პროლოგი
დონ მიგელ დე უნამუნო დაბეჯითებით მოითხოვს დავუწერო პროლოგი წიგნისა, რომელშიც მოგვითხრობს ჩემი კეთილი მეგობრის, აუგუსტო პერესის სევდიანი ცხოვრებისა და იდუმალი სიკვდილის ამბავს; უარი ვერ შევბედე – სენიორ უნამუნოს სურვილი ჩემთვის კანონია. მართალია, იმ უკიდურეს, ჰამლეტისებურ სკეპტიციზმამდე არ მივსულვარ, რომ ჩემი მეგობრის, პერესის მსგავსად საკუთარ არსებობაშიც კი ეჭვი შევიტანო, მაგრამ საკმაოდ კარგად მესმის, რამდენად უცხოა ჩემთვის ის თვისება, რასაც ფსიქოლოგები ნებელობის თავისუფლებას უწოდებენ; თუმცა თავს იმით ვინუგეშებ, რომ თვით დონ მიგელისთვისაც უცხოა იგი.
მკითხველს ალბათ გაუკვირდება – დონ მიგელისთანა ღირსეული და სახელგანთქმული მწერლის წიგნის პროლოგს ვწერ მე, ესპანური ლიტერატურის სამფლობელოში სრულიად უცხო კაცი; პროლოგებს, ჩვეულებრივ, უფრო ცნობილი მწერლები წერენ, მაშასადამე, მკითხველი საზოგადოების წინაშე წარადგენენ ხოლმე ნაკლებად ცნობილთ. მაგრამ მე და დონ მიგელი შევთანხმდით, ბოლო მოვუღოთ ამ მავნე ჩვევას და პირუკუ მოვიქცეთ: ამჯერად, უცნობმა წარადგინოს ცნობილი. სიმართლე ითქვას, წიგნებს უფრო შინაარსისთვის ყიდულობენ, ვიდრე პროლოგისთვის, ამდენად, ისიც ბუნებრივია, თუ ჩემისთანა ახალგაზრდა დამწყები მწერალი, საზოგადოების ყურადღების მიპყრობის მიზნით, ლიტერატურის ვეტერანს კი არ დააწერინებს საკუთარი წიგნის პროლოგს, არამედ სთხოვს, თქვენი წიგნის პროლოგი დამაწერინეთო. აი, როგორ შეიძლება გადაწყდეს მამებისა და შვილების მარადიული დავის კიდევ ერთი საკითხი.
ესეც არ იყოს, მე და დონ მიგელ დე უნამუნოს სხვაც ბევრი რამ გვაკავშირებს. ამ წიგნში – რომანს დავარქმევთ მას, თუ რიმანს (იხილეთ გვ. 151, სადაც აშკარად ჩანს, რომ ეს სიტყვა მე გამოვიგონე) დონ მიგელი გადმოგვცემს ჩემი საუბრების შინაარსს ბედშავ აუგუსტო პერესთან და გვიყვება ჩემი ვაჟიშვილის, ვიქტორსიტოს ნაგვიანევი დაბადების ამბავს. გარდა ამისა, დონ მიგელს, ვგონებ, შორეულ ნათესავადაც ვერგები – ჩემი გვარი მის საგვარტომოში მოიხსენიება, რასაც ჩემი მეგობრის, სამეცნიერო სამყაროში დიდად სახელგანთქმული ანტოლინ ს. პაპარიგოპულოსის უმეცნიერულესი გენეალოგიური გამოკვლევებიც ადასტურებს.
