ავტორისგან ერთია, როცა გინდა დაწერო და წერ, მეორე - როდესაც უკვე დაწერე, მერე კი გიჩნდება ამბიცია, ეს ნაწერი სხვასაც გაუზიარო. და რადგან ერთიც, მეორეც გავიარე, მესამეს რიგი დადგა... სანამ წიგნს გადაშლით, მინდა, მცირედი შესავალი, ახსნა-განმარტება მოვაყოლო. მკაცრად ნუ განმსჯი, წამკითხველო!.. არა, თავს არ ვიმართლებ, არც კრიტიკის არიდებას ვცდილობ. მაგრამ მგონია, რომ უნდა იცოდე მიზეზი, თუ რატომ დავწერე ეს რომანი საქართველოს იმ კუთხეზე, სადაც, გაგიკვირდება და, არც კი ვყოფილვარ.
მეგობარმა მაჩუქა ეთერ თათარაიძის „დემონოლოგიური თქმულებები“, სადაც თავმოყრილია ხევსურების, თუშების, მთიულების სხვადასხვა ლეგენდა და წეს-ჩვეულებები, თავს გადახდენილი დაუჯერებელი ამბები. და ეს სოფელ-სოფელ, კარდაკარ შეგროვებული, იქაურ მკვიდრთა მონათხრობი იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა ჩემთვის, რომ ვერ მოვისვენე, შევუდექი წერას. ჯერ ხევსურეთში არ ვყოფილვარ, მაგრამ რა და როგორ გამოვიდოდა, ამისი შიში დიდად არ მქონია, რადგან ეს საოცარი წიგნი „მიმაგრებდა ზურგს“. ცოტა - ბავშვობაში, მთაში, სოფელში მოსმენილი ლეგენდები და ამბები, ცოტაც - ფანტაზია, და წიგნიც მზადაა. რა თქმა უნდა, შემეძლო, უფრო ძირეულად მიმემსგავსებინა მეტყველება, დიალექტი ხევსურებისას, მაგრამ რაღაც საშუალო ვარჩიე, რათა ნებისმიერი მკითხველისთვის გასაგები ყოფილიყო.