყველა კუთხე-კუნჭულს სინათლედ აქცევდა და გარედან დაფრქვეული ღიმილისაკენ მიისწრაფოდა, რათა მათი შერწყმით სამყაროში განუყოფელი სიმშვიდე დამკვიდრებულიყო. ზებულონისა და სიკვდილის გზები ახლა სადღაც ძალიან მაღლა, ცის თაღთან ეკიდა ერთიმეორის პირისპირ. მათ შორის ნაპრალიღა იყო დარჩენილი. ზებულონმა ამ ნაპრალიდან გადაიხედა და ქვემოთ, შორს, ძალიან შორს დაინახა ურიცხვი წვრილი ნაკადულით დასერილი ამწვანებული ზვრები. ნაკადულები კლაკვნით მოედინებოდნენ, ყოველი მათგანი თავის ვიწრო კალაპოტს მიუყვებოდა და ბოლოს, დასალიერთან, იქ, სადაც თვალი ძლივსღა წვდებოდა, ცისფერ ზღვაში ინთქმებოდა. ზებულონმა თავისი ნაკადული იცნო და მიხვდა, რომ ეს მიწა და ეს ზვრები მისი სამკვიდრებელი იყო, მისი საკუთრება, მისი სამყოფი და სამყოფელი. ზებულონი თავის ნაკადულს დააკვირდა. ნაკადული კლდის ნაჟურად დაიბადა, კლდის ღაწვს ცრემლივით ჩამოედინა, მიწას რომ მიაღწია, ძალა მოიცა და ჩუხჩუხით წამოვიდა. მერე ანაზდად ფლატეს მიადგა, ფლატეზე გადაეშვა და ერთბაშად კალაპოტი შეიცვალა. ამის დანახვაზე ზებულონს გულმა რეჩხი უყო და სქელი, მღვრიე ნისლიდან მეხსიერებაში შორეული განცდა ამოტივტივდა, უცხო, უსახელო, აუხსნელი განცდა, რომელიც ოდესღაც, ზებულონისა და ზებულონის გათიშვის ჟამს, ყრუ კედლისა და დახშული ჭიშკრის მიღმა დარჩა და, თუმცა მისი ბუნდოვანი აჩრდილი მთელი სიცოცხლე თან დასდევდა და ზოგჯერ შორეული მოგონების ტკბილ და ტკივილიან სევდად შეახსენებდა თავს, იგი დიდი ხანია უკვე სამუდამოდ დაკარგული ეგონა. ახლა კედელი მოირღვა, დახშული ჭიშკარი გაიღო და ზებულონმა, თითქოს ცხოვრების დოლაბი ხელახლა დატრიალდაო, უეცრად დიდი სიცხადით იხილა ყოველივე...
ზებულონი, ცალთვალა ისახარის ვაჟი, წყაროსთვალში დაიბადა, წყაროსთვალში გაიზარდა და, თვრამეტი წლისა ისე შეიქნა, იქიდან ფეხი არ მოუცვლია.
წყაროსთვალი პატარა სოფელი იყო. იგი ზებულონის მამას, ისახარს, და ზებულონის ორ ბიძას, ანანიასა და გაბრიელს ეკუთვნოდა. ანანიას, ძმებში ყველაზე უფროსს, თეთრი თმა ჰქონდა, გრძელი თეთრი წვერი, დინჯი მიმოხრა და ბოხი ხმა. აუჩქარებელი, დაკვირვებული ლაპარაკი იცოდა, სოფელში დარბაისელ და ჭკუის საკითხავ კაცად ითვლებოდა და, თუ რამე გადასაწყვეტი იყო, მის უნებურად არ გადაწყდებოდა. სამაგიეროდ ისახარი, ანანიას მომდევნო და ზებულონის მამა, ორივე ძმაზე უფრო ბრგე იყო, უფრო წარმოსადეგი და უკეთესი მეომარი. ბრძოლაში ბევრი ვერ დაუდებდა ტოლს, გულადი იყო, უშიშარი, საცა ყველაზე მეტი ხიფათი ეგულებოდა, სწორედ იქ გადაეშვებოდა თავისი ცხენით. ამ მეტისმეტი სიმამაცის გამო ერთ ბრძოლაში მარცხენა თვალი კი დაკარგა, მაგრამ ზებულონის აზრით თეთრად გადაკრული ლიბრი მის აღნაგობას კიდევ უფრო ვაჟკაცურ იერს ანიჭებდა.
ზებულონი მშობლების ერთადერთი შვილი იყო. დანარჩენი ოთხი, რომლებიც ზებულონის შემდეგ ეყოლათ, დაბადების პირველსავე კვირას დაიხოცნენ. ცოლ-ქმარსაც სხვა რა გზა ჰქონდათ, განგების ნებას დამორჩილდნენ და ბედს შეურიგდნენ. იმაზეც მადლობას სწირავდნენ გამჩენს, რომ ეს ერთი შვილი მაინც ეზრდებოდათ, ნაშრომ-ნადაგი ოხრად არ დარჩებოდათ, გვარს გამგრძელებელი ეყოლებოდა და ადგილ-მამულს პატრონი, და თუ თვითონ ვერ გამრავლდნენ,