ამბავი ერთი სიყვარულისა -
1
რიკარდო ერთი ხანია გრძნობდა, რომ ეს სასიყვარულო ურთიერთობა მოჰბეზრდა, ღობესთან უთავბოლო ყურყუტმა დაღალა; ასე ეგონა, მოვალეობას იხდიდა და სწორედ ეს მოვალეობა აწვა მხრებზე მძიმე ტვირთად. თუმცა კი ასრულებდა, მაგრამ ასრულებდა უხალისოდ, ძალისძალად. არა, მას არ უყვარდა ლიდუვინა და, ალბათ, არც არასდროს შეუყვარდებოდა. ეს გრძნობა უფრო იმ ყმაწვილის გატაცებას ჰგავდა, რომელიც ქალის არსს შეიცნობს თუ არა, პირველივე ქალი, ვინც გზად შემოეყრება და სხივიან თვალებს შეანათებს, უმალ შეუყვარდება, თუნდაც იცოდეს, რომ იგი იმ ბედის გზას გაუმრუდებს, ცაში რომაა გადაწყვეტილი. და აჰა, ერთ დღესაც, ზიარება რომ მიიღო და მერე ალალბედზე გადაშალა სახარება, აკი სწორედ ის სტრიქონები მოხვდა თვალში და ნამდვილად არ მოსჩვენებია, ცხადად ამოიკითხა: „წარვედი ყოველსა სოფელსა და უქადაგეთ სახარებაი ესე ყოველთა დაბადებულთა“ (მარკოზი ხვ.15). ეს იყო მისი ვალი და მოწოდება, სახარება უნდა ექადაგა, მაგრამ ჯერ სასულიერო წოდებაზე უნდა ეზრუნა, ალბათ, ჯობდა მონასტერში ბერად აღკვეცილიყო, ამისთვის იყო დაბადებული, უფლის სიტყვა უნდა მიეტანა ხალხთან და არა იმისთვის, რომ ოჯახის მამა გამხდარიყო, მით უმეტეს, საქმრო.
ლიდუვინას კარ-მიდამო ურსულელთა მონასტერს ემიჯნებოდა, რომელსაც გარს ქვის მაღალი გალავანი ჰქონდა შემოვლებული და შუაში ვიწრო შუკა ჩაუდიოდა. გალავანს კვიპაროსის ფართოდ გაშლილი, მძიმე ტოტები ეფინებოდა და იქ მუდამ ბეღურები ჟივჟივებდნენ. საღამო ჟამს მწვანედ ჩამუქებული კვიპაროსი კიდევ უფრო ჩამუქდებოდა და აგიზგიზებული დასალიერის ფონზე მით უფრო მკვეთრად იხატებოდა; და ამ საღამოს სიმყუდროვეში მონასტრის ზარებიც აგუგუნდებოდა, თითქოს კვერს უკრავდა და კიდეც წააქეზებდა, - „წარვედი ყოველსა სოფელსა და უქადაგეთ სახარებაი ესე ყოველთა დაბადებულთაო“.
მათი საუბრებიც ნაძალადევი და უხალისო იყო. რკინის მესერი, საქმროსა და საცოლეს რომ აცალკევებდა, ციხის გისოსებს მოგაგონებდათ და იყვნენ კიდეც ისინი ტყვეები, მაგრამ არა სიყვარულისა თუ ნაზი გრძნობისა, არამედ ერთგულებისა და პატიოსნების ღრმა პატივისცემისა; მაგრამ როცა რიკარდო ლიდუვინას აბანოზისფერ თვალებს შეჰყურებდა, უწინდებურად ვეღარ გრძნობდა, რომ სულით მაღლდებოდა.
- თუ საქმე რამ გაქვს, ჩემი გულისთვის ნუ გაცდები, - უთხრა ერთხელაც ლიდუვინამ.
- საქმეო? რა საქმე უნდა მქონდეს ამაზე უკეთესი, შენ რომ გიყურებ! - მიუგო მან.
