მისის დოლოევი
მისის დოლოვეიმ თქვა, რომ ყვავილებს თვითონ იყიდდა.
ლუსის აუარებელი საქმე ჰქონდა. სახლში ყველა კარი უნდა ჩამოეხსნათ. რამპლმაიერის მოსამსახურეები მალე მოვიდოდნენ. რა მშვენიერი დილაა! როგორ გაიხარებენ სანაპიროზე ბავშვები, თითქოს მათთვის გათენდა, - გაიფიქრა კლარისა დოლოვეიმ.
რა კარგია! თითქოს იძირები! ყოველთვის ასეთი შეგრძნება ეუფლებოდა, როდესაც ბორტონში დილაობით ანჯამების ოდნავი ჭრიალით გამოაღებდა ტერასის დიდ, შემინულ კარს. მისი ჭრიალი ახლაც კი ჩაესმოდა. ეჩვენებოდა, რომ გრილი ჰაერის ტალღებში იძირებოდა. მაშინ უფრო გრილი, მშვიდი ნიავი ქროდა, ვიდრე ახლა. ადრეული დილის ჰაერი ტალღასავით ხმიანობდა, სასიამოვნოდ ელამუნებოდა და ეალერსებოდა. სუსხიანი იყო, თუმცა, დიდებული შეგრძნებით ავსებდა (მაშინ თვრამეტი წლის იყო). ფართოდ გამოღებული კარის წინ მდგარს ეჩვენებოდა, რომ რაღაც საშინელება მოხდებოდა. გასცქეროდა ყვავილებსა და ხეებს, რომლებზეც ქულებად დაფენილი ნისლი ზანტად იფანტებოდა. ჭილყვავები ცაში კამარას კრავდნენ და ისევ მიწაზე ეშვებოდნენ. მონუსხული კლარისა ლამაზ პეიზაჟს თვალს ვერ სწყვეტდა. პიტერ უოლშმა უთხრა: „კომბოსტოებს გასცქერით და ოცნებობთო?“ ასე უთხრა? „კომბოსტოებს მე ადამიანები მირჩევნია“. ასე არა? მგონი, ეს იმ დილით მოხდა, როდესაც ნასაუზმევს კლარისა ტერასაზე გავიდა. პიტერ უოლში მალე (ივნისში ან ივლისში) ინდოეთიდან ჩამოვიდოდა. ძალიან მოსაწყენ წერილებს სწერდა. კლარისას მისი სიტყვები, თვალები, ჯაყვა, ღიმილი და ბუზღუნი ახსოვდა. რა უცნაური იყო! იმდენი რამ სამუდამოდ დაავიწყდა, მაგრამ ის კი ახსოვდა, რაც მან კომბოსტოებზე უთხრა.
კლარისა ტროტუარს მიუახლოვდა და წელში გასწორდა. ელოდა, როდის ჩაივლიდა მანქანა, რომ ქუჩა გადაეკვეთა.
მომხიბლავი ქალია, - გაიფიქრა სქროუფ პერვისმა (ის ისე იცნობდა მას, როგორც ვესტმინსტერელები იცნობდნენ თავიანთ მეზობლებს). კლარისა ჩიტს, მომწვანო-მოცისფრო ჩხიკვს ჰგავდა. მსუბუქად, ცოცხლად მიაბიჯებდა, სიცოცხლით აღსავსე იყო, მიუხედავად იმისა, რომ ორმოცდაათ წელს გადააბიჯა და ავადმყოფობის შემდეგ თითქმის სულ გაჭაღარავდა. კლარისა ტროტუარზე წელში გამართული იდგა და მას ვერ ამჩნევდა. ელოდა, როდის ჩაივლიდა მანქანა.
