პროლოგი სულ რამდენიმე თვის წინ ან თუნდაც ამ წლის დასაწყისში ჩვეულებრივი თინეიჯერი გოგო ვიყავი, სტანდარტული პრობლემებით, სტანდარტულად ცხოვრებით უკმაყოფილო და მშობლებთან ოდნავ დაძაბული ურთიერთობით. და დღეს? დღეს ვინ ვარ? ვარ ისევ თინეიჯერი გოგო, რომელიც ვეღარ მოძრაობს, რადგან ექიმებმა ამიოტროფული ლატერალური სკლეროზი დაუდგინეს. უფრო გასაგებად რომ დავწერო - კუნთების დამბლა. ჩემი ტვინი სხეულს ვეღარ აკონტროლებს. სხეული აღარ მემორჩილება. ანუ რას ნიშნავს ეს? ისეთი მარტივი მოძრაობები, როგორიცაა ხელის ან ფეხის აწევა, ნაბიჯის გადადგმა, თავის მიბრუნება, დაჯდომა, სირბილი, სიარული აღარ შემიძლია. ეს კიდევ არაფერია, ჩემი ორგანიზმი ნელ-ნელა კვლავ განაგრძობს ატროფირებას...
ბოლო რამდენიმე თვეა, საწოლს მივეჯაჭვე, რადგან ვეღარ დავდივარ, ხელები, თითები, სახის კუნთები, ხმის იოგები - არაფერი აღარ მემორჩილება! და ეს შეუჩერებელი პროცესია. ბოლოს, იცით, რა მოხდება? ხო, ბოლოს მოვკვდები! და როგორია ამის გააზრება და წარმოდგენა-დაშვება? როგორია ამის გაგება მაშინ, როცა ცხოვრებას იწყებ?.. ძლივს გავიზარდე იმხელა, რომ სადაცაა სკოლას დავამთავრებ, ჩავაბარებ კოლეჯში, ვივლი პაემნებზე, დამოუკიდებლად წავალ და ვნახავ მსოფლიოს, იმ ქვეყნებსა და ქალაქებს, რომლებიც მაინტერესებდა; როცა მინდა, გავალ სახლიდან ან შემოვალ ისე, რომ მშობლებს არ დავეკითხო; მალე აღარ მომიწევდა მამის მიერ დაწესებული ვადის გამო წამდაუწუმ საათისკენ თვალის გაპარება და დროის მიწურვასთან ერთად ეკლებზე ჯდომა; სულ რაღაც ორი-სამი წელი მრჩებოდა ყველაფერ ამისთვის, რომ შემდგარი თუ არა, დამოუკიდებელი, ზრდასრული ადამიანი დამდგარიყო ჩემგან... და უცებ, ეს შემემთხვა! ერთ მშვენიერ დღეს, ან რატომ მშვენიერ, ერთ შავბნელ დღეს ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ხო, ვიცი, რომ ჩემზე მეტად და მტკივნეულად ჩემი მშობლები და ოჯახის სხვა წევრები განიცდიან. მაგრამ ისინი ვერც კი აცნობიერებენ, ჩემთვის ეს ყველაფერი რამხელა შოკი და ტკივილია, რადგან ეს მე მჭირს - ყველაზე მოუსვენარ გოგოს! რომელსაც სკოლაში გაკვეთილზე 45 წუთი უჭირდა გაუნძრევლად ჯდომა, და რომელსაც სიცოცხლის ბოლო წლებში ზუსტადაც რომ გაუნძრევლად წოლა აქვს მისჯილი! უსამართლობაა! ამან, არ მოგატყუებ და, გამაბოროტა. არავის ესმის ჩემი. ვიცი, ხო, ვიცი! რომ კარგი უნდათ. სხვებიც განიცდიან, დარდობენ, ჩემი მდგომარეობის შემსუბუქება უნდათ როგორღაც. მაგალითად, ჩემმა ტყუპისცალმა