და ორივე მაშინვე დადუმდა, რამეთუ მიხვდნენ ამ სიტყვების სიცარიელეს. ისინი უმეტესწილად ქალაქის ამბებზე ან რომელიმე შეყვარებულ წყვილზე ლაპარაკობდნენ და ქირქილებდნენ. ზოგჯერ ლიდუვინა უნებურად თავის ოჯახზე თუ დაიჩივლებდა, დამბლადაცემულ, დადუმებულ დედაზე ან შურისაგან ერთიანად ჩამომხმარ დაზე დაიწუწუნებდა; მათ სახლში ხომ მამაკაცი არ ჭაჭანებდა; მამა თითქმის არც ახსოვდა, ძმა კი ბუნდოვანი სიზმარივით აგონდებოდა, თოჯინასავით რომ ეთამაშებოდა და თუ კოცნას დაუპირებდა, დილის სიზმარივით გაქრებოდა.
ყოველ საღამოს, როცა რიკარდო ღობეს მოშორდებოდა და შინისაკენ გაუყვებოდა გზას, ეჩვენებოდა, არა, კი არ ეჩვენებოდა, თითქმის დარწმუნებულიც იყო, რომ მათი სიყვარული ისე მოკვდა, დაბადებაც ვერ მოასწრო; მაგრამ კვლავ ბრუნდებოდა, გეგონებოდათ, რაღაც იდუმალი ძალა ეზიდებაო. მას ხიბლავდა ის მშვიდი და თან ნაღვლიანი გარემო იმ შუკაში, ლამის ჰაერიც რომ გაეჟღინთა; მწვანედ ჩამუქებული კვიპაროსი, მონასტრის მაღალი, დაბზარული კედლები, დაისის მქრქალი შუქი, ბეღურების ჟივჟივი ისე ეხამებოდა ლიდუვინას შავ თვალებსა და შავი თმის ტალღებს, ასე ეგონა, საგანგებოდ მისთვის იყო შექმნილი. როცა დაისის ცეცხლისფერ ანარეკლს გასცქეროდა, მაშინაც საცოლის თმის ტალღებს ჭვრეტდა და თვალდათვალ უყურებდა, როგორ იმსჭვალებოდა იგი ამ ანარეკლისა და ზარების შთამაგონებელი გუგუნით. საბრალო რიკარდო, ამ სასიყვარულო ურთიერთობის ტყვე, ფიქრობდა, ეგებ თავად ლიდუვინაა ის კეთილი მაცნე, ასე რომ მიხმობს და მაგულიანებსო. მაგრამ იმავ წუთს მოეჩვენებოდა, თითქოს ქალიშვილის დალალებში უკანასკნელი სხივი რომ ქრებოდა, შავი მდინარის ტალღები გადაევლებოდა და ზღვისკენ მიაქანებდა დასანთქმელად განწირულს.
აღარაფერი დარჩა საჭოჭმანო, ეს ამბავი უნდა დასრულებულიყო, მაგრამ როგორ? როგორ უნდა ეღალატა ჩვევისთვის? როგორ გაეტეხა სიტყვა? ხალხის თვალში ერთი ქარაფშუტა და უმადური გამოჩენილიყო? რიკარდო იმასაც კარგად ხვდებოდა, რომ ლიდუვინასაც გაუცრუვდა იმედი, ამ სიყვარულმა ისიც დაღალა. და აი, ერთ დღესაც ისინი უსიტყვოდ გამოუტყდნენ ერთმანეთს და ეს მათ თვალებში, მათ საუბარში, უფრო სწორად, მათი თვალების უხმო საუბარში გაცხადდა ანგელუს-ის ლოცვის მერე. მათი საღამოები ხომ ისე ილეოდა, თითქოს გარდაცვლილი გრძნობების სადარაჯოდ ფხიზლობენო.
მაგრამ არა, ისინი არამც და არამც არ დაემსგავსებოდნენ სხვებს, ვისზეც თვითონვე ქირქილებდნენ, ისეთები არასდროს გახდებოდნენ. მაგრამ როგორ უნდა გაემხილათ ეს ერთმანეთისთვის, როგორ უნდა ეღიარებინათ, ყველაფერი დამთავრდაო, მეგობრებივით ხომ არ ჩამოართმევდნენ ერთმანეთს ხელს და ასე გულნატკენები დაშორდებოდნენ. თუმცა, ბოლოს და ბოლოს, შვებით ხომ მაინც