ბერჟერაკელი მანიაკი -
I -
მგზავრი, რომელიც ვერ იძინებდა ყველაფერი შემთხვევითობაა! ჯერ კიდევ გუშინ მეგრემ თავადაც არ იცოდა, რომ გაემგზავრებოდა. მაგრამ დადგა დრო, როცა პარიზი ნერვებს უწეწავდა: მარტი გაზაფხულის სურნელით, ნათელი და უკვე თბილი მზით.
მადამ მეგრე რამდენიმე კვირით ელზასს გაემგზავრა დასთან, რომელსაც მალე უნდა ემშობიარა.
მაშ ასე, ოთხშაბათ დილით კომისარმა წერილი მიიღო ყოფილი კოლეგისგან. ისინი ერთად მუშაობდნენ კრიმინალურ პოლიციაში, ორი წლის წინ კი კოლეგა პენსიაზე გავიდა და დორდონში დაფუძნდა.
„...ქარი ჩვენს მხარეში თუ გადმოგისვრის, აუცილებლად შემოგვიარე რამდენიმე დღით. ჩემი ბებერი მოსამსახურე მხოლოდ მაშინ არის კმაყოფილი, თუ სახლში სტუმრებია. თანაც ორაგულის სეზონიც დადგა“.
მეგრე ოცნებამ გაიტაცა, მისი ყურადღება ერთმა დეტალმა მიიპყრო: საწერ ქაღალდზე ქონგურებიანი პატარა კოშკის სილუეტი იყო გამოსახული, ქვეშ კი წარწერა:
ლა რიბოდიერი
ვილფრანშ-ან-დორდონი
შუადღისას მადამ მეგრემ დაურეკა და შეატყობინა, ჩემი და ალბათ ხვალ საღამომდე არ იმშობიარებსო, თან დაუმატა: „აქ ნამდვილი გაზაფხულია... უკვე ვაშლი ყვავის!“
შემთხვევა... შემთხვევა... ცოტა მოგვიანებით კი მეგრე მეგობრულად ემუსაიფებოდა თავის უფროსს კაბინეტში.
„სიტყვამ მოიტანა... თქვენ ჯერ კიდევ არ ყოფილხართ ბორდოში, იმის თაობაზე, რაზედაც მოვილაპარაკეთ?..“
უბრალო საქმეა. საჩქაროც არ არის. როგორც კი მოახერხებს, მეგრე ბორდოში უნდა ჩავიდეს, საქალაქო არქივი გადაქექოს.
უნებური ასოციაცია: ბორდო-დორდონი.
კაბინეტში მზის სხივი დასთამაშებდა ბროლის სფეროს, რასაც მისი უფროსი პრეს-პაპიედ იყენებდა.
„ურიგო აზრი არ არის!.. ჯერჯერობით სასწრაფო საქმე არაფერი ჩანს...“
საღამოს ექვს საათზე, პირველი კლასის ბილეთით ვილფრანშამდე, ის ორსეის სადგურზე მატარებელში ჩაჯდა. გამცილებელმა შეახსენა, რომ ლიბურნში უნდა გადამჯდარიყო.
მეგრეს მისთვის ყურადღება არ მიუქცევია, რამდენიმე გაზეთი გადაიკითხა და ვაგონ-რესტორნისკენ გაემართა, სადაც ღამის ათ საათამდე დარჩა.
როდესაც თავის კუპეში დაბრუნდა, ღამის ფარდები ჩამოშვებული დახვდა. ლამპა მკრთალად ანათებდა, ვიღაც ხნიერ ცოლ-ქმარს ორივე ქვედა საწოლი დაეკავებინა.
ამ დროს გამცილებელმა ჩაიარა.
- შემთხვევით თავისუფალი ადგილი ხომ არ გაქვთ?
- პირველი კლასის ვაგონში არა... მგონი, მეორეში უნდა იყოს... თუ თქვენთვის სულერთია...
- რა თქმა უნდა!
და აი, მეგრე უკვე მიათრევს საკვოიაჟს დერეფნებში. გამცილებელმა რამდენიმე კარი შეაღო და ბოლოს მონახა კუპე, სადაც მხოლოდ ზედა ადგილი იყო დაკავებული.
