I - როგორ! თქვენ თეთრი პური გაქვთ?
სალონში ორი სპარსელი შემოვიდა. ერთი კონსული იყო, მეორე კი მისი მეუღლე. ქალბატონი სენდვიჩებით ლამაზად გაწყობილმა სუფრამ აღაფრთოვანა.
ერთი წუთიც არ გასულა მას შემდეგ, რაც ადილ-ბეის მოახსენეს:
- ბათუმში სულ სამი საკონსულოა: ირანული, თქვენი და ჩვენი, მაგრამ ირანელებთან სტუმრობა პრაქტიკულად შეუძლებელია, - ასე უთხრა მას ქალბატონმა პანდელიმ, იტალიის კონსულის მეუღლემ.
თვითონ კონსული კი, სავარძელში ჩაფლული, ვარდისფერზოლიან წვრილ სიგარეტს ეწეოდა. ორი მოღიმარი ქალი სალონის შუაგულში ზუსტად მაშინ შეხვდა ერთმანეთს, როდესაც მზიან ქალაქში გაბნეული საყვირების მანამდე ჯერ კიდევ რბილი ხმა ქუჩის კუთხეს მიუახლოვდა. მოულოდნელად ფანფარებმა დასჭექეს.
ყველა აივანზე გავარდა პროცესიის სანახავად.
* * *
შეკრებილებს შორის ბათუმში იმ დილით ჩამოსული ადილ-ბეი იყო მხოლოდ ახალი. მანამდე ის ტიფლისიდან წარგზავნილ მოხელეს, კონსულის მოვალეობის დროებით შემსრულებელს შეხვდა. ამ მოხელემ მიიყვანა ადილ-ბეი იტალიელებთან ორი კოლეგისთვის წარსადგენად, თვითონ კი იმავე საღამოს ტიფლისში უნდა დაბრუნებულიყო.
მუსიკის ხმა თანდათან ძლიერდებოდა. მზის სხივებზე მოელვარე სპილენძის საკრავები სულ უფრო და უფრო ახლოვდებოდა. მართალია, ამ მელოდიას მხიარულს ვერ დაარქმევდით, მაგრამ ის მაინც ამხნევებდა მსმენელს. გარშემო ყველაფერი ვიბრირებდა: ჰაერი, სახლები - მთლიანად ქალაქი.
ადილ-ბეიმ მოულოდნელად შენიშნა, რომ სპარსეთის კონსული ტიფლისელ მოხელესთან ერთად ბუხართან იდგა და ისინი ხმადაბლა საუბრობდნენ.
შემდეგ მისი ყურადღება ისევ პროცესიამ მიიპყრო. მან ახლაღა გაარჩია სასულე ორკესტრის უკან ალისფრად შეღებილი კუბო, რომელსაც ექვსი ვაჟკაცი მიასვენებდა.
- ეს დაკრძალვაა? - გულუბრყვილოდ იკითხა მან და ქალბატონი პანდელისკენ შეტრიალდა, ქალმა კი მხოლოდ ტუჩები მოკუმა, ადილ-ბეის დაბნეული სახის დანახვაზე რომ არ გასცინებოდა.
ეს მართლაც დამკრძალავი პროცესია იყო, პირველი დაკრძალვა, რომელიც ადილ-ბეიმ საბჭოთა კავშირში ნახა. სასულე ორკესტრის მუსიკოსებს თეთრი ტანსაცმელი, გულზე წითელი სამკერდე ნიშნით, და ფეხზე ტილოს თეთრი ფეხსაცმელი ეცვათ. ასეთი ჩაცმულობის გამო ისინი ტანმოვარჯიშეებს წააგავდნენ. კუბოს ფიცრები ცუდად დამუშავებული და თვალისმომჭრელ ალისფრად იყო შეღებილი. ჩვეულებრივი ადამიანები კი, როგორც ყოველთვის, მუსიკოსებს უკან მიჰყვებოდნენ. კაცებს თეთრი პერანგები ან სვიტერები ეცვათ, ქალებს - თეთრი ბამბის კაბები, ფეხშიშველი იყვნენ, წინდების გარეშე. მხოლოდ ორ მამაკაცს ეცვა ტყავის ქურთუკი და ეკეთა ჰალსტუხი - უეჭველად ხელმძღვანელობიდან იყვნენ. მოჩანდა გადაპარსული თავები და სულ ბოლოს, არაჩვეულებრივ ახალთახალ ველოსიპედზე გადამჯდარი ყმაწვილი, რომელიც ძლივს იცავდა წონასწორობას და დროდადრო გოგონას მხარს ეყრდნობოდა.
