I - უპატრონო ძაღლი
პარასკევია, 7 ნოემბერი. უკაცრიელია ზღვისპირა ქალაქი კონკარნო. ნახევრად დანგრეულ გალავანს იქით სიბნელეში ჩაძირულა ქალაქის ძველი ნაწილი. მხოლოდ უზარმაზარი საათის ციფერბლატი ანათებს. თერთმეტს აკლია ხუთი წუთი.
სრუტეში ახლა წყალმა უმაღლეს დონეს მიაღწია. სამხრეთ-დასავლეთის ძლიერი ქარისგან ნავსადგურში ქიმებით ეჯახებიან ერთმანეთს ორჩხომელები. ქარი სტვენით იჭრება ვიწრო ქუჩებში და ჩანს, როგორ დაფარფატებენ მიწის ზედაპირიდან ქარით მონახვეტი ქაღალდის თეთრი ნაგლეჯები.
ეგილიონის სანაპიროზე არსაიდან გამოკრთის შუქი, ყველა სახლის კარი ჩაკეტილია, ყველას სძინავს. მხოლოდ სანაპიროსა და მოედნის კუთხეში მოჩანს სასტუმრო "ადმირალის" სამი განათებული ფანჯარა.
ფანჯრებს დარაბები არა აქვს, სქელ, მომწვანო მინებს იქით ძლივს გასარჩევად მოჩანს მუშტრების ლანდები. მორიგე მებაჟე სასტუმროდან ას მეტრზე მდგარ თავის ჯიხურში შეყუჟულა და შურით გასცქერის კაფეში გვიანობამდე შეყოვნებულ ადამიანებს.
მებაჟის წინ ნავსადგურია. მასში დგას სავაჭრო იალქნიანი გემი, რომელმაც შეღამებისას ავდრისგან თავი შეაფარა კონკარნოს. გემბანზე არავინ არის. მხოლოდ საწყალობლად ჭრიჭინებს ბლოკები და ცუდად დამაგრებული იალქანი იბერება და ფართხუნობს ქარზე. თანაბრად ხმაურობს ზღვაური, შემდეგ ისმის უზარმაზარი საათის რეკვა. თერთმეტს რეკავს.
სასტუმროს კარი იღება, შუქის სწორკუთხედში ჩნდება ადამიანი. იგი განაგრძობს ლაპარაკს იმათთან, ვინც ოთახში დარჩა. აი, იგი ხურავს კარს და ქარიშხალი მაშინვე იტაცებს მას, პალტოს კალთებში ექაჩება, თავიდან გლეჯს ქვაბურა ქუდს. იგი ასწრებს ქუდის დაჭერას და ყურებამდე იფხატავს.
შორიდანაც ეტყობა, რომ ეს კაცი შეზარხოშებულია. ფეხები ძლივს ემორჩილება, თანაც ღიღინებს. საბაჟოს მოხელე თვალს აყოლებს და ეღიმება: ასეთ ქარში მთვრალი კაცი ცდილობს სიგარას მოუკიდოს. იწყება სასეირო ბრძოლა ადამიანისა პალტოსთან, რომლის მოგლეჯა ტროტუარზე გაქცეულ ქუდთან ერთად დააპირა ქარმა. ქვაბურა მაინც დაიჭირეს, მაგრამ სულ ტყუილად დაიხარჯა ათი ასანთი.
ადამიანის გვერდით ორსაფეხურიანი პარმაღია. იგი საფეხურებზე ადის და ქარისგან თავის დასაცავად კვლავ იხრება. გაიელვა მოკლე, მოციმციმე შუქმა. მთვრალი კაცი დაბარბაცდა და კარის სახელურს ჩაეჭიდა.
საბაჟოს მოხელეს მოეჩვენა, რომ ქარიშხლის სტვენაში შეიჭრა რაღაც სხვა, უცნაური ხმა, მაგრამ ამაში მთლად ვერ დარწმუნდა. და იგი იცინის, როცა ხედავს, როგორ არაბუნებრივად იხრება მთვრალი, რამდენიმე გაუბედავ ნაბიჯს დგამს უკან, და, როგორც მოსალოდნელი იყო, იქცევა.
