1
- ვერავის ვხედავ ზანგების გარდა, - ჩაილაპარაკა ჟერმენამ, ვიდრე გემი მანევრირებდა, ხოლო ზედა სასეირნო გემბანიდან მოჩანდა ნაპირი, რომელიც ნელ-ნელა ახლოვდებოდა, და იქ შავკანიანი დოკერები გემის მოლოდინში ორრიგად ჩამწკრივებულიყვნენ.
მისმა ქმარმა ყოყმანით ჩაილაპარაკა:
- ცხადია!
რატომ, ცხადი? იმიტომ, რომ ისინი პანამის არხის შესასვლელთან იყვნენ, ანუ ცენტრალურ ამერიკაში? წესით, ინდიელები არ უნდა დაენახათ?
ამის შემდეგ ორი საათი გავიდა და გაოცების სხვა შესაძლებლობაც მიეცათ. თეთრ ტილოს ტანსაცმელში იყვნენ გამოწყობილი და ორივეს ინგლისური კოლონიური ქუდი (ინგლისური კოლონიური ქუდი მზადდებოდა კორპისგან, რომელსაც გადაკრული ჰქონდა თხელი ნაჭერი მზისგან თავის დასაცავად.) ეხურა. დიუპიუშმა, რომელიც ცოლზე უკეთ ლაპარაკობდა ინგლისურად, საუბარი გაუბა ზანგს, რომელმაც ბარგის სანაცვლოდ მას მუყაოს ნაჭერი მიაწოდა ზედ დატანილი ნომრით:
- Washington Hotel?
- Yes! - უპასუხა გაოგნებულმა დიუპიუშმა, რადგან სწორედ ნახსენებ სასტუმროში აპირებდა გაჩერებას.
გემ Ville de Verdun (ქალაქი ვერდენი (ფრანგ.).)-ის მგზავრები, რომლებიც აგრძელებდნენ მოგზაურობას ტაიტისკენ, ნაპირისკენ მუჯლუგუნების კვრით გაემართნენ, რადგან არხში გემის შესვლამდე კიდევ სამი საათი რჩებოდა. ვიღაცამ ყვირილით ჰკითხა დიუპიუშებს:
- კრისტობალში რამდენ ხანს დარჩებით?
- ჩვენი გემი ორ დღეში ჩამოდის...
- ბედნიერი მგზავრობა!
უცხო ქვეყანაში აღმოჩენით შექმნილ უხერხულ მდგომარეობას უფრო ამძაფრებდა მცხუნვარე მზე, ისევე როგორც მებაჟეების, პოლიციელებისა და ამერიკელი ჯარისკაცების ფორმები, რომლებიც პორტსა და მიმდებარე ქუჩებს იცავდნენ. შავკანიანები ჩავლისას ხალხს ხელს სტაცებდნენ და თავიანთი მანქანებისკენ ეწეოდნენ, მაგრამ ჟერმენამ ცხენშებმული თეთრჩარდახიანი ეტლი ამჯობინა.
- გასაღებები ხომ არ დაგავიწყდა? მეტრდოტელს ხომ არაფერი უთქვამს მომსახურებისთვის ნაჩუქარ ფულზე?
აჰა! ესეც მადამ როშე...
გადაიხარნენ, რომ დამშვიდობებოდნენ მადამ როშეს, რომელიც ქმართან ჩადიოდა ჰებრიდის კუნძულებზე.
აქეთ-იქით გაფაციცებული იყურებოდნენ, ცდილობდნენ პეიზაჟი მთლიანობაში აღექვათ.
- სასტუმრო „ვაშინგტონი“? - იკითხა შავკანიანმა მეეტლემ.
ჯერ ულამაზესი გამზირი, პალმის ხეებით დაჩრდილული და სანაოსნო კომპანიების მდიდრული შენობებით მოფენილი.
- ფოსტა არ დაგვავიწყდეს...
ფართო და მზიანი ქუჩა რკინიგზის გასწვრივ. უნივერმაღები, ბაზრები და ყველა კარის ზღურბლზე ლევანტელები, რომლებიც ტურისტების მიტყუებას ცდილობდნენ.
და ბოლოს, ქოქოსის პალმების პარკის ბოლოს გამოჩნდა სასტუმრო „ვაშინგტონი“, მისი ვერანდა, სვეტები... უზარმაზარი და გრილი ჰოლი, თეთრფორმიანი მსახური ბიჭები, სასტუმროს ფორმიანი თანამშრომელი, რომელსაც დიუპიუში ინგლისურად ესაუბრებოდა.
