ცნობიერების ნაკადის ვირტუოზი და
სტილის დიდოსტატი
ვირჯინია ვულფის შემოქმედებამ წარუშლელი კვალი დატოვა ინგლისურ და მსოფლიო ლიტერატურაზე. თვით მისი სტილი იყო ახალი სიტყვა ხელოვნებაში. ფორმისა და ენის ოსტატურად ფლობა, თხრობის ახალი ხერხები, სრულიად განსხვავებული ხედვა, ენობრივ-სტილისტური ექსპერიმენტები და გამომსახველობითი საშუალებების დაუღალავი ძიება გახდა საწინდარი იმისა, რომ ამ ბრწყინვალე მწერალმა საუკუნოდ დაიმკვიდრა ადგილი ლიტერატურის ოქროს ფონდში. ავტორმა თავი ისახელა მოდერნისტთა პლეადაში და უდიდესი წვლილი მიუძღვის „ცნობიერების ნაკადის“, როგორც ლიტერატურული სტილის (შეიძლება, ითქვას, მიმდინარეობის) დამკვიდრებასა და განვითარებაში.
შესავალში აუცილებლად უნდა ვთქვათ ორიოდე სიტყვა კალმოსნის სტილისტურ თავისებურებებსა და უცნაურობებზე. ვირჯინია ვულფი განგებ არღვევს პუნქტუაციისა და სინტაქსის ნორმებს; ხშირად იყენებს რამდენიმე „და“ კავშირს ერთ წინადადებაში. ზოგჯერ ხუთ-ექვს ასეთ კავშირს შეხვდებით ერთ ფრაზაში. იგი ამით უპირისპირდება დამკვიდრებულ წესს და ნოვატორულ ხედვას გვთავაზობს.
შეგნებულად ცვლის სიტყვათა წყობას ძალიან უცნაურად. ზოგჯერ „ატრიალებს“ ფრაზას და ასე ვთქვათ, „უკუღმა“ იწყებს წერას. ძალიან ხშირად სვამს მძიმეს „და“ კავშირის წინ და მის შემდეგაც. ესეც მისი ენობრივი ექსპერიმენტის განუყოფელი ნაწილია. რაკი ვირჯინია ცნობიერების ნაკადის მიმდინარეობის წარმომადგენელია, არა აქვს ტრადიციული პუნქტუაციით „შემკული“ ფრაზები. იქ, სადაც კლასიკოსი მწერალი წერტილს სვამს, ვულფი მძიმეს ან წერტილ-მძიმეს იყენებს. მართალია, წინადადება აზრობრივად მთავრდება და ლოგიკურად, წერტილიც უნდა დაისვას, თუმცა ავტორი არც ამ წესს არ იცავს და თავისებურ პუნქტუაციას გვთავაზობს - მძიმით ან ტირეთი „გადააბამს“ ხოლმე წინადადებებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ძალიან ხშირად იყენებს წერტილ-მძიმეს წერტილის ნაცვლად. ამგვარად, მკითხველს რჩება შთაბეჭდილება, რომ ვულფი განგებ არ „ატევს“ აზრს ერთ წინადადებაში და ზედიზედ რამდენიმე ფრაზაში აქსოვს.
მწერალი ბრჭყალებში არ სვამს პერსონაჟების ფიქრებს, შინაგან მონოლოგებს. ავტორისა და გმირის ფიქრებიცა და აზრებიც ხშირად „ირევა“ ერთმანეთში; მკითხველს უჭირს იმის მიხვედრა, ეს ვირჯინიას აზრი და „ხმაა“ თუ რომანის პერსონაჟისა. ავტორი განგებ ქმნის ამ ორაზროვნებასა და ბუნდოვანებას, რომელიც ესოდენ ნიშნეულია მოდერნისტული რომანისათვის. მაგალითად, წერს ასე: რა მშვენიერია, გაიფიქრა პიტერმა, თვალწარმტაცი... როგორც ვხედავთ, პირდაპირ, ყოველგვარი ბრჭყალების გარეშე გადმოგვცემს გმირის ფიქრს. მიშველეთ! მიშველეთ! უნდოდა, დაეკივლა ლუკრეციას...
