დრო
(ფანტასტიკური ღიმილი)
საყვარელო ძმაო ენუ!
სანამ სინათლის სხივთა კონა, რომელსაც ამ წერილს ვატან, შენამდე მოაღწევს, დედამიწაზე ალბათ კიდევ რამდენიმე ექსპედიცია მოივლის წარსულს. ამას იმიტომ გეუბნები, რომ მინდა ამთავითვე დაგამშვიდო: შენი შიში, ჩემო ძვირფასო ძმაო, უსაფუძვლოა. ქრონონავტიკა გრძელდება და ვითარდება. ცხადია, ჭორები და მითქმა-მოთქმა უმიზეზოდ არ ჩნდება და იმ არეულ-დარეულ, ურთიერთსაწინააღმდეგო და, ცოტა არ იყოს, ფანტასტიკურ ხმებს, რომლებიც თქვენში გავრცელებულა და აგრერიგად შეუშფოთებიხართ, თავისი რეალური მიზეზი აქვს, მაგრამ, მადლობა უფალს, ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა, თუმცა, უნდა გითხრა, დიდი შიში კი ვჭამეთ. ქვეყნიერებას საშინელი ხიფათის ტალღამ გადაუარა და არ გვეგონა, თუ ყველაფერს არ გაანადგურებდა, რაც კი კაცის ხელს შეუქმნია. ბოლო წამამდე ყველანი გარდაუვალი დაღუპვის შიშით ვიყავით შეპყრობილნი. ახლა დედამიწაზე კვლავ სიმშვიდეა და თუმცა ზოგჯერ, როცა მარტო დარჩენილი იმ შემზარავ საღამოს წარმოვიდგენ, ტანში გამბურძგლავს ხოლმე, მაინც ყველაფერი იმდენად იოლად დავივიწყეთ, რომ შენი წერილის ტრაგიკულ ინტონაციებზე, სიმართლე გითხრა, გულიანად მეცინებოდა.
ერთი სიტყვით, გადავრჩით. ჩვენცა და თქვენც. მართალია, ამ ამბავმა გვარიანად შეარყია ფიზიკის ის გრანდიოზული შენობა, რომელსაც ამ რვაასი წლის წინ, მესამე წელთაღრიცხვის 1979 წელს, ჩაუყარა საფუძველი დიდმა ტაიძიმ, და ჩვენ პირშიჩალაგამოვლებულები დავრჩით, რადგან დრო, ერთხელ და სამუდამოდ შეცნობილი რომ გვეგონა, კვლავ ხელიდან გაგვისხლტა, მაგრამ ამას ვინ ჩივის! ბოლოს და ბოლოს, იმავე ტაიძის თქმისა არ იყოს, მეცნიერული თეორია ორგვარია: ერთია მცდარი თეორია, რომელიც დროთა განმავლობაში სწორით შეიცვლება, და მეორეა სწორი თეორია, რომელიც დროა განმავლობაში უფრო სწორით შეიცვლება.
თუმცაღა, რაკი შენ ამ ამბავს ასე დაუინტერესებიხარ, დაწვრილებით გიამბობ ყოველივეს, რაც მოხდა და როგორც მოხდა.
ტაიძის ძირითადი კანონი დროისა და სივრცის იგივეობის შესახებ, ცხადია, კარგად იცი და ჩემგან მისი შეხსენება ზედმეტი იქნება, მაგრამ, როგორც მახსოვს, ფიზიკის ისტორიას ყოველთვის გულგრილად ეკიდებოდი, ამიტომ სანამ უშუალოდ ქრონონავტების მოგზაურობაზე გადავიდოდე, თავს ნებას მივცემ ორიოდე სიტყვით მოგაგონო ტაიძი და მისი მოძღვრება.
ტაიძი ფიზიკოსი და მხატვარი ყოფილა. სახელოსნოში თურმე გატაცებით ხატავდა სივრცეს, მოძრაობას, დროს, გრავიტაციას, ლაბორატორიაში კი ასეთივე გატაცებით იკვლევდა განყენებულ ცნებათა გეომეტრიულ საფუძვლებს. მხატვრები მას ფიზიკოსს ეძახდნენ, ფიზიკოსები - მხატვარს. ის კი სავსებით თავისუფალი იყო პატივმოყვარეობისაგან და, შესაძლებელია, ამანაც ითამაშა გარკვეული როლი, რომ ერთ მშვენიერ დღეს სამეცნიერო ცენტრის დიდ სხდომაზე ფიზიკა წინააღმ- დეგობათა გაუვალი ჭაობიდან ამოიყვანა.