მათი ბარგი უკვე მიტანილი იყო და ორი წუთის შემდეგ წყვილი თავის ოთახში ტრიალებდა, სააბაზანოს ათვალიერებდნენ, ფანჯრებსა და კარადებს აღებდნენ.
დიუპიუშმა ვერ გაბედა ცოლისთვის გაემხილა, რომ ნომერი დღეში ათი დოლარი ღირდა. რა მნიშვნელობა ჰქონდა, რამდენიმე დოლარით მეტი იქნებოდა თუ ნაკლები?
ჰოლში ამერიკის არმიის მაღალჩინოსანი ოფიცრები ტრიალებდნენ. სასადილო დარბაზი ვრცელი იყო, პარკში კი მარმარილოს აუზი მოჩანდა.
- ამ საღამოს აუზში ვიბანავებთ, - გადაწყვიტა ჟერმენამ, - ახლა კი, სწრაფად, ბანკში...
დიუპიუშმა პიჯაკი სასტუმროში დატოვა, რადგან ძალიან ცხელოდა. მოსამსახურე ბიჭს მანქანის გამოძახება სურდა.
- არა! ფეხით გავივლით...
ქალაქის ნახვა უნდოდათ. თითქმის შუადღე იყო. ეტყობა, არასწორი გზით წავიდნენ, რადგან თითქმის მაშინვე აღმოჩნდნენ მოსაწყენ და ჭუჭყიან უბანში, სადაც შავკანიანებით გაჭედილ ტროტუარებზე ხის სახლები იდგა. მზე ანათებდა. ქალები სახლების ზღურბლზე თვლემდნენ. ჟერმენამ ჩათვალა, რომ იქ ცუდი სუნი იდგა, და შეშფოთებულმა მიმოიხედა.
- გზა უნდა გეკითხა...
თხუთმეტიოდე წუთის შემდეგ იპოვეს - შენიშნეს პატარა ბაზრები, სადაც Ville de Verdun-ის მგზავრები გამყიდველებს სუვენირებზე ევაჭრებოდნენ.
- ბანკი იკითხე, ჯო!
- მგონი, სწორედ აქ მირჩიეს თეთრი კოსტიუმების ყიდვა...
- ჯერ ბანკი!
- მაპატიეთ, ბატონო... New York Chase Bank, please?
- მეორე კვარტალი მარცხნივ...
- ნახე, - თქვა დიუპიუშმა და კაფეს სიღრმეში შეიხედა, - ომისწინა პერიოდის „პერნო“ აქვთ! ბანკიდან რომ გამოვალთ, აქ მოვიდეთ...
ბანკი აღმოჩნდა მხოლოდ ერთი დახლი მხოლოდ ერთი თანამშრომლით, რომელსაც დიუპიუშმა ოცი ათას ფრანკზე გამოწერილი საკრედიტო წერილი გადასცა, მან კი დოკუმენტს არც დახედა.
- პანამის ფილიალს მიმართეთ.
ჟერმენა, რომელმაც ინგლისური ცუდად იცოდა, შეშფოთდა.
- აქ მხოლოდ ვალუტას ვცვლით. მატარებელი ორ საათზე გადის. პანამაში ორმოცდახუთ წუთში ჩახვალთ.
- წავედით, ჟერმენა...
- რა თქვა?
- პანამაში მივდივართ, არხის მეორე ბოლოში, მაგრამ დრო გვაქვს „პერნოს“ დასალევად და სასადილოდ.
ცოტათი ეძინებოდათ და მზე ორივეს სახეში სცემდა რატანის სკამებით გაწყობილ მატარებლის ვაგონში. მგზავრები ამერიკულ გაზეთებს კითხულობდნენ. მამაკაცებს ჰალსტუხები და ცელულოიდის საყელოები გაეკეთებინათ. დიუპიუში ერთადერთი იყო, რომელსაც პიჯაკი არ ეცვა და კოლონიური ქუდი ეხურა.
მარცხნივ გაუთავებელი მონაცრისფრო მცენარეულობა მოჩანდა, მარჯვნივ კი ხანდახან თვალს მოჰკრავდნენ პანამის არხს, რომელშიც