ბედნიერი იყო ის ვინც ეზოს ერთადერთ საპირფარეშოში პირველი შეასწრებდა, თორემ მერე გაიმართებოდა რიგი და ატყდებოდა აქაც ერთი გნიასი, ლანძღვა, „გამოდი-ჩავიფსის“ ძახილი და სიცილ- ხარხარი.
ჭირიც საერთო ჰქონდათ და ლხინიც. ვინმეს სადღაც შორეული ნათესავიც რომ გარდცვლოდა, მთელი სამეზობლო, მომდურავიც და მოლაპარაკეც ერთად შეიკრიბებოდა და ცხრა მთას იქით რომ ჰყოლოდათ მეზობელი დასაფასებელი იქ ჩააკითხავდნენ.
ჰო, უცნაურია იტალიური ეზოს ყოფაც, ცხოვრებაც და ისტორიებიც . კიდეც ჩხუბობენ და კიდეც ეფერებიან ერთმანეთს, კიდეც მღერიან და კიდეც ტირიან, მაგრამ ეს ყველაფერი საერთო აქვთ...
ვიდრე თანამედროვე იტალიური ეზოს ამბის თხრობას დავიწყებდე , მინდა ცოტა რამ წავუმძღვანიო წინ არსებულ ეზოს ძველი ისტორიიდან.
ერთი დღეც იყო და:
- ტფუუ, შენი აქ დამდების დედა ვატირე! - გაისმა ჯუჯღუნა ჯემალას ავლაბრულად დახვეწილი გინება ფურთხების „მისტიურ“ ფონზე. -ეს რკინები ვინ დაყარა აქ, ასე შეიძლება კაცო? კინაღამ კისერი არ წავიმტვრიე?! - ღრენდა ნაბახუსევი ჯემალა და თან თავის სახლის კარიდან ოდნავ მოშორებით მიყრილ რკინის ნაჭრებს გამწარებული ერთ კუთხეში აგროვებდა.
-შენ არ მოათრიე ეგ რკინები გუშინ ბიჭო? - ჩამოსძახა ეზოში აკრიახებულ 55 წლის ‘ბიჭს“ ფანჯრის თაროზე შემომდგარმა, მისივე ტოლმა, ციალამ, მესამე სართულიდან, თან ფანჯრის მინებს (პირით) ორთქლავდა და წმენდდა.., ორთქლავდა და წმენდდა...
- ვა, მე მოვათრიე?!- ეჭვში ჩავარდა ჯემალა და სახე უკმაყოფილოდ დაეღრიჯა.
- უფრო სწორედ შენ მოგათრიეს გუშინ მაგ რკინებთან ერთად. ისეთი მთვრალი იყავი ზამბარასავით იგრიხებოდი. გაწყდნენ საწყალი ბიჭები წელში ცალკე შენი თრევით, ცალკე - მაგ ხარახურის. - კვლავ გაეპასუხა ციალა და თან ორთქლავს - წმენდს.., ორთქლავს - წმენდს... და ისეთი ხმაურით ორთქლავდა, რომ ალბათ მისი დაბადებისას რომ განეჭვრიტათ მისი ფილტვების სიმკვირცხლე აუცილებლად „ორთქლმავალას“ ჩაუწერდნენ დაბადების მოწმობაში.
-ვა, ეგეთი მთვრალი ვიყავი? არ მახსოვს...
-რომ გხსომებოდა გასაკვირი ის იქნებოდა, ჩემო ჯემალ! ეგრე დათრობა შეიძლება ? –( ნეტავ საიდან ჰქონდა ამ გალეულ ქალბატონს ამდენი ენერგია, რომ თან ორთქლავდა, თან წმენდდა და თანაც ჯემალას ელაპარაკებოდა... )
-ვახ, როგორ დავმთვრალვარ?! მაგრამ, თუ იმ ბიჭებმა მოგვათრიეს მეც და ჩემი რკინებიც, გამოდის, რომ ეს რკინები აქ მე არ დამიყრია... -
- მერე მაგით რისი თქმა გინდა ჯემალ?
- რისი თქმა მინდა და ამ რკინების აქ დამყრელის დედა ვატირე მე... აქ სად დაუყრიათ, კინაღამ კისერი არ წავიტეხე, კაცო? - გააგრძელა ჯუჯღუნი ზუსტი ინფორმაციის მიღებით უკვე კმაყოფილმა ჯემალამ.