მკვლელობა და სიკვდილით დასჯა სისხლი, რომელსაც რუსეთის მთავრობა ღვრის და მკვლელობები, რომლებსაც ის სჩადის, არ შეიძლება სიკვდილით დასჯის იურიდიული ინსტიტუტად განვიხილოთ. სისხლის სამართლის მეცნიერების მიერ ეს კრიმინალური ინსტიტუტი უკვე კარგა ხანია მიზანშეუწონლად არის მიჩნეული, ხოლო კაცობრიობის მორალური ცნობიერება მის წინააღმდეგ დიდი ხანია აღმდგარია. მეორეს მხრივ კი, ის საშინელება, რომელიც ახლა ხდება, არ შეიძლება იურიდიულ ჭრილში იქნას განხილული, სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ არგუმენტირებაც თითქოს უადგილოა, და თავად საკითხიც უკიდურესად ელემენტარულს წარმოადგენს. კონტრრევოლუციამ შავი სიკვდილით გადაქელა რუსეთი, გამოიყენა ტერორის იმგვარი ტაქტიკა, რომლის წინაშე სამყაროს ყველა რევოლუციური ტერორი ფერმკრთალდება, და სიკვდილი მის უმთავრეს, თითქმის ერთადერთ იარაღად აქცია. ქვეყნის ყველა შავი და მხეცური ძალა ცდილობს შური იძიოს იმის გამო, რომ შერყეულია მათი უღმერთო სამეფო და რომ მათ ისტორიამ საბოლოოდ მოუხმო საუკუნეების განმავლობაში ჩადენილ დანაშაულთათვის პასუხსაგებად. კონტრრევოლუციური ტერორი, რომელსაც საზღვრები არ გააჩნია, მხეცური შურისგება და დაუცველთა ორგანიზებული მკვლელობები - აი, რას უწოდებენ დღეს ჩვენთან სიკვდილით დასჯას. ამ დანაშაულებებს სახელმწიფო ხელისუფლება სჩადის, რომელიც საკუთარ თავს ქრისტიანულად უწოდებს.
ნათქვამია: „ ვინც აიღებს მახვილს, მახვილითვე დაიღუპება. “ ეს სახელმწიფოს შესახებ არის ნათქვამი, რადგან სახელმწიფომ არა მხოლოდ პირველმა აიღო მახვილი, მისი აკვანი არა მხოლოდ დაირწა სისხლიან მკვლელობებში, არამედ მან მკვლელობა კანონად აქცია, სიკვდილი ცხოვრების ერთ-ერთ კანონად აღიარა. ცნობილია, რომ ისტორიულად სიკვდილით დასჯა სისხლიანი შურისძიებიდან განვითარდა და რომ სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღო მისაგებლის ორგანიზება, მოაშორა რა მას პიროვნული შემადგენელი. სისხლიანი შურისძიების სტიქია ირაციონალურია, მასში პირველყოფილი ქაოსი ირხევა და იგი ბევრად კეთილშობილი და წმინდაა, ვიდრე სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული, გონებით განსჯილი და მხეცურად გაცნობიერებული შურისძიება, ვიდრე მისი ჯოჯოხეთური უპიროვნობა. სიკვდილი საზარელია, მკვლელობა კი ამაზრზენი, მაგრამ რა უნდა ვთქვათ სიკვდილის შესახებ, რომელიც სიცოცხლის კანონად არის ქცეული, და მკვლელობის შესახებ, რომელიც ამა ქვეყნის ძლიერთა მიერ გაცნობიერებულად არის ორგანიზებული ცხოვრებაში მოჩვენებითი წესრიგის შესანარჩუნებლად? არსებობს ამქვეყნად უფრო მაღალი ჭეშმარიტება, ვიდრე ეს სისხლიანი შურისძიებაა, და არც ჩვენი გონება მოგვიხმობს შურისძიებისკენ, მაგრამ არა სახელმწიფომ უნდა შეგვახსენოს ეს ჭეშმარიტება, არა სახელმწიფოს წინაშე იქნება პასუხი გასაცემი მკვლელობისათვის. ადამიანს უთხრეს: „ არა კაც ჰკლა “ , მაგრამ სახელმწიფომ, სახელმწიფო ადამიანებმა და ხელისფულების წარმომადგენლებმა ეს მცნება საკუთარ თავზე არ მიიღეს, მათ იგი მხოლოდ ხელქვეითთა მიმართ გამოიყენეს, საკუთარ არსებობას კი მხეცური კანონით ინარჩუნებენ, რომელმაც არაფერი იცის ღმერთის შესახებ.
სიკვდილი სამყაროული ბოროტების უკიდურესი, უსაშინლესი გამოხატულება, ღმერთისგან სამყაროს განშორებაა, რელიგიის მიზანს კი ყოველთვის სიკვდილის დამარცხება, მარადი სიცოცხლის დამკვიდრება წარმოადგენდა. თუ ქრისტეს ჯვარცმა სიკვდილზე გამარჯვება იყო, იგი იმავდროულად მკვლელობის ყველაზე მძლავრი და რელიგიური დაგმობაც იყო. ჭეშმარიტი ქრისტიანები ამტკიცებდნენ, რომ სიკვდილით დამსჯელი ქრისტეს მწვალებელთა საქმეს უერთდებოდა, კლავდა რა ადამიანთან ერთად ღმერთსაც.
რევოლუციონერებს, რომლებიც პოლიტიკურ მკვლელობებს სჩადიან და რასაც სახელმწიფო იმოწმებს საკუთარ დანაშაულებათა გამართლებისთვის, პირველებს არ აღუმართავთ მახვილი, ისინი არ კლავენ „ ცივად “ , არ კლავენ „ შეუიარაღებლებს “ . ეს მკვლელობები შემზარავია, ჩვენ გვსურს გამოვიდეთ სისხლიანი წრიდან, რომელშიც მთავრობამ შეაბიჯა, მაგრამ ყველა ვერ ბედავს მათ გაკიცხვას, ყველას არ აქვს მინიჭებული ამის უფლება და ყველაზე ნაკლებად, რასაკვირველია, უდანაშაულოთა სისხლით მოსვრილ სახელმწიფო ხელისუფლებას. ცალკეულ გმირთა მიერ ჩადენილ პოლიტიკურ მკვლელობებში, დუელებსა და ღირსების დაცვის საქმეში ადამიანი საკუთარ სიცოცხლესაც სწირავს, საკუთარი თავით აგებს პასუხს, სახელმწიფო კი ყოველთვის უპასუხისმგებლოა მისი უპიროვნობით. „ ქაოსიდან “ მომდინარე მკვლელობა მეტად უმანკო, კეთილშობილი და ჩვენი სინდისისთვის მეტად მისაღებია, ვიდრე მკვლელობა „ კანონის “ შესაბამისად, ცივი, მხეცური, გააზრებული და შურისმგებლური. როგორც ქაოტურ, ისე კანონიერ სიკვდილს თავისუფალი ჰარმონია გადალახავს, მაგრამ, იმავდროულად, გვწამს, რომ განკითხვის დღეს პირველ რიგში პასუხს კანონიერ მკვლელებს მოსთხოვენ, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ სიკვდილის გადალახვას, და მარადი სატანჯველი წარმოუდგება მათ თვალახელილ გონებას, და მიხვდებიან ისინი, თუ ვის ემსახურებოდნენ.