რამდენიმე დღის წინ ჩემი გარეთ გასეირნება მოინდომა და სასტიკი წინააღმდეგობა გავუწიე. მესმის, რომ სურდა, თავი კარგად მეგრძნო, გაზაფხულის მზით და ამინდით დავმტკბარიყავი, მაგრამ მე არავინ მეკითხება, მინდა თუ არ მინდა! რა აზრი აქვს, მზეს რამდენჯერ დავინახავ? როცა უკვე უნდა მოვკვდე! თან როგორ? გულდაგულ წავიკითხე, რაც კი მასალა მოვიძიე ინტერნეტში, ყველაფერი კი ხდება ასე: ბოლო აკორდი, თუ შეიძლება ჩემი მდგომარეობის დასასრულს ასე ეწოდოს, არის შემდეგი - ყველა ორგანო და კიდური უარს ამბობს თავისი ფუნქციის შესრულებაზე, როგორც, მაგალითად, ახლა ფეხებს საერთოდ ვეღარ ვამოძრავებ, ხელებს კი - გაჭირვებით. ყოველდღე შიშით ვიღვიძებ - თუ ხელის ოდნავ აწევა შემიძლია, მერე შვებით ამოვისუნთქავ; ხმის იოგებიც დამისუსტდა და ცხვირში ნერვების მომშლელად ვდუდღუნებ; არც ენა მემორჩილება, რომ სიტყვები გარკვევით წარმოვთქვა. ბოლოს, იცი? თვალის დახამხამებასაც ვერ შევძლებ! და ყველაზე საშინელება მაინც ის არის, რომ მე ტვინით, აზრით, არსით ისევ უწინდებური მე ვიქნები, ისევე ვიაზროვნებ და ვიფიქრებ, როგორც დღეს, გუშინ და ახლა; უბრალოდ, ვეღარ ვილაპარაკებ, ვეღარ გავიღიმებ, ჩემს თავშივე ცოცხლად გამოვიკეტები; ბოლოს დამოუკიდებლად სუნთქვასაც ვეღარ შევძლებ, მაშინ უკვე სასუნთქ აპარატზე შემაერთებენ და ჩაირთვება უკუთვლის წამმზომი...
ისე, ასე მოულოდნელად რომ მოგაყარე, ვეცდები, თხრობა თავიდან დავიწყო. ჩემი ამბის წერა საწუწუნოდ და თავის შესაცოდებლად არ დამიწყია. სანამ თითები მემორჩილება და კლავიატურაზე ტექსტის აკრეფას ვახერხებ, უნდა მოვასწრო და ყველაფერი დავწერო. მანამდე იმ ამბავს დავასრულებ, ჩემმა დამ რომ მზეზე გამიყვანა. ისე გავბრაზდი, რომ არ დამიჯერა, ხელი ჩამოვკაწრე. ახლა ძალიან მრცხვენია, იმიტომ, რომ ნელ-ნელა ჩემს სიუზის ვემსგავსები. სიუზი ჩემი საყვარელი თოჯინა იყო, რომელიც ბავშვობაში მყავდა. მახსოვს, როგორ ვუცვლიდი ლამაზ კაბებს, მერე ეტლში ვსვამდი და ამაყად ვასეირნებდი სახლის წინ, ეზოში. ჰოდა, სიუზიდ ვიქეცი მეც - მაცმევენ, მერე ძიძას ხელში ავყავარ, ეტლში მსვამს და სახლის წინ მასეირნებს. როგორ მინდა, დავხუჭო თვალები და მე მე არ ვიყო. ჩემსა და ჩემს თოჯინას შორის განსხვავება ის არის, რომ მე თბილი ვარ, ცოცხალი და ოდესღაც მოძრავი დავიბადე, ის კიდევ პლასტმასის შეიქმნა თავიდანვე და არც გონი დაჰყოლია, ჩემგან განსხვავებით. ისე, რაც ამ საშინელ ამბავში ვარ, ოჯახში ყველაფერი შეიცვალა და ყველა ფეხის