რედაქტორისგან
ადამიანი იბადება, ტაატ-ტაატით, გაუბედავად იწყებს სიარულს, მერე თანდათან გათამამდება და სირბილსაც მოუსინჯავს გემოს!
ასეა ჭეშმარიტი შემოქმედიც - ისიც გაუბედავად შემოდის ასპარეზზე: წვალობს, ჯახირობს, რომ ღვთისგან მომადლებული ნიჭი ავარჯიშოს და სრულყოფილებისკენ ისწრაფოს. სამწუხაროდ, ბევრს გამოსდის, ბევრს არა!
ბესიკ (ბესო) ლაგვილავა პირდაპირ ბედაურივით შემოჯირითდა ქართულ მწერლობაში და საკუთარი ხელწერა შემოიტანა. რაც არ უნდა დაუჯერებლად მოგვეჩვენოს, სქელტანიანი რომანი „ლამაზად სიკვდილის თვითმასწავლებელი“ მისი პირველი მრავალგანზომილებიანი პროზაული ნაწარმოებია, სადაც ავტორმა მხატვრული ოსტატობით პასუხი გასცა ბევრ ცხოვრებისეულ კითხვას და ბევრიც ჩვენ, მკითხველებს დაგვიტოვა...
მიუხედავად იმისა, რომ ბესო ლაგვილავას 20 წელია ვიცნობ - ვიცნობ როგორც ორგზის პარლამენტარს და ბიზნესმენს, ვერ წარმომედგინა, ქართულ სიტყვას თუ ასე ღონიერად „ეთამაშებოდა“. მისი ფანტაზიისა და რეალობის სიმბიოზი ნამდვილად მომაჯადოებელია. დარწმუნებული ვარ, არა მარტო მე, ამ დიაგნოზს სხვებიც დაუსვამენ!
საკმაოდ სხარტი და ბუნებრივია ავტორის თხრობის მანერა, რომელიც შერწყმულია თანამედროვე ლექსიკის „მარგალიტებთან“ და ამით კიდევ უფრო გვაახლოებს რეალობასთან. მისი გმირები რეალურ და ირეალურ სამყაროში გვამოგზაურებენ და ემოციებთან ერთად დაფიქრების საშუალებასაც გვაძლევენ...
ავტორი სიღრმისეულად გვახედებს ფილოსოფიურ და რელიგიურ სენტენციებში. შთაბეჭდილება იქმნება, რომ იგი ცდილობს დაგვარწმუნოს მისეული ხედვის ჭეშმარიტებაში, რისთვისაც სითამამეც ჰყოფნის და ინფორმაციული რესურსებიც, რომელიც აშკარად უსვამს ხაზს მწერლის უზადო ნიჭსა და გაქანებას.
მიხარია, რომ თანამედროვე ქართულ პროზას, რომელიც არც ისეა განებივრებული სიტყვის ოსტატებით, ბესო ლაგვილავას სახით ღირსეული მოკალმე შეემატა.
ზაურ ნაჭყებია,
პუბლიცისტი