როცა ვესტმინსტერში ცხოვრობ (მაინც, რამდენი ხანი? უკვე ოც წელიწადზე მეტი) რამდენიმე წამით ადრე, ვიდრე ბიგ-ბენის ხმა გაისმება, საოცარი სიჩუმე ისადგურებს. დიდებული შეგრძნება გეუფლება. დრო ჩერდება. ამას მაშინაც კი გრძნობ, როცა შუაღამისას გეღვიძება (კლარისა ამაში დარწმუნებული იყო). ამ საოცარ მდუმარებას ქუჩის ხმაურიც კი ვერ არღვევს (არ იცოდა, რა ეწოდებინა ამ დიდებული შეგრძნებისათვის. იქნებ იმიტომ ისადგურებდა ასეთი მდუმარება, რომ მისი გული ფეთქვას წყვეტდა? მან ხომ გრიპით იავადმყოფა). მდუმარებაში შთანთქმული, სულგანაბული დგახარ და ბიგ-ბენიც რეკავს! ჯერ ერთგვარი პრელუდია გაისმის, გაფრთხილებასავით, შემდეგ კი საათის განუმეორებელი ხმა. ტყვიის ციფერბლატი თითქოს ჰაერში დნება. რა უგუნურები ვართ, - ფიქრობდა კლარისა დოლოვეი, როცა ვიქტორია-სტრიტზე გადადიოდა. მხოლოდ ღმერთმა იცის, რატომ გვიყვარს ყოველივე ეს ასე ძალიან, რატომ გვეუფლება ასეთი შეგრძნება. ფიქრებში ყოველწამიერად ვანგრევთ და ვაშენებთ მას. ღარიბ, უშნო, ცხოვრებისგან გათელილ და კარის ზღურბლზე მჯდომ ქალებსაც ასეთივე შეგრძნება ეუფლება (ბევრ მათგანს სასმელმა მოუღო ბოლო): მათ კანონები ვერ შეცვლის, რადგან სიცოცხლე უყვართ. გამვლელების მზერა, რხევა, ქუსლების კაკუნი, შრიალი, შარიშური, ეტლების, ავტომობილებისა და ომნიბუსების გრუხუნი, ხმაური, სენდვიჩმენების ფეხების ბაკუნი და რწევა, სასულე ორკესტრი, არღნის ჟღრიალი, აეროპლანის უცნაური ზუზუნი - ეს იყო ის, რაც კლარისას ძალიან უყვარდა, - სიცოცხლე; ლონდონი. ივნისის ეს წამი.
შუა ივნისი იდგა. ომი მისის ფოქსკროფტის გარდა ყველასთვის დასრულდა. გუშინ, საღამოს, საელჩოში მივიდა, ძალიან ღელავდა, რადგან საყვარელი ბიჭი ომში დაეღუპა და ახლა ძველი საგვარეულო სახლი მის ბიძაშვილს დარჩებოდა. ომი არც ლედი ბექსბოროსათვის დასრულებულა. როგორც ამბობენ, საქველმოქმედო ბაზრობა ხელში ჯონის, მისი რჩეულის, დაღუპვის მაუწყებელი ტელეგრამით გაუხსნია. ყველაფერი დასრულდა. მადლობა ღმერთს, ყველაფერი დასრულდა! ივნისის ამ მშვენიერ დღეს მეფე და დედოფალი სასახლეში იყვნენ. ჯერ კიდევ ძალიან ადრე იყო, თუმცა, ლორდსიდან, ესკოტიდან და რენილედან პონების შორეული ჭიხვინი და კრიკეტის ჯოხების კაკუნი მოისმოდა. ყველაფერი დილის მორუხო-მოცისფრო, მკრთალ ნათელში გახვეულიყო, თუმცა, მალე გაშუადღდებოდა, ეს საოცარი ფერები უკვალოდ გაქრებოდა და პონები მოედანზე სირბილს დაიწყებდნენ, ჩლიქებს მიწას დაჰკრავდნენ და ელვის სისწრაფით გაიჭრებოდნენ წინ. იჯირითებდნენ ბიჭები და მუსლინის კაბებში გამოწყობილი გოგონები, რომლებმაც ალბათ, მთელი ღამე იცეკვეს და ახლა სასაცილო, ხუჭუჭა ძაღლებს დაასეირნებდნენ. და უკვე ამ დილაადრიან კეთილგონიერი და მედიდური მდიდარი მოხუცი ქვრივები მანქანებში სხდებოდნენ და საიდუმლო შეხვედრებზე მიიჩქაროდნენ. ვაჭრები მაღაზიების ვიტრინებში ბიჟუტერიასა და ბრილიანტებს, ძველებურ ბუდეებში ჩასმულ ლამაზ გულსაბნევებს აწყობდნენ ამერიკელების მისაზიდად (მაგრამ კლარისას ფული არ უნდა გაეფლანგა და ცხელ გულზე ეს ლამაზი ნივთები