ზანგთა კვარტალი I
- ნახე, აქ მხოლოდ ზანგები არიან... - ჩაიჩურჩულა ჟერმენმა.
გემი ნელ-ნელა ნაპირისკენ მიიწევდა. გემბანიდან კარგად მოჩანდა ნავმისადგომი, სადაც ორ რიგად შავკანიანი მტვირთავები ჩამწკრივებულიყვნენ.
ჟერმენის ქმარმა მტვირთავებს თვალი შეავლო და ცოლს დაყოვნებით მიუგო:
- ბუნებრივია...
- რატომ ბუნებრივი? პანამის არხის შესასვლელთან ვიმყოფებით, ესე იგი - ცენტრალურ ამერიკაში, და აქ ინდიელთა ხილვა უფრო ბუნებრივი არ იქნებოდა?
მომდევნო ორი საათის განმავლობაში მგზავრებს კიდევ არაერთხელ მოუხდათ განცვიფრების გამოხატვა. ცოლ-ქმარს თეთრი ტილოს ტანსაცმელი ეცვა და კორპის ქუდები ეხურა. ჟოზეფ დიუპიუში, რომელიც ინგლისურად ცოლზე უკეთ ლაპარაკობდა, ზანგ მტვირთავს შეუთანხმდა. მტვირთავი მათ ბარგს დასწვდა, დიუპიუშს ნომრიანი მუყაოს ბარათი გაუწოდა და კბილებში გამოცრა:
- "ვაშინგტონ-ოტელი", არა?
- დიახ, - უპასუხა დიუპიუშმა. მან გაოცება ვერ დაფარა, რადგან ცოლ-ქმარი სწორედ "ვაშინგტონ-ოტელში" გაჩერებას აპირებდა.
გემი "ვერდენი" კრისტობალში სულ სამ საათს დაჰყოფდა. მგზავრები, რომლებიც ტაიტიმდე მიდიოდნენ, აჩქარდნენ, რათა ქალაქის დათვალიერება მოესწროთ, სანამ გემი კვლავ პანამის არხში გასასვლელად დაიძვრებოდა. დიუპიუშებს ვიღაცამ მიაძახა:
- კრისტობალში დიდხანს დარჩებით?
- ორ დღეს... სანამ ჩვენი გემი შემოვა...
- წარმატებას გისურვებთ!
აქ მზეც კი განსხვავებულად ანათებდა, ყველაფერი უცხო და უჩვეულო იყო: საბაჟოს მოხელეებისა და ნავსადგურისა და მიმდებარე ქუჩების დასაცავად გამწესებული პოლიციელებისა თუ ამერიკელი ჯარისკაცების ფორმები. მტვირთავები მგზავრებს ავტომანქანებისკენ ექაჩებოდნენ, მაგრამ ჟერმენმა თეთრტენტიან ოთხთვალას დაადგა თვალი.
- ჩემოდნების გასაღებები ხომ არ დაგავიწყდა? მეტრდოტელი გასამრჯელოთი უკმაყოფილო ხომ არ დარჩა? ნახე, ქალბატონი როშე გვესალმება...
მათ ხელი დაუქნიეს ქალბატონ როშეს, რომელიც ჰებრიდის კუნძულებზე, მეუღლის სამსახურის ადგილას ბრუნდებოდა. ცოლ-ქმარი დიუპიუშები ხარბად ათვალიერებდნენ არემარეს, თითქოს ცდილობდნენ, რაც შეიძლება სრულად აღექვათ ქვეყნის პეიზაჟი.
- "ვაშინგტონ-ოტელში", არა? - იკითხა ზანგმა მეეტლემ.
ფართო და ლამაზი ქუჩის ორივე მხარეს პალმები იყო ჩამწკრივებული. მათ შორის თეთრად ქათქათებდა მდიდრული სახლები, რომლებიც საზღვაოსნო კომპანიებს ეკუთვნოდა.
- უნდა გავიგოთ, ფოსტა სად არის...
ისინი თაკარა მზის ქვეშ მიუყვებოდნენ ქუჩას, რომელიც რკინიგზის პარალელურად გადიოდა. აქ ბევრი დიდი მაღაზია იყო, შავგვრემანი ლევანტიელები ტურისტებს მაღაზიებში იწვევდნენ.
