უცნაური ბინადრები
გრძნეული პროფესორი, ალბერტ მაშან დე ლორი დაღლილ-დაქანცული მიეგდო ზღარბუნია სავარძელში და მძიმედ ამოიოხრა..
– ფრთხილად, მეგობარო! – წამოიყვირა სავარძელმა და ინსტინქტურად ეკლები წამოშალა.
– უჰ, მაპატიე! დამავიწყდა, რომ ცოცხალი ხარ და გრძნობები გაგაჩნია, – მოუბოდიშა პროფესორმა.
– ასეთები ხართ ადამიანები, ჯერ შეგვქმნით, შემდეგ კი აღარ გვიფრთხილდებით, – კვლავ ამოიბუზღუნა სავარძელმა და ეკალი დაიცხრო.
– მეც მაგას ვეუბნებოდი გუშინ, – თავი წამოჰყო ლაბორატორიის კუთხეში მიყუდებულმა ცოცხმა.
– რას მეუბნებოდი? – იკითხა პროფესორმა ისე, რომ მილულული თვალის ქუთუთოები არც აუხელია.
– რას და, რაც ბოლო შედევრზე დაიწყე მუშაობა, ჩვენ საერთოდ აღარ გვაქცევ ყურადღებას! – თქვა განაწყენებულმა ცოცხმა და ბოლოები გასაბუტად აიბზუა.
– ჩვენც დავიღალეთ, ბატონო ალბერტ! აღარ შეგვიძლია! ჩვენს შინაგანში გამუდმებით რაღაც ბუყბუყებს! – თავი წამოჰყვეს მინის გამჭვირვალე სინჯარებმაც, – ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა დაადგეს საშველი ამ ყველაფერს?..
– მეგობრებო, იქნებ სჯობს, ყველამ თავისი საქმე პირნათლად შეასრულოს, რომ ჰარმონია არ დაირღვეს, – ცოტა არ იყოს, გაბრაზებით შეუღრინა პატრონმა ნივთებს.
– თქვენ რა გიჭირთ! – გაისმა თაგუნიას წრიპინი იატაკის ღრიჭოდან, – ჩვენ, თაგვებმა ვიკითხოთ, რადგან ბატონი პროფესორი ისე არაფერს გამოიგონებს, თუ ჩვენზე ცდა არ ჩაატარა. ხან გენებს გადაგვინერგავს, ხან – ორგანოებს. ერთი სიტყვით, სულ საოპერაციო მაგიდაზე ვართ გაშოტილნი, ხოლო შედეგად ცხოვრების ბოლომდე გაკერილ-ამოკემსილები დავდივართ.
– რა ხდება, ბატონებო, ბოიკოტს მიცხადებთ?! – უკმაყოფილოდ ამოიბუზღუნა ალბერტმა და უკეთესად მოსასვენებლად სავარძელში გვერდი ინაცვლა.
– მუშაობის დაწყების დროა! მუშაობის დაწყების დროა! – თავი გამოჰყო გუგულმა კედლის ძველი საათიდან.
– ამ სახლში ხომ მოსვენებას არავინ გაცლის! – უკმაყოფილოდ ამოიბურტყუნა პროფესორმა და წამოჯდა.
– საქმეს, რომელზეც შენ ხარ შეჭიდებული, ბატონო პროფესორო, ხანგრძლივი დასვენება არ უხდება. დაკარგული დრო ხომ არახდენილი ოცნებების საძირკველია! ფუჭად დაკარგული ყოველი წუთი კი უკან გადადგმული ნაბიჯია, – არ დააყოვნა პასუხი საათმა.
– მართალი ხარ, ჩემო მეგობარო! – ულვაშებში ჩაიცინა ალბერტმა და წამოიმართა.