მეცნიერების განვითარების გზაზე, როგორც უჩემოდაც კარგად მოგეხსენება, დროდადრო დგება ისეთი პერიოდი, როცა დაგროვილი ცოდნა ძველ სკივრში ვეღარ ეტევა და საჭირო ხდება ახალი სკივრის შეკვრა. სწორედ ასეთ პერიოდს დაემთხვა ტაიძის მოღვაწეობა. მეცნიერებაში სრული ქაოსი და სასოწარკვეთა სუფევდა. ექსპერიმენტული მონაცემები მტკიცედ და ორგანიზებულად ეწინააღმდეგებოდნენ თეორიულ დასკვნებს და ჯიუტად უვლიდნან გვერდს გამზადებულ ჩარჩოებს. ვერავითარი გონებამახვილური გამოგონებები, ვერავითარი ხელოვნური ცნებები, ვერავითარი „სამუშაო ჰიპოთეზები“ საქმეს ვერ შველოდნენ. ფიზიკა თვალდათვალ იძირებოდა ჭაობში. ფიზიკა იხრჩობოდა.
მაშინ, ჩემო კარგო ძმაო, წამომდგარა ტაიძი და ისეთი რამ უთქვამს, რაც მთელ ეპოქას ენაზე ადგა. ეს მუდამ ასეა: ეპოქას სათქმელი მზადა აქვს და გაბედულ მთქმელსღა ელოდება. ამ შემთხვევაში მთქმელი ტაიძი აღმოჩნდა. მან თქვა: ის ურჩხული, ფიზიკას რომ წინ გადაღობვია და გზას არ გვაძლევს, ფუნდამენტური კატეგორიების შესახებ ჩვენი ტრადიციული წარმოდგენა არისო. ამის შემდეგ მშვიდი დაჯერებით შემოხსნა სამყაროს დრო-სივრცის ჟანგმოდებული არტახები და გაოცებული მსმენელების წინაშე პირველად ჩამოაყალიბა თავისი ცნობილი მოძღვრება, რომელიც სქემატურად შეიძლება ამგვარად წარმოვიდგინოთ: არსებობს ერთგვარი „დასაბამი სიცოცხლე“. მისი განსაზღვრა და, საერთოდ, მის შესახებ რაიმეს თქმა შეუძლებელია, რადგან ყოველგვარი ცნება, თავად ადამიანის ბუნების ორგვარობის გამო, საკუთრ თავში გარდაუვალად შეიცავს საპირისპირო ცნებას. არსებობა უეჭველად გულისხმობს არარსებობას, მარადიული - დროებითს, ერთი - მრავალს და ასე შემდეგ. „დასაბამი სიცოცხლე“ კი არ შეიძლება საპირისპირო ცნებას შეიცავდეს. ამიტომ, როცა ვიტყვით, „არსებობს დასაბამი სიცოცხლე“, იქვე უნდა უარვყოთ ამ ნათქვამის შინაარსი. ეს მხოლოდ პირობითი გამოთქმაა, რომლის ერთადერთი მიზანია დუმილი დავარღვიოთ. როგორც კი დუმილს დავარღვევთ, ეს ნათქვამი მაშინვე უკან უნდა წავიღოთ. ასეთია ეგრეთწოდებული „დასაბამი სიცოცხლე“. ცხადია, იგი არც ლოგიკური აუცილებლობიდან გამომდინარეობს და ვერც მათემატიკურად დამტკიცდება. ტაიძისაც, ეტყობა, მხოლოდ იმიტომ დასჭირდა მისი მოხმობა, რომ მოძღვრებისათვის მწყობრი და დასრულებული სახე მიეცა, თორემ წმინდა მეცნიერული სისტემა ამის შემდეგ იწყება. ისეთი მიზეზების გამო, რომელთა შესახებ ჩვენ არაფრის თქმა არ შეგვიძლია, დასაბამი სიცოცხლე განსხეულებისაკენ მიისწრაფვის. ამ მიზნის მისაღწევად იგი პირველ რიგში საკუთარ თავს