იგი ტროტუარის სიგანეზე გაშხლართულა, თავი გადაუკიდია კიუვეტში, რომელშიც წვიმის წყალი მიჩხრიალებს. საბაჟოს მოხელემ ფერდებზე ხელი შემოირტყა, რომ გათოშილი ხელები გაეთბო და გაჯავრებით გახედა მოფრთხიალე იალქანს, რომელიც მას აღიზიანებს.
გადის წუთი, მეორე. საბაჟოს მოხელემ ისევ შეხედა წაქცეულს, იგი გაუნძრევლად წევს და უცებ ისიც შეამჩნია, დიდი ძაღლი როგორ ყნოსავს მის სახეს.
- მაშინღა მივხვდი, რომ ცუდი ამბავი უნდა მომხდარიყო! - იტყვის მოგვიანებით მებაჟე, გამოძიებაზე ჩვენების მიცემისას.
ამის შემდეგ თითქმის მაშინვე ისეთი აურზაური ატყდა, რომ აღწერაც კი შეუძლებელია. მებაჟე მიუახლოვდა მწოლიარეს, თან შიშობდა: დიდი, ყვითელი ფერის მრისხანე ცხოველის, ძაღლის იქ ყოფნა აიძულებდა ფრთხილად ყოფილიყო. გაზის ფარანი სულ რვა ნაბიჯის მანძილზე ენთო. მებაჟემ თავდაპირველად განსაკუთრებული ვერაფერი შეამჩნია, მაგრამ, როდესაც დააცქერდა, დაინახა მთვრალი კაცის ღია ფერის პალტოზე ნაჩვრეტი, რომლიდანაც ნელა მოჟონავდა სქელი, მუქი სისხლი.
მებაჟე კაფეს კარს მიაწყდა და შეაღო. იქაურობა თითქმის ცარიელი იყო. სალაროზე დაყრდნობილი ოფიციანტი ქალი თვლემდა. მარმარილოს მაგიდასთან ორ მამაკაცს გაეშალა ფეხები და სკამების საზურგეებზე გადაწოლილნი სიგარებს აბოლებდნენ.
- ჩქარა!... იქ კაცი მოკლეს!.. მე არაფერი დამინახავს...
მებაჟე მოტრიალდა და დაინახა, რომ ყვითელი ძაღლი ფეხდაფეხ შემოჰყვა და ოფიციანტი ქალის ფეხებთან დაწვა.
მამაკაცებს სახეებზე ჯერ დაბნეულობა აღებეჭდათ, შემდეგ - საშინელება.
- ეს თქვენი მეგობარია, იგი ეს-ეს არის აქედან გავიდა!..
ნახევარი წუთის შემდეგ სამი კაცი დაიხარა უძრავ გვამთან. მერია, სადაც ჟანდარმების საგუშაგო მდებარეობდა, სულ ორიოდე ნაბიჯზეა, მებაჟე კი ენერგიით აღსავსე კაცია. იგი ჟანდარმებისკენ გაიქცა, შემდეგ კი ექიმის სახლთან ჩამოეკიდა ზარს. იგი ერთსა და იმავეს იმეორებს: მომხდარი ამბავი ისევ და ისევ თითქოს მეორდება მის თვალწინ.
- იგი მთვრალივით დაბარბაცდა და უკან გადადგა სამი ნაბიჯი, არა ნაკლები...
გვამის ირგვლივ უკვე შემოკრებილიყო ექვსიოდე კაცი... შემდეგ შვიდი... ცხრა... ყველგან აღებენ ფანჯრებს, ხსნიან დარაბებს, ისმის ჩუმი ხმები.
ექიმმა ტალახში ჩაიჩოქა და ამბობს:
- პისტოლეტით უსვრიათ პირდაპირ. ტყვია მუცელშია ჩარჩენილი, დაუყოვნებლივ საჭიროა ოპერაცია, დაურეკეთ საავადმყოფოს.
ახლა ყველამ იცნო დაჭრილი, ეს არის ვინმე მოსიე მოსტაგენი, ქალაქის უმსხვილესი გემთმფლობელი და ღვინით მოვაჭრე, გულკეთილი, ღიპიანი კაცი, ყველას მეგობარი და საყვარელი ადამიანი.
მოვიდა ფორმაში გამოწყობილი ორი პოლიციელი. ერთ მათგანს ქუდის მოძებნაც კი ვერ მოესწრო. ისინი ყოყმანობენ, არ