წინასიტყვაობა „რაც უფრო ავმაღლდებით, მით
უფრო ამაღლდება ეს სამყაროც!“
უნამუნო
„მე არ მეგულება უნამუნოზე უფრო სრული და კომპაქტური პიროვნება!“ - წერდა ფილოსოფოსი ხოსე ორტეგა ი გასეტი. მის სიტყვებს დაამოწმებს თავად უნამუნოს ესეი „სისრულე სისრულეთა და ყოველივე სრული“, რომელშიც ცხადადაა წარმოჩენილი მწერლის სულიერი სამყარო, მისი ცხოვრების, შემოქმედებისა და მოღვაწეობის აზრი და მიზანი, ეთიკური თუ ესთეტიკური მრწამსი. ესპანეთის „მეორე ოქროს ხანასაც“ კი არ ჰყოლია ასეთი მრავალმხრივი მოღვაწე - მოაზროვნე, შემოქმედი, მწერალი, პოეტი ესეისტი, დრამატურგი, ფილოსოფოსი, უნივერსალურად განათლებული, თავგანწირული პატრიოტი.
„უნამუნოსგან დაიწყო ფილოსოფიაზე ჩვენი ფიქრი და ზრუნვა“, - ადასტურებს პოეტი ხუან რამონ ხიმენესი. ნამდვილად დიდი იყო მისი წვლილი თავისი დროის აზროვნების ჩამოყალიბება-დადგენაში; ცნობილია, რომ დღემდე ისეთივე სიმწვავით დგას მის მიერ წამოჭრილი პრობლემები (არა მარტო ესპანეთში) - ისტორიისა, რელიგიისა, რეგიონების ურთიერთდამოკიდებულებისა, განათლებისა, ეროვნული ენისა თუ დიალექტებისა, ხელოვნების ადგილისა და დანიშნულებისა, მამებისა და შვილების ურთიერთმიმართებისა, პოლიტიკური, სოციალური და მრავალი სხვა. ასევე დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ უნამუნომ დაასწრო მრავალ მხატვრულ ფორმას, ექსპერიმენტს, ეგზისტენციალისტურ კონცეფციებს, რაც მოგვიანებით, XX საუკუნეში გაცხადდა. აღსანიშნავია ისიც, რომ თავისი ფილოსოფიისა და მხატვრული შემოქმედების ცენტრში მან დააყენა ადამიანი-პიროვნება, ინდივიდი, ხოლო ფილოსოფიური ჭეშმარიტების პიროვნული ხასიათის დაცვისა და მტკიცებისათვის მის ფილოსოფიას პერსონალიზმსაც უწოდებენ. ამასთან, საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ უნამუნო თავადვე გახლდათ პიროვნება, ვინც სინამდვილეში განიცადა, იცხოვრა და იგრძნო ის ყოველივე, რაზეც წერდა და რისთვისაც იღვწოდა.
* * *
მიგელ დე უნამუნო დაიბადა 1864 წელს ქალაქ ბილბაოში, ბასკების ქვეყანაში; მიიღო ტრადიციული განათლება, სწავლა განაგრძო მადრიდში ფილოლოგიისა და ფილოსოფიის განხრით. უკვე 1884 წელს დაიცვა დისერტაცია „ბასკების წარმოშობისა და წინაისტორიისთვის“, მოიპოვა დოქტორის ხარისხი, დაბრუნდა ბილბაოში და ლათინური ენის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. იმავე დროს ადგილობრივ ჟურნალ-გაზეთებში აქვეყნებდა წერილებსა და ნარკვევებს. 1891 წელს იქორწინა თავის სიყმაწვილის დროინდელ შეყვარებულზე, კარმენ ლისარაგაზე, ჰყავდა რვა შვილი და სიცოცხლის ბოლომდე იყო ერთგული მეუღლე და ოჯახის მოყვარული მამა. 1891 წელს სალამანკის უნივერსიტეტში მიიღო ბერძნული ენისა და ლიტერატურის კათედრა, შემდეგ კი გახდა ამ უძველესი უნივერსიტეტის რექტორი და სიკვდილამდე ცხოვრობდა ამ ქალაქში, სადაც ჩამოყალიბდა მისი მსოფლმხედველობა და შემოქმედებითი სტილი. ამ პერიოდშივე შექმნა ესეები: „ოდინდელობისთვის“, „ადამიანის ღირსებისთვის“, „პატრიოტიზმის კრიზისი“, „ესპანური თეატრის აღორძინებისთვის“ და სხვა, რომლებიც აღიარეს განახლებისთვის მოძრაობის დასაბამად.