წინასწარ ძნელია თქმა, თუ როგორ მიიღებს მკითხველი დონ მიგელის ამ წიგნს და რა აზრი შეექმნება ავტორზე. კარგა ხანია თვალყურს ვადევნებ დონ მიგელის ხელჩართულ ბრძოლას ჩვენი საზოგადოების მიამიტობასთან და, უნდა გამოვტყდე, გაოცებას ვარ, რაოდენ შეუპოვარსა და ალალმართალ ბრძოლას ეწევა იგი. „მუნდო გრაფიკოში“ გამოქვეყნებული სტატიებისა და სხვა მსგავსი წერილების დაბეჭდვის შემდეგ მან აურაცხელი ბარათი და პროვინციული გაზეთების ამონაჭრები მიიღო, რამაც თვალნათლივ დაანახვა ჩვენს ხალხში ჯერ კიდევ შემორჩენილი მიამიტი მინდობილობისა და შეუბღალავი გულმართლობის ჭეშმარიტი საგანძური, ეს ხალხი ხან იმას ცდილობს, განმარტოს სენიორ უნამუნოს ნათქვამი, ვითომ სენიორ სერვანტესი (ისიც დონ მიგელი) არცთუ უნიჭო კაცი იყოო და ეტყობა, ცოტა აღშფოთებულიც არის მისი „უპატივცემულოდ“ მოხსენიების გამო; ხან თითქოს გული მოულბებათ ხოლმე სენიორ უნამუნოზე, რომელიც ასერიგად დაასევდიანა ფოთოლცვენამ; მერე ერთბაშად აღფრთოვანდებიან ლოზუნგით: „ომი – ომს!“, გულისტკივილით რომ აღმოხდენია იმ ხალხის შემხედვარეს, რომელიც იხოცება, თუმცა არავინ კლავს; ხან კაფეებში, თავყრილობებსა თუ კლუბებში დონ მიგელის მიერ აკრეფილ უკბილო, ძალზე გაცვეთილსა და უხამსზე უხამს ჭეშმარიტებებს იმეორებენ, რადგან თავისად ცნობენ და უხარიათ: ერთი უცოდველი კრავი კიდეც ბრაზობს, როგორ მოუვიდა დონ მიგელს, სიტყვის ამ უბადლო ოსტატს, „კულტურა“ ასომთავრულით რომ დაუწერია და ისიც „კ“ ასოთი თანაც აკი იმითაც ტრაბახობს, მკითხველის გატაცების დიდი უნარი მაქვსო და იქვე აღიარებს, ქათინაურისა და კალამბურისა არაფერი გამეგებაო; მიამიტ მკითხველს რომ ჰკითხო, ნიჭიერება და მომხიბლაობა სწორედ ქათინაურსა და კალამბურში ჩანს.
კიდევ კარგი, ეს მართლაცდა მიამიტი მკითხველი დონ მიგელს ზოგიერთ ეშმაკობას ვერ მიუხვდა და, აი, კერძოდ, რას: როცა დონ მიგელს მოეპრიანება ხალხს თვალებში ნაცარი შეაყაროს, დაწერს სტატიას და ზოგიერთ სიტყვას, სადაც მოხვდება და როგორც მოხვდება, ხაზს გაუსვამს, ამასაც არ იკმარებს, ისე აურ-დაურევს ფურცლებს ერთმანეთში, რომ თავადაც ვერ მიაგნოს, სად რა გახაზა; ეს რომ გამიმხილა, ვკითხე, მერე ამას რატომ სჩადიხარ-მეთქი, და ასეთი პასუხი გამცა: „აბა, რა ვიცი!.. ალბათ, თავის შესაქცევად! ესეც ერთგვარი პირუეტია! ამის გარდა, ამ კურსივებმა და ხაზგასმებმა მთლად გული გამიწყალა! მკითხველის შეურაცხყოფა და აბუჩად აგდებაა და მეტი არაფერი, თითქოს აფრთხილებდე – ეი, შენ, ბრიყვო, დააკვირდი, რა ღრმა აზრი დევს აქაო! სწორედ ამიტომ ვურჩიე ერთ ვაჟბატონს, სტატიები თავიდან ბოლომდე კურსივით წერე, თუ გინდა, ხალხმა დაგაფასოს-მეთქი. კურსივები და სხვა ამისთანა რამეები მხოლოდ მწერლის პანტომიმაა, რაკი თავის სათქმელს ინტონაციითა და მახვილით ვერ გამოხატავს; სხვათა შორის, ნურც ის დაგავიწყდება, ძვირფასო ვიქტორ, რომ უკიდურეს მემარჯვენე გაზეთებში ეგრეთ წოდებული „ტრადიციონალისტები“ მხოლოდ კურსივით წერენ, სულ დაყოფებსა და ასომთავრულებს,