"სევდა PARTY" - იმერულად ლაცაბიძეების ეზოში აუარებელ ხალხს მოეყარა თავი. დღეს ოჯახის უფროსის 90 წელს გადაცილებული ე. წ. ბედშავი ალიოშას დაკრძალვის დღე გახლდათ. რომელიც, როგორც ჭირისუფლები იტყოდნენ, - „ რომ არა უბედური შემთხვევა, ვინ იცის კიდო რამდენჯერ შემოაბრუნებდა თავისი ცხოვრების წისქვილის დოლაბს ” . ხო, ასე ამბობდნენ, თორემ რაღა დოლაბის შემომბრუნებელი იყო ეს ქიშმიშივით ჩამომჭკნარი, ყურთასმენა დაკარგული, ნახევრად დაბრმავებული და საცოვადავად მოფამფალებული ალიოშა ლაცაბიძე, რომელსაც ყველა სიკეთესთან ერთად „ სკლეროზიც “ დამართნოდა და საკმარისი იყო, თვალი გადაგეცილებინა საცოდავისთვის, რომ დროს იხელთებდა, ოთახიდან „ გაშპებოდა ” აივანზე, „ განავარდდებოდა ” , მუხლს მოიმზადებდა და ისეთი სისწრაფით გაიჭრებოდა ნებას მიშვებული, რომ ეგეთი სისწრაფე დამფრთხალ კურდღელს რომ განევითარებინა, ნამდვილად კუ გეგონებოდათ...
ხო, მიჩლატუნობდა, მიფხაკუნობდა, მიკანკალობდა, მიბანცალობდა და რა ვიცი კიდევ რა დავარქვა მის თავაწყვეტილ ქროლვას, რომლის წყალობითაც ასერიგად ცდილობდა რაღაცას თუ ვიღაცას დაუყოვნებლივ გასცლოდა გონებადამშრალი კაცი და სადღაც უსასრულობაში ჩამალვას ესწრაფვოდა.
შვიდი დღის უკანაც (როგორც სჩვეოდა), სწორედ ასე იხელთა დრო, სწორედ ისე გაშპა აივანზე, სწორედ ისე გაინავარდა, ჩვეულებისამებრ გაიმზადა მუხლი უსწრაფესი ქროლვისათვის; და აჰა, მოსწყდა კიდეც ადგილს, რომ...
ოჯახის წევრები კიბეზე დაგორებული მოხუცის ბრახაბრუხმა გამოახედა...
„ თავზარი დაეცა “ ლაცაბიძეების ოჯახს.
1. ჩამოექცათ ჭერი თავზე.
2. დაენგრათ ფუძე.
3. არ დაინდო ბედმა.
4. მოუკვდათ მარჩენალი მამა და ა. შ.
მაგრამ ერთ რამეში ვერ გაერკვნენ მხოლოდ: კიბეებზე დაგორებამდე მოკვდა ცხონებული თუ კიბეებზე დაგორების შემდეგ.
მომხდარის შედეგად შეკრებილი საზოგადოებაც ორად გაიყო. ნაწილი ერთ მოსაზრებას უჭერდა მხარს ნაწილი - მეორეს.
შუბლშეჭმუხნულნი ბჭობდნენ. ერთმანეთში დაობდნენ. კამათობდნენ. ეთანხმებოდნენ კიდეც ერთმანეთს... თუმცა ამ ყველაფერს თვით ალიოშასთვის არაფერი მნიშვნელობა არ ჰქონდა. რა აზრი ჰქონდა მისთვის, კიბეებზე დაგორებამდე მოკვდა თუ მის შემდეგ, მთავარი იყო, რომ მოკვდა და აქამდე ყოველგვარ ყურადღებას მოკლებული გამოთაყვანებული ბერიკაცი - ყველას ყურადღების ცენტრში მოქცეულიყო ღრმად პატივცემული, ბატონი ალიოშა ლაცაბიძის სახელწოდებით.
