შესავალი ვკვდები, იმიტომ რომ არ ვკვდები
(წმინდა ტერესა დე ხესუს)
ქრისტიანობა იმგვარი უნივერსალურად სულიერი ღირებულებაა, რომელიც თავისი ფესვებით ადამიანის ინდივიდუალობის სიღრმეებში მიდის. იეზუიტები ამბობენ, რომ ქრისტიანობაში საუბარია ჩვენი ინდივიდუალური, პირადი ხსნის სარგებლის შესახებ. და თუმცა იეზუიტებს ეს შეხედულება პრინციპის რანგში აქვთ ატანილი, აქ ჩვენ ის მხოლოდ წინასწარი თეზისის სახით უნდა მივიღოთ.
ვინაიდან საუბარი ერთობ ინდივიდუალურის შესახებაა, შესაბამისად კი უნივერსალურის, შევეცდები შემოვხაზო იმ ერთობ პირადი და კერძო ხიასიათის სიტუაცია, რომელშიც იმის წერას შევუდექი, რაც შენს სამსჯავროზე გამომაქვს, ჩემო მკითხველო.
ჩემი საბრალო ესპანური სამშობლოს სამხედრო დიქტატურამ[1] კუნძულ ფუენტევენტურაზე განმდევნა, სადაც საშუალება მომეცა ჩემი რელიგიური, და მეტიც, მისტიური გამოცდილება გამეღრმავებინა. იქიდან დახსნილ ვიქენი ფრანგული აფროსანით, რომელმაც საფრანგეთის სანაპიროს მიმაყენა, და მე ახლა აქ, პარიზში დავბინავდი, ჩემს ეულ სენაკში, რომელიც ტრიუმფალური თაღიდან არცთუ ისე შორს მდებარეობს, სადაც იქნა ეს ყოველივე დაწერილი. აქ, პარიზში, ისტორიით, სოციალური და სამოქალაქო ცხოვრებით გადაჯერებულ პარიზში, თითქმის შეუძლებელია რაიმე სახის თავშესაფრის პოვნა, სადაც ისტორიას დაემალებოდი, ამიტომ მისი განცდა გიწევს. აქ, პარიზში, ვერც სალამანკის მთიან ქედებს დავინახავ, რომლებიც თითქმის მთელი წელი თოვლითაა დაფარული, ჩემი სულის ფესვებს რომ კვებავენ; ვერც პალენსიის უკიდეგანო და უდაბურ ველებს, სადაც ჩემი უფროსი ვაჟის კერა დავტოვე და სადაც ჩემი სული სიმშვიდეს პოულობდა; ვერც ზღვას, რომლის წყლებიდან ყოველდღე იბადება მზე ფუენტევენტურაზე. აქ სენა მოედინება და არა ჩემი მშობლიური ბილბაოს ნერვიონი, რომელშიც ზღვის გულისცემის მოხელთება შეიძლება მისი მიქცევებითა და მოქცევებით. აქ, ამ სენაკში, პარიზში სულს კითხვა მითბობდა. მე ალალბედზე ვკითხულობდი იმას, რაც ხელთ ჩამივარდებოდა. ამ ალალბედობაში კი თავისუფლებას აქვა ფესვი გადგმული.
აი, ასეთ რელიგიურ და, გავბედავ ვთქვა, ქრისტიანულ ინდივიდუალურ სიტუაციაში ბატონმა პ.ლ. კუშუმ მთხოვა დამეწერა ბროშურა მის მიერ გამოსაცემი ქრისტიანული სერიისთვის. მანვე მიკარნახა სათაური: „ ქრისტიანობის აგონია “ , რადგან უკვე იცნობდა ჩემს წიგნს „ ცხოვრების ტრაგიკული განცდის შესახებ “ .
როდესაც ბ-ნმა კუშუმ ამ თხოვნით მომმართა, მე შარლ მორას[2] Enqueste sur la monarchie[3]-ს ვკითხულობდი - ო, რაოდენ დაშორებულს სახარებისგან! - რომელიც მკითხველს იმ კონსერვებით უმასპინძლდება, აწ გარდაცვლილი გრაფ ჟოზეფ დე მესტრის[4] გაფუჭებული ხორცით რომაა დამზადებული.