მიგელ დე უნამუნოს ცხოვრება და მოღვაწეობა მოუხდა ესპანეთისთვის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ პერიოდში. XIX საუკუნის მიწურული და XX საუკუნის პირველი ოცდაათი წელი ქვეყნისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. იმ დროისთვის ხალხს შემორჩა მხოლოდ ნოსტალგია გარდასული კეთილდღეობის გამო, რაც კიდევ უფრო დაამძიმა შემდგომმა მოვლენებმა - 1898 წელს ესპანეთ-ამერიკის ომში ქვეყნის სასტიკმა დამარცხებამ და კოლონიების დაკარგვამ გამოავლინა ბურბონთა მონარქიის სოციალურ-ეკონომიკური თუ კულტურული ჩამორჩენილობა, ამას მოჰყვა ხალხის მღელვარება, მონარქიის დაცემა, დიქტატურის დამყარება, კლასობრივი დაპირისპირება, სახალხო ფრონტი, ფაშისტური ამბოხი, ქვეყნის ორ მტრულ ბანაკად გაყოფა, სამოქალაქო ომი. ქვეყანა მოიცვა ქაოსმა, რასაც მოჰყვა ტოტალიტარული რეჟიმის დამყარება. ყოველივე ამან ქვეყანა მრავალი წლით ამოაგდო ისტორიის მდინარებიდან. მემატიანეები წერდნენ: აღარც ჯარი დარჩა, აღარც ხალხი, აღარც ფული, აღარც ერი და აღარც სირცხვილის გრძნობაო. „იმ გოლიათისგან დღეს ოდენ ჩონჩხიღა ძევსო“, - დასძენდა დიდი პოეტი ანტონიო მაჩადო. ესპანეთს აშკარად ემუქრებოდა დასავლეთის განაპირა პროვინციად გადაქცევის საშიშროება.
ქვეყნის ეს კრიტიკული მდგომარეობა განსაკუთრებით მწვავედ აღიქვა მოაზროვნეთა ერთმა ჯგუფმა, მით უმეტეს, შემოქმედთა იმ დიდებულმა კოჰორტამ, რომელიც ამ დროს გამოვიდა ასპარეზზე (მიგელ დე უნამუნო, ხოსე ორტეგა ი გასეტი, რამონ დელ ვალიე-ინკლანი, მენენდეს პიდალი, ხუან რამონ ხიმენესი, ანხელ განივეტი, პიო ბაროხა და სხვ.) და ამ ეტაპს ეწოდა ესპანეთის „მეორე ოქროს ხანა“. მათ გეზი მისცა მიგელ დე უნამუნომ, რომლის გარშემო შეიკრა წრე, რომელიც ცნობილი გახდა როგორც „1898 წლის თაობა“, ანუ „კატასტროფის თაობა“ და რომლის აზრი, მიზანი და მოქმედება განსაზღვრა ისევ უნამუნოს ფრთიანმა გამოთქმამ „მე მტკივა ესპანეთი!“ თავად უნამუნო ეროვნული ღირსების გამძაფრებულმა გრძნობამ, პატრიოტიზმმა, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ღრმა შეგნებამ დააყენა ხალხის გვერდით და შთააგონა საკუთარი მოქმედებისა თუ შემოქმედების ქვეყნის საკეთილდღეოდ წარმართვის აუცილებლობა. ამავე დროს მან ჩამოაყალიბა მეტად მნიშვნელოვანი „ისტორიისა და ინტრაისტორიის“ კონცეფცია.
დიქტატურის გაუსაძლისი რეჟიმის პირობებში უნამუნომ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ამხელდა მეფე ალფონსო XIII-ს გენერლებთან შეთანხმებისა და ასეთი რეჟიმის შექმნის ხელშეწყობისთვის, რისთვისაც იგი გაათავისუფლეს უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობიდან და გადაასახლეს კანარის კუნძულებზე. იქიდან ჟურნალისტების ხელშეწყობითა და