– თუ მართალი ვარ, დროა, ყველა საქმეს შეუდგეს. შენ, ზღარბუნია სავარძელო, წამოშალე ეკლები, რომ პროფესორმა დაჯდომა ვერ შეძლოს და მუშაობას არ მოსცდეს, შენ კი შენებურად დატრიალდი, ცოცხო, ოთახში, რომ ნაგავმა ხელი არ შეუშალოს პროფესორს შრომაში. სინჯარებო, თქვენც დუღილი განაგრძეთ, რომ ცდამ შედეგი გამოიღოს. თაგუნია, სოროში მოისვენე, რადგან შენს საჭიროებას ჯერჯერობით ვერ ვხედავთ აქ. მე კი დროს დავუდარაჯდები, რომ ფუჭად არ გაგვიფრინდეს.
ალბერტ მაშან დე ლორი საქვეყნოდ ცნობილი კეთილი გრძნეული გახლდათ, რომლის ამბებიც მის გამოგონებებთან დაკავშირებით ლეგენდებად გადარბოდნენ ქვეყნიდან ქვეყანაში, ქალაქიდან – ქალაქსა თუ სოფლიდან – სოფელში.
– გაიგეთ, ხალხნო? მაშან დე ლორს მოლაპარაკე სავარძელი შეუქმნია! _ იტყოდა ერთი.
– ეგ რა არის, თურმე მის ეზოში დარგული ხეები ერთმანეთს ყოველ დილით უმღერიან, – გაეპასუხებოდა მეორე.
– მის ჯადოსნურ ჯოხზე თუ გსმენიათ რამე? თურმე რასაც კი იმ ჯოხით შეეხება, რადაც უნდა, იმად გადააქცევს, – დაამატებდა მესამე.
– კიდევ კარგი, რომ კეთილი კაცია, თორემ წარმოგიდგენიათ, მან რომ თავისი შესაძლებლობები ბოროტად გამოიყენოს, რა მოხდება? – იტყოდა მეოთხე
და ტყუილ-მართალით გაჟღენთილი ლეგენდები ქარისუსწრაფესად ურბენდნენ მთელს სამყაროს და ყოველ მოქალაქეს ალბერტ მაშან დე ლორის სახელი ეკერა პირზე.
თავად პროფესორი კი არად დაგიდევდათ მსგავს მითქმა-მოთქმებს, დღედაღამ თავის ლაბორატორიაში შეკეტილი, ფუტკარივით შრომობდა და ახალ-ახალი გამოგონებებით აცვიფრებდა სამყაროს.
ბაზარში სასიარულოდაც კი არ ჰკარგავდა დროს მოფუსფუსე პროფესორი. მის მიერ გამოყვანილი ძაღლის ჯიში, მწევარი პედრო ჰყავდა ამისთვის განწესებული. პედრო ერთი შეხედვით თითქოს არაფრით გამოირჩეოდა სხვა დანარჩენი მწევრებისაგან და უცნაურსაც ვერაფერს შენიშნავდით, ვიდრე ხორცის გამყიდველთან თავზე კალათაწამოცმული წინა ორი თათით დახლზე დაყრდნობილი მეხორცეს ადამიანურად არ დაელაპარაკებოდა:
– პროფესორ ალბერტს დღეს სამი კილოგრამი მოხარშული ლორი უნდა, სერ!
– ყოველდღე სამ კილოგრამ ლორს როგორ ჭამს პროფესორი, პედრო? – ეკითხებოდა გაოცებული ხორცის გამყიდველი.
– მარტო პროფესორი ხომ არ ჭამს, სერ?.. ჩვენც ხომ მაგ ხორციდან მივირთმევთ ულუფას! – ეტყოდა პედრო თავაზიანად და თან ცოტა ცინიკურად დააყოლებდა: განა ის უფრო საოცარი არ არის, რომ მე, ძაღლი, ადამიანურ ენაზე გესაუბრებით?
გახალისებული მეხორცე ღიმილით აუწონიდა საუკეთესო ნაჭერს და თან ფულის აღებაზეც სასტიკად გაატატანებდა ხელებს:
– როგორ გეკადრებათ, პედრო! პროფესორისგან ფულს როგორ ავიღებ! ის ხომ კეთილ საქმეს ემსახურება... გადაეცით, რომ ჩემთვის დიდი პატივია მის სამსახურში ყოფნა.