ამ აბსოლუტურად არაქრისტიანულ წიგნში შევხვდი ამონარიდს 1903 წლის L ’ Action Fran ç aise[5]-დან, რომელშიც ნათქვამი იყო: „ ჭეშმარიტი პატრიოტისთვის სამშობლო ყველაფერზე მეტია, ამიტომაც ის ყველა პოლიტიკურ საკითხს წამოაყენებს, განიხილავს და წყვეტს ეროვნული ინტერესის შესაბამისად. “ ამის წაკითხვისას გამახსენდა: „ ჩემი მეუფება არ არის ამქვეყნიური “ , და მყისვე ვიფიქრე, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის - თუკი ჭეშმარიტი ქრისტიანი საერთოდ შესაძლებელია სამოქალაქო ცხოვრების სფეროში - ნებისმიერი საკითხი, იქნება ის პოლიტიკური თუ სხვა, უნდა წამოჭრილ, განხილულ და გადაწყევტილ იქნას მარადი ხსნის ინტერესით, მარადიულობის თვალსაზრისით. მაგრამ, თუ სამშობლო იღუპება? ქრისტიანის სამშობლო არ არის ამქვეყნიური. ქრისტიანმა სამშობლო ჭეშმარიტებისთვის უნდა გაიღოს მსხვერპლად.
ჭეშმარიტება! „ ...ამ საკითხზე უკვე აღარავინ ცდება, და კაცთა მოდგმა, კითხულობს რა ბრძენის თვალებში, ნართაულის გარეშე ეკითხება, რა უნდა ვქნათ, თუ ჭეშმარიტება თავის სიღრმისეულ საფუძველში მწუხარეა “ , - წერდა ე. რენანი[6].
კვირას, 30 ნოემბერს ამ ბედნიერი - ან უბედური - 1924 წლისა ღვთისმსახურებას ვესწრებოდი წმინდა სტეფანეს სახელობის ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში, რომელიც აქვე, ჟორჟ ბიზეს ქუჩაზე მდებარეობს. იქ, იესოს დიდ ხატზე, რომელიც ტიმპანს ავსებდა, ბერძნულად ეწერა: „ მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. “ ამ წარწერის წაკითხვის შემდეგ მე კვლავ განმარტოებულ კუნძულზე წარმოვიდგინე თავი, და მყისვე ვიფიქრე, უფრო სწორად კი წარმომესახა: მართალია თუ არა, რომ გზა, სიცოცხლე და ჭეშმარიტება ერთი და იგივეა; როგორაა საქმე, თუ ჭეშმარიტება გვკლავს, სიცოცხლე კი გვატყუებს? სწორედ ამან მიმიყვანა აზრამდე ქრისტიანობის აგონიის შესახებ საკუთარ თავსა და თითოეულ ჩვენგანში. საერთოდაც, ნუთუ შესაძლებელია ქრისტიანობა თითოეული ჩვენგანის გარეშე?
სწორედ აქ არის დაფარული ტრაგედიის ფესვი. ჭეშმარიტება ხომ რაღაც კოლექტიურია, სოციალური, სამოქალაქო: ჭეშმარიტია ის, რაშიც ყველა ვეთანხმებით ერთმანეთს და რისი მეშვეობით გვესმის ერთმანეთის. ქრისტიანობა კი ინდივიდუალურია, რაც სხვისთვის გადაცემას არ ექვემდებარება. სწორედ ამიტომ განიცდის ის აგონიას თითოეულ ჩვენგანში.
„ აგონია “ , α γ ω ν ι α ნიშნავს ბრძოლას. აგონიას განიცდის ის, ვინც ბრძოლაში ცხოვრობს, ვინც თვით ცხოვრებას ებრძვის. და სიკვდილსაც. „ ვკვდები,