ჟორჟ სიმენონი (1903-1989)
ფრანგულენოვანი ბელგიელი მწერალი ჟორჟ ჟოზეფ ქრისტიან სიმენონი ბელგიის ქალაქ ლიეჟში, სადაზღვევო კომპანიის მოკრძალებული თანამშრომლის ოჯახში დაიბადა. თავდაპირველად ჟურნალისტიკას მოჰკიდა ხელი და ჯერ კიდევ კოლეჯში სწავლისას ლიეჟის გაზეთის პოლიციური ქრონიკისთვის წერას მიჰყო ხელი. მამის მძიმედ დასნეულების გამო სწავლის დასრულება ვერ მოახერხა, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ, სამხედრო სამსახური გაიარა, ხოლო 1922 წელს პარიზში გადავიდა საცხოვრებლად.
გარკვეულ ხანს კვლავ პრესასთან თანამშრომლობით ირჩენდა თავს, გატაცებით კითხულობდა იმ დროს პოპულარულ რომანებსა და საგაზეთო სასამართლო ქრონიკის მასალებს, ერთ მშვენიერ დღეს კი გადაწყვიტა, რომ შეეძლო, სხვაზე არანაკლები წარმატებით დაეწერა რომანი. ჩანაფიქრი საკმაოდ სწრაფად განახორციელა და 1924 წელს თავისი პირველი თხზულება - „მემანქანე ქალის რომანი“ გამოსცა.
პირველ ხანებში ჟორჟ სიმის ფსევდონიმს იყენებდა, სულ კი, 10 წლის განმავლობაში 16 გამოიცვალა და ათობით რომანი და მოთხრობა დაწერა. სახელგანთქმული კომისარი მეგრე მის შემოქმედებაში 1929 წელს გამოჩნდა, როცა დაწერა დღეს ნაკლებად ცნობილი რომანი „პიტერ ლატვიელი“. ამ რომანის დაწერას სიმენონმა სულ რაღაც 6 დღე მოანდომა, მომდევნო 5 რომანი კი - ერთ თვეში შეთხზა. საბოლოოდ, ე.წ. „მეგრეს ციკლის“ ნაწარმოებთა რაოდენობამ 80-ს მიაღწია, ხოლო კომისრის სახემ იმხელა პოპულარობა მოიპოვა, რომ მეგრეს მშობლიურ ქალაქად დასახელებულ დელფზეილში მისი ბრინჯაოს ქანდაკება დაიდგა და გახსნის საზეიმო ცერემონიაზე ბურგომისტრმა მწერალს გადასცა დაბადების მოწმობა, რომელშიც ჩაწერილი იყო: „ჟიულ მეგრე, დაბადების ადგილი - დელფზეილი, მამა – ჟორჟ სიმენონი, დედა უცნობია...“
მწერალი თავის სახელგანთქმულ გმირს 40 წელზე მეტხანს არ დაშორებია: ამ სერიის პირველი რომანი 1931 წელს გამოიცა, ბოლო - „მეგრე და მესიე შარლი“ კი - 1972-ში.
მიუხედავად ამისა, სიმენონი უფრო მეტად, თავის ფსიქოლოგიურ თხზულებებს აფასებდა, რომლებსაც „ძნელ“ რომანებს უწოდებდა. ესენია: „მატარებელი“, „ჭუჭყი თოვლზე“ (ან „თოვლი ჭუჭყიანი იყო“), „მატარებელი ვენეციიდან“, „პრეზიდენტი“. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში დეტექტივის დიდოსტატმა აგრეთვე დაწერა ავტობიოგრაფიული ნაშრომები: „ჩემი კარნახით“, „წერილი ჩემს დედას“, „უბრალო ადამიანები“, „ჩრდილოეთის ქარი, სამხრეთის ქარი“. 1981 წელს გამოცემულ „ინტიმურ დღიურებში“ მკითხველს საკუთარ ოჯახურ ტრაგედიაზე - მისი 25 წლის ქალიშვილის, მარი-ჟოს თვითმკვლელობაზე მოუთხრობს და ამ საბედისწერო ნაბიჯის საკუთარ ვერსიას უზიარებს.
ჟორჟ სიმენონი XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი მწერალი გახლდათ. მას შეეძლო, დღეში 80-მდე გვერდი დაეწერა. სიცოცხლის განმავლობაში ოთხ ასეულზე მეტი წიგნი დაწერა.
შემოქმედი ბევრს მოგზაურობდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1955 წლამდე აშშ-სა და კანადაში ცხოვრობდა, შემდგომ - ჯერ საფრანგეთში (კანში) დაბრუნდა, 1957 წელს კი საცხოვრებლად შვეიცარიაში (ლოზანაში) გადავიდა, სადაც 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.