მკითხველი არ უნდა გააოცოს თხრობის კიდევ ერთმა თავისებურებამ: პერსონაჟები ძალიან ხშირად ლაპარაკობენ და ფიქრობენ საკუთარ თავზე (და ერთმანეთზეც) მესამე პირში. ესეც ვულფის სტილისტური ექსპერიმენტი და ახალი გამომსახველობითი საშუალებების ძიების შედეგად ნაპოვნი ხერხია. როცა მისის დელოუეი თავის მოახლეს, ლიუსის ეკითხება: „როგორ მოგეწონათ წუხანდელი წამოდგენა? ისიამოვნეთ?“, ქალი ასეთ პასუხს აძლევს: „ო! დამთავრებამდე კარგა ხნით ადრე წამოსვლა მოუხდათ“, მიუგო მოახლემ (არა „მოგვიხდა“, არამედ „მოუხდათ“); „ათ საათზე უნდა დაბრუნებულიყვნენ შინ!“, დასძინა მან (არა „დავბრუნებულიყავით“, არამედ „დაბრუნებულიყვნენ“); „ამიტომაც არ იციან, რა მოხდა, როგორ დასრულდა სპექტაკლი“, თქვა ლიუსიმ (არა „ვიცით“, არამედ „იციან“). აღსანიშნავია ერთ აბზაცში ზედიზედ რამდენჯერმე გამოყენებული შემდეგი სიტყვები: „მიუგო“, „დასძინა“, „თქვა“. მწერალი არ გვთავაზობს ერთ მთლიან ფრაზას და მის ბოლოში არ წერს ერთ სიტყვას: „თქვა“, ან „მიუგო“, ან „უპასუხა“. ვულფი რამდენიმე პატარა წინადადებად ჰყოფს ერთ ფრაზას, ანაწევრებს, „აქუცმაცებს“ და ყველა მათგანს ბოლოში დაურთავს: „თქვა მან“, „უთხრა“, „უპასუხა“, „მიუგო“ და ა.შ.
პერსონაჟთა დიალოგები ტირეებით კი არაა გამოყოფილი, არამედ ბრჭყალებშია ჩასმული. თითქოს ეს დიალოგი კი არა, დაუსრულებელი შინაგანი მონოლოგია. მწერალი ხშირად „ჩაურთავს“ ერთ წინადადებას მეორის შუაგულში და ტირეებით გამოჰყოფს. მაგალითად, წერს ასე: „გაიფიქრა, - წიგნაკი რომ აიღო, - ასეთი წუთები...“. არ წერს ასე: „წიგნაკი რომ აიღო, გაიფიქრა...“ ასე ვთქვათ, განგებ „ამტვრევს“ და „ამსხვრევს“ სინტაქსს; არ გვთავაზობს კარგად „დავარცხნილ“ და „კოპწია“ წინადადებებს.
ვულფი უმდიდრესი ლექსიკით გამოირჩევა. ხშირად იყენებს უცნაურ შედარებებს, ჰიპერბოლებს, ასოციაციებს, მეტაფორებს, გაპიროვნებას, ჰენდიადისს და ა.შ. ენა ძალზე მაღალფარდოვანი, მძიმე, ხატოვანი, ღვლარჭნილი და მაღალმხატვრულად რთულია; ზოგჯერ ძალზე მდოვრედ მიედინება თხრობა, ზოგჯერ - საოცრად ლაღად.
მისი სტილის კიდევ ერთი დამახასიათებელი ნიშანი, მისი ერთგვარი ხელწერა ისიცაა, რომ ხშირად იწყებს წინადადებას ამ მაერთებელი კავშირებით: „და“, „მაგრამ“, „თუმცა“, „კი, მაგრამ“, „თუმცაღა“, „რამეთუ“, „რახან“, „რაკი“, „რადგან“, „ჰოდა“, „მიუხედავად ამისა“ და ასე შემდეგ.
„მისის დელოუეი“ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაწარმოებია ვირჯინიას შემოქმედებაში. რომანი 1925 წელს გამოქვეყნდა და უმალ მოიპოვა აღიარება. „თაიმზმა“ ეს მოდერნისტული შედევრი ას საუკეთესო ინგლისურენოვან წიგნს შორის დაასახელა.
რატომაა განსაკუთრებული „მისის დელოუეი“? უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია თხრობის ერთიანობის, მოქმედების, ადგილისა და დროის მთლიანობის პრინციპის დარღვევა, არატრადიციული ნარატიული სტილი, დარღვეული პუნქტუაცია, „დამსხვრეული“ სინტაქსი და წერის სრულიად ნოვატორული ტექნიკა. რომანი ერთ ლონდონურ დღეს