ავტორის წინათქმა
ბრიტანული ავიაციის დაბომბვისას დრეზდენში ჰაერის ტემპერატურამ რვაას-ათას გრადუსს მიაღწია. ბოლი და მტვერი ჰაერში ათი კილომეტრის სიმაღლეზე ავარდა. ამ ჯოჯოხეთისთვის თავი რომ დაეღწიათ, დრეზდენის მოქალაქეები მდინარე ელბაში ხტებოდნენ და არ იცოდნენ, ელბის წყალი რომ დუღდა და მდინარეს ჰამბურგამდე ერთი თვის შემდეგაც ჩაჰქონდა ასობით მოხარშული ადამიანის გვამი.
როცა მტვერი გაიფანტა, ადამიანებმა შენიშნეს, რომ ქალაქში მხოლოდ ერთი ლუთერანული ტაძარი ფრაუენკირხე გადარჩა. იფიქრეს, ღმერთმა დაიცვაო საკუთარი ტაძარი! თუმცა რამდენიმე დღეში ისიც ჩამოიშალა. აღმოჩნდა, ქვები შიგნიდან იწვოდა.
წლების შემდეგ, როცა ქალაქის ნანგრევების გატანა მოხერხდა, აღმოაჩინეს ქალაქში გადარჩენილი მაისენის ფაიფურის ფილებით დაფარული გრძელი კედელი... ამ კედელზე ევროპის ყველაზე ძველი სამეფო დინასტიის საქსონიის მარკგრაფების, კურფიურსტების და მეფეების დასაქსონიის უდიდეს შვილთა, მეცნიერთა, მხატვართა, ხელოსანთა გამოსახულებებია. პანოზე დროის მიხედვით დაწყობილი მხედრები ერთი მიმართულებით მიდიან.
ეს ფაქტი ჩემთვის მხოლოდ ისედაც ცნობილი საქსონური მაისენის ფაიფურის ხარისხის რეკლამად დარჩებოდა, რადგან ფაიფურით დაფარული კედელი ერთადერთი იყო, რაც ქალაქ დრეზდენში ჯოჯოხეთურ ცეცხლს გადაურჩა, რომ არა ამ უზარმაზარი პანოს ერთი უცნაურობა... რატომღაც მასზე გამოსახული ადამიანები, ცხენზე ამხედრებულნი თუ ფეხით მოსიარულენი, რომლებიც უდიდეს როლს ასრულებდნენ თავისი ეპოქის ევროპის ისტორიაში, პირით აწმყოდან წარსულისკენ მიემართებიან!
დრეზდენში ხშირად მიწევს ყოფნა. ყოველთვის ვჩერდები ამ პანოს წინაშე და ვფიქრობ... სვლა აწმყოდან წარსულისკენ... აწმყოდან წარსულისკენ... ნეტა რა ჩანაფიქრი ჰქონდა ავტორს?!
არადა, არავინ წერს ისტორიას ბოლოდან თავისკენ...
მაგრამ...
მოდი, ავდგეთ და ჩვენ მოვიქცეთ ისე, როგორც არასდროს არავინ... აწმყოდან შევცვალოთ წარსული და... სანამ ბოლო სიტყვას იტყვის, – „დამთავრდა“, – იქამდე ჯვარიდან გარდმოვხსნათ მკვდარი კი არა, ცოცხალი იესო... ან იქნებ ჯვრამდეც არ მივუშვათ... ქრისტეს ბედზე ხელი არ დავაბანინოთ პილატეს... სიჯიუტე შევმატოთ, ისედაც ჯიუტ და სასტიკ პრეფექტს იუდეისას და რომაელ ლეგიონერთა დახმარებით მოედნიდან გავაყრევინოთ ბრბო, რომელიც ბარაბას სიცოცხლეს არჩევს იესოსას და მოითხოვს, – „ჯვარს აცუ ეგე!“
რა მოხდება მაშინ?! დადგება თუ არა საყოველთაო მშვიდობის და სიკეთის ჟამი?!
ან იქნებ პირიქით... იქნებ უარესად წავიდეს დედამიწის და დედამიწელთა საქმე?!
ეს ისტორია უკრაინის ომში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცზეა.
წარმოიდგინეთ, ბოლოდან თავისკენ რომ გვენახა დიდი ფილმი „ჯარისკაცის მამა“. რას ვნახავდით?! გიორგი მახარაშვილი ეუბნება შვილს, – „დედაშენს რა ვუთხრა, შვილო“ და ამ სიტყვებით შეძრული სასიკვდილოდ დაჭრილი გოდერძი იღვიძებს და ამბობს, – „მამა“... შემდეგ ეს მამა ტყვიის ზუზუნში უკან კიბეზე ჩარბის და გოდერძი სიმღერას იწყებს... ქვევიდან მას ეხმიანება მამა, რომელიც მის მოსაძებნდა წავიდა ფრონტზე და მამა-შვილს შორის ცნობილი დიალოგი იმართება! ბოლოს კი... ბოლოს, ფილმის ფინალში გიორგი მახარაშვილი კახეთში ბრუნდება, ვენახს სხლავს და ცოლს ელაპარაკება, რადგან იცის, მისი შვილი ცოცხალია... ის მალე დაბრუნდება და კარგ საფერავს დაახვედრებს მამა... მოდით, ვიაროთ წარსულისკენ და ვიპოვოთ ... მშვიდობა!
მაგრამ... წარსულში ჯერ კიდევ ცოცხალ ქრისტეს რომ ჩავასწროთ და ჯვრიდან ცოცხალი გარდმოვხსნათ... მეტიც, ქრისტეს ბედზე ხელი არ დავაბანინოთ პილატეს... მოვა კი მშვიდობა?!
იქნებ მშვიდობა მხოლოდ შესვენებაა ომებს შორის?!