აქაც ჩამოშვებულია ფარდა, მხოლოდ ღამის ნათურა ანთია.
- შუქი ხომ არ აგინთოთ?
- გმადლობთ, არ არის საჭირო.
კუპეში დახუთული ჰაერია. საიდანღაც სუსტი სტვენა ისმის, თითქოს გათბობა არ არის წესრიგში. ვიღაც წრიალებს ზევით, წრიალებს და ოხრავს.
კომისარი უხმაუროდ იხდის ყელიან ფეხსაცმელს, პიჯაკს, ჟილეტს. საწოლზე იჭიმება, შემდეგ იღებს ქუდს და სახეზე იფარებს: საიდანღაც უბერავს.
ჩაეძინა? ყოველ შემთხვევაში, წასთვლიმა მაინც. იქნებ, ერთ, იქნებ, ორ საათს, შესაძლოა, მეტი ხნითაც. მაგრამ მას ფხიზლად ეძინა.
ამ ნახევრად ძილ-ღვიძილში რაღაც უცნაური შეგრძნება დაეუფლა. ალბათ, დახუთულობისა და ორპირისაგან. უფრო კი, ზედა სართულზე მწოლი ადამიანის გამო, ერთი წუთითაც რომ არ იწვა მშვიდად.
რამდენჯერ გადაბრუნდა გვერდიდან გვერდზე! მაინცდამაინც ზედ მეგრეს თავზეა. ყოველი მისი მოძრაობა ხმაურიანია. ნერვიულად სუნთქავს, გეგონება, სიცხე აქვსო.
ბოლოს, გატანჯული მეგრე ადგა, დერეფანში გავიდა და ბოლთის ცემას მოჰყვა. მაგრამ აქ მეტისმეტად ციოდა.
და ისევ კუპე, ნახევრად მთვლემარე აზრები და შეგრძნებები ერთმანეთში გერევა. სამყაროსგან მოწყვეტილი ხარ, თითქოს რაღაც კოშმარში ცხოვრობ.
მოეჩვენა თუ რა: ზედა საწოლზე მწოლი მამაკაცი იდაყვებზე წამოიწია, დაიხარა. მეზობლის დანახვას ხომ არ ლამობდა ნეტავ?
თავად მეგრე კი, პირიქით, არ იძინებდა. ნახევარი ბოთლი ბორდო და ორი სირჩა კონიაკი, ვაგონ-რესტორანში რომ დალია, მძიმედ აწვა კუჭზე.
ღამე მიიზლაზნება. გაჩერებებზე გაურკვეველი ხმები ისმის - ნაბიჯების ხმა დერეფნებში, კარების ჯახუნი. ეს მატარებელი არასდროს დაიძვრება ადგილიდან!
თითქოს ზედა საწოლზე კაცი ტირის. აღარ ოხრავს, მაგრამ შიგადაშიგ უცბად წამოისლუკუნებს ხოლმე. გვერდს ინაცვლებს. ცხვირს იხოცავს. მეგრე უკვე ნანობს, თავის კუპეში რომ არ დარჩა მოხუცებთან ერთად.
ჩაეძინა. გაეღვიძა. კვლავ ჩაეძინა. ბოლოს და ბოლოს, მოთმინების ფიალა აევსო. ახველებს, რათა ყელი ჩაიწმინდოს.
- მოსიე, გთხოვთ, სცადეთ, წყნარად იწვეთ!
ცოტათი მოერიდა, რადგან მისი ხმა უფრო უხეშად გაისმა, ვიდრე სურდა. ვაითუ ეს კაცი ავად არის!
ის კი დუმს. გაუნძრევლად წევს. ალბათ, თავს დიდ ძალას ატანს. მეგრემ უცბად გაიფიქრა, იქნებ, კაცი სულაც არ არისო. თავისუფლად შესაძლებელია, რომ ქალია. მას ხომ უცნობი არ დაუნახავს: ზედა საწოლზე ადამიანის დანახვა ძნელია.
დახუთული ჰაერი კი იქ, ზევით, ალბათ, აუტანელია. მეგრე ცდილობს გათბობის ვენტილის გადატრიალებას, მაგრამ არ მუშაობს.
ოხ-ოხ-ოხ! ღამის სამი საათია...
„ახლა აუცილებელია