პროცესიის მონაწილეები საკონსულოს მიუახლოვდნენ. თითოეული მათგანი თავს ზევით სწევდა, რათა აივანზე გამოფენილი უცხოელები დაეთვალიერებინა.
- ნეტავ რაზე ფიქრობენ? - ძლივს გასაგონად ჩაილუღლუღა ადილ-ბეიმ, რაზეც სპარსელმა ქალბატონმა ცინიკურად უპასუხა:
- რაზე და, იმაზე, რომ ახლა ჩვენ თეთრი პური უნდა ვჭამოთ.
ქალი გულწრფელად იცინოდა. ქუჩაში მიმავალ ხალხს ესმოდა მისი კისკისი, მაგრამ მათი გამომეტყველება უცვლელი რჩებოდა. ისინი მუსიკის ხმაზე ალისფერ კუბოს მიჰყვებოდნენ. ვერავინ იტყოდა, დაღონებულები იყვნენ თუ მხიარულები. ადილ-ბეიმ უხერხულად იგრძნო თავი და სალონში შებრუნდა.
- უკვე დაათვალიერეთ ქალაქი? - ჰკითხა სპარსელმა ქალმა, რომელიც სალონში შეჰყვა.
- ჯერ ვერაფრის ნახვა ვერ მოვასწარი.
- აქაურობა ნამდვილი ჯურღმულია!
სპარსი ქალი ადილ-ბეის მშვენიერი შავი თვალებით მიაშტერდა, ძალზე თავხედური მზერით, რომელიც თურქს ოდესმე ენახა. არასოდეს შეუთვალიერებიათ ის ასე მოურიდებლად, ნივთივით, რომლის შეძენაც ვერ გადაუწყვეტიათ. ყველაზე უარესი კი ის იყო, რომ ქალს არც დაუმალავს და მისი ფიქრები ნათლად იკითხებოდა სახეზე. ადვილად მიხვდებოდით, რასაც ფიქრობდა:
„არც ცუდია და არც კარგი, სავარაუდოდ, ოდნავ მოსულელო“.
ბოლოს უცებ თქვა:
- იცით, ჩვენ აქ თვეების ან წლების განმავლობაში განწირული ვართ თანაარსებობისთვის, ჩვენ, ექვსივე, ჯონის ჩათვლით „სტანდარტიდან“, მაგრამ ის მუდმივად მთვრალია. მართლა, ძვირფასო, ჯონი არ მოვა?
პროცესიის კუდი ქუჩის ბოლოში ნელ-ნელა ქრებოდა და სტუმრები სალონში შებრუნდნენ. ჰაერი ჯერ კიდევ თრთოდა. ჩახუთული იყო და ძალიან ცხელოდა.
- თქვენ მიბრძანდებით? - გაიკვირვა ქალბატონმა პანდელიმ, რადგან ტიფლისელი მოხელე დანარჩენებს ემშვიდობებოდა.
- ჩემი მატარებელი ერთ საათში გადის.
- თქვენც? - ჰკითხა ირანის კონსულს გაკვირვებულმა იტალიელმა ქალბატონმა.
- გთხოვთ მომიტევოთ! დროებით უნდა დაგტოვოთ! მალე დავბრუნდები, კიდევ რაღაც მაქვს მასთან მოსალაპარაკებელი.
ადილ-ბეისთვის ყველაფერი მეტისმეტად ახალი იყო, რათა მონაწილეობა მიეღო საუბარში. სულ მალე ჩაის ფინჯნით ხელში იმავე სავარძელში აღმოჩნდა, სპარს და იტალიელ ქალბატონებს შორის, ბატონი პანდელი კი მოპირდაპირე მხარეს იჯდა. ის მძიმედ სუნთქავდა, როგორც ყველა მსუქანი ადამიანი, რომელიც სიცხეს ძნელად იტანს.
კედლებზე ნოხებით, ფერწერული ტილოებითა და ავეჯით მორთული სალონი საკმაოდ