ჭირისუფლები ტრაგიკულ მოვლენად ნათლავდნენ მომხდარ უბედურებას, რათა უფრო მეტი სიბრალული აღეძრათ იქ დამსწრე საზოგადოებისათვის და მეტად შთამბეჭდავი გაეხადა მათი გულის ასაჩუყებლად.
- რეია, რო გაჩუმებულხარ ალიოშაა... - მოთქმით ტიროდა გარდაცვლილის მეუღლე - ბებია ლოლა.
- ამეიღე ხმა, ბიჭო!.. გაშალე ფრთები შენებურააად.., დაუარე არემარეს მერცხალივით, ბიჭოო... რამ გაგიქვავა მაგ ენა პირში, შე უბედუროოო, თქვი რამე, შე უნამუსოო... გეიხსენე, რავა "ტლიკინებდი", ქე რო რამეს გეტყოდი ხოლმე ბიჭოო... რა დროის შენი სიკვდილი იყო, ალიოშაა... აი, ბეჟანია არევაძე შენი კბილა ხომაა, რომ დგას აგერ, რეიზა უნდა გტიროდეს ახლა მაგი შენ, შე ჩერჩეტოოო, მარა თავში ტვინი არა გაქვს და რა უნდა გელაპარაკოოო...
ალიოშას კბილა ბეჟანია არევაძე, მართალია ვერ ჩაწვდა გამწარებული ჭირისუფლის მაღალფარდოვან ლოგიკას, მაგრამ სხვებმა კი ჩუმად ჩაიქირქილეს, ჩაიფრუტუნეს, ჩაიკისკისეს...
რა გაცინებს? რა ვთქვი ახლა აქ ისეთი სასაცილო? იმის მაგივრად, რომ ცრემლად იღვრებოდე, - იცინი? მაცალე, ახლავე აგიჩუყებ მაგ ქვის გულს. უსმინე, როგორ აგრძელებს მოთქმას ლოლა ბებია:
- რეიზა დემიტოვე ბოვშები ობლად, შე მოღალატეევ!.. შეხედე, ბიჭო, რა დღეშია შენი მურთაზაა!.. რატომ დემიობლე ბოვშები, ალიოშაა...
ისევ შენ მოგმართავ: გახედე იმ კაცს, კარების შემოსასვლელში რომ დგას, „ შტოფივით ” ჩამდგარი, სქელი ულვაშით, ეგ არის ის ობოლი მურთაზა. საწყალ "ბავშვს ” სამოცი წელი ესესაა შეუსრულდა. ვინ იფიქრებდა მის დაობლებას, მაგრამ რას იზამ "ეს ისეთი „ აქლემია ” , როდის ვის კართან დაიჩოქებს, არავინ იცის". ხოდა, ობოლი მურთაზაც ტირის, გულამოხეთქილი ტირის, სხვა რა დარჩენია საწყალს...
ააა, შენც აგიჩუყდა გული?! ცრემლს ვერ იკავებ? ჯერ სად ხარ, ტირილი აწი ნახე...
- რა გაბღავლებს, შე კაცო! - მუჯლუგუნი წაჰკრა გაწიწმატებულმა ცოლმა, აფშლუკუნებულ ქმარს, - პატარა, თავი რომ შეიკავო, არ შეგიძლია? რაია, რომ დააღე მაგ პირი "მკვტარი ვირივით"?!
- რას ქვია, რა მატირებს?! - შეიცხადა „ ობლის კვერნაჭამმა ” , - ვერ ხედავ დავობლდი, გოგო?! - თავში წაიშინა ხელები გულაჩუყებულმა მურთაზამ და ისე გამოითქვიფა „ ადესა ” ღვინისგან გამობრუჟული თავ-პირი, რომ ათი კაცის ნაცემი გეგონებოდათ.
- დაობლდი თვარა, დარჩი შენც ძუძუმწოვარა... - ნიშნის მოგებით აიბზუა ტუჩი ცოლმა.
- რა დროს ძუძუა, გოგო, ახლა მაგის დროა?! მამა აღარ მყავს, არა, დევიღუპეე...
მურთაზას