პედროც მადლიერებით გაუქიცინებდა კუდს, მადლობას გადაუხდიდა და ახლა სხვა პროდუქტების გამყიდველებისკენ იბრუნებდა პირს.
პროფესორი მარშან დე ლორი საკმაოდ ხანდაზმული გახლდათ. თავისი საქმიანობის გადამკიდე, რადგან უცოლოდ და, შესაბამისად, უშვილოდაც დარჩენილიყო, გადაწყვიტა, სიბერეში თავად შეექმნა თავისი მემკვიდრე, რომელიც თავისი შვილიც იქნებოდა და თავისი საქმის გამგრძელებელიც. თუმცა, მისი სიბერის გადამკიდეს, არ უნდოდა, ბავშვი ჩვილი ყოფილიყო, რადგან თვითონაც ხომ უნდა მოსწრებოდა მის გაზრდა-დავაჟკაცებას! ამიტომაც შეარჩია ასაკი თოთხმეთი-თხუთმეტი წლის შესაბამისი გარეგნობისა და მუშაობას შეუდგა.
თავისი სასწაულებრივი გონებისა და გამრჯე ხელების შედეგად ერთი წლის თავზე თვით პროფესორისთვისაც მოულოდნელი იყო ის შედეგი, რაც მან თავად იხილა. მის წინ ჯანსაღი, გონებამახვილი, სხარტი მანევრირების, მოქნილი აღნაგობისა და გრძნეული თვისებებით აღჭურვილი ჭაბუკი იდგა, რომელიც მომავლის იმედს უნერგავდა მოხუც მამობილს.
– რა საოცარი ვინმეა?! – აღტაცება ვერ დამალა პედრომ და ახლად გამოძერწილ ჭაბუკს გულზე მხიარულად შეახტა.
– დრო ტყუილუბრალოდ არ დაგვიხარჯავს! – კმაყოფილმა ამოიღიღინა კედლის საათმაც და სამრეკლო ზარი ექვჯერ ჩამოჰკრა.
– ეს მისი დაბადების ჟამია, დაიმახსოვრეთ! – გამოაცხადა კედლის საათის გუგულმა საზეიმოდ.
– რა ჰქვია ამ დიდებულ ჭაბუკს? – იკითხა ხმაურზე სოროდან გამომძვრალმა თაგუნამ, რომელიც, სხვების მსგავსად, ემოციას ვერ მალავდა.
– მართლაც... რა ჰქვია? – თავი მოიქექა ჭკვიანმა პროფესორმა და ჩაფიქრდა. მხოლოდ ახლა გაახსენდა, რომ ასეთ ქმნილებას აუცილებლად სჭირდებოდა სახელი.
ყველა ერთად ჩაფიქრდა. ახალ უფლისწულს სახელი აუცილებლად უნდა ჰქონოდა.
– მართალი კაცი დე ლორებიდან! – წამოიძახა უცებ პროფესორმა, – სწორედ ეს სახელი შეეფერება ჩემს ვაჟკაცს, რადგან მართლაც შთაგონებით შევქმენი იგი. ის უზომოდ ძლიერი, მართალი და გველივით გრძნეულია! მართალია, ჯერ მსგავსი არაფერი შემინიშნავს მასში, მაგრამ სხვანაირად როგორ იქნება! მე ხომ ასეთად შევქმენი ის! – ხმამაღლა მსჯელობდა გენიოსი პროფესორი და თან, აღტაცებული, თვალს არ აშორებდა რაიჩეზ მენს.
– მართალი კაცი დე ლორებიდან! – პირველად გახსნა ბაგე სალაპარაკოდ რაიჩეზმა და გარემოს ამაყი მზერა მოავლო.
– რაიჩეზ მენი დე ლორებიდან, რაიჩეზ მენი დე ლორებიდან! – ახმაურდა მთელი სახლი ერთად და ვისაც როგორ შეეძლო, ისე აცეკვდა.
– რაიჩეზ მენ! ჩემო ბიჭო! – აღმოხდა ცრემლმოძალებულ პროფესორს და შვილი გულში ჩაიკრა.