ბოლოს ქოქოსისპალმებიანი პარკი გამოჩნდა, მის სიღრმეში "ვაშინგტონ-ოტელის" თეთრი სვეტები მოჩანდა. უზარმაზარ ჰოლში გრილოდა, ყველა მოსამსახურე ბიჭი თეთრებში იყო გამოწყობილი, ხოლო მორიგე ადმინისტრატორი - ქურთუკში. დიუპიუშმა მას ინგლისურად მიმართა.
ბარგიც მოიტანეს და ორ წუთში ცოლ-ქმარი უკვე თავის ნომერში იყო. სააბაზანოში შეიხედეს, ფანჯრები და კარადები გამოაღეს.
დიუპიუშმა ვერ გაბედა, ცოლისთვის ეთქვა, რომ ნომერი დღეში ათი დოლარი ღირდა. არადა, სალაპარაკოა? ახლა მათთვის რამდენიმე ზედმეტი დოლარი ბევრს არაფერს ნიშნავს? ჰოლში მათ ამერიკული არმიის რამდენიმე მაღალი ჩინის ოფიცერს მოჰკრეს თვალი. რესტორანს ფართო დარბაზი ჰქონდა, ხოლო პარკში მარმარილოთი მოპირკეთებული აუზი იყო.
- აბაზანა საღამოს მივიღოთ, - გადაჭრით თქვა ჟერმენმა, - ახლა კი, პირველ რიგში, ბანკში უნდა მივიდეთ.
ძალიან ცხელოდა და დიუპიუშმა პიჯაკი ნომერში დატოვა. ბიჭმა მანქანის გამოძახება დააპირა:
- საჭირო არ არის, ფეხით გავივლით.
ქალაქის დათვალიერება სურდათ. შუადღე დამდგარიყო. როგორც ჩანს, ცოლ-ქმარს გზა აებნა, ისინი უბადრუკ, ჭუჭყიან, ხისსახლებიან კვარტალში აღმოჩნდნენ. ტროტუარები ზანგებით იყო სავსე. მზე სულ უფრო აცხუნებდა, სახლებთან მსხდარი შავკანიანი ქალები თვლემდნენ. ჟერმენი შეშფოთებული იცქირებოდა აქეთ-იქით.
- რა სიმყრალეა!.. ერთი, ვინმეს გზა ვკითხოთ.
თხუთმეტი წუთის შემდეგ ისინი გამზირზე გავიდნენ. იმით მიხვდნენ, რომ ლევანტიელები შენიშნეს, რომლებიც "ვერდენის" მგზავრებს საყიდლად სუვენირებსა და სამშვენისებს სთავაზობდნენ.
- ჟოზეფ, იკითხე, ბანკი საითაა.
- იცი, მე მგონი, სწორედ ეს უნდა იყოს ის ადგილი, სადაც ტილოს კოსტიუმის ყიდვა მირჩიეს.
- ჯერ ბანკში უნდა წავიდეთ!
- მაპატიეთ, მესიე. სად არის აქ "ნიუ-იორკ ჩეიზ ბანკი"?
- მეორე კვარტალი, მარცხნივ.
- შეხედე, ჟერმენ! - თქვა დიუპიუშმა, როდესაც კაფეს ჩაუარეს. - აქ სვამენ ომამდელ პერნოს!.. ბანკიდან დაბრუნების შემდეგ უსათუოდ უდა შევიაროთ.
ბანკი ერთი პატარა კანტორა იყო, სადაც მათ ერთადერთი გაბღენძილი მოსამსახურე დახვდა. დიუპიუშმა ოცდახუთი ათასი ფრანკის აკრედიტივი გაუწოდა, მაგრამ მან საბუთს არც კი დახედა.
- პანამის სააგენტოს უნდა მიმართოთ.
ჟერმენი, რომელსაც თითქმის არ ესმოდა ინგლისური, შეწუხდა.
- ჩვენ მხოლოდ გაცვლით ოპერაციებს ვაწარმოებთ. ჩასხედით ორსაათიან მატარებელში და ორმოცდახუთ წუთში პანამაში იქნებით.
- წავიდეთ, ჟერმენ.
- რა გითხრა?
- პანამაში უნდა გავემგზავროთ, არხის მეორე კიდეზე. მანამდე, საუზმესა და პერნოს დალევას მოვასწრებთ.
რულის მომგვრელი დახუთული ჰაერი იდგა. ვაგონში შეჭრილი მზის შუქი სავარძლებსა და მგზავრებს ეფინებოდა, რომლებიც ამერიკულ