სიმართლისა და სამართლიანობის შესახებ ერთა ბრძოლაში I
ყველაზე გავრცელებული შეხედულება, რომლის მიხედვით ამა თუ იმ ერის მიერ ომის წარმოებას ამართლებენ, ის არის, რომ სიმართლე და სამართლიანობა ამ ერის მხარესაა. ამავდროულად, მოწინააღმდეგე ერს სიცრუისა და უსამართლობის წყაროდ წარმოადგენენ. ეს - ომის წმინდად მორალური შეფასება, პირადი ცხოვრების მორალურ კატეგორიათა გადატანაა ერთა ისტორიულ ცხოვრებაზე. ომში საკუთარი ერისათვის ამგვარი განსაკუთრებული სიმართლის მინიჭება, ხოლო მოწინააღმდეგე ერისთვის - უკიდურესი უმართლობისა, ხშირად ფარული პაციფიზმის გამოვლინებაა, რამაც იძულებულია მოცემული ომი გაამართლოს. ეს კეთილსახიერი შეხედულება, რომელიც ომის გაჩაღებისთანავე გაბატონდა რუსეთში, არა მხოლოდ მცდარი, არამედ საფრთხის შემცველიც გახლავთ. რუსებს საერთოდ ძალიან უჭირდათ ომის გამართლება. რუსული ინტელიგენციის ფართო წრეებში გავრცელებული იყო შეხედულება, რომელიც სრულად უარყოფდა ომს. მისი ელემენტარული უარყოფა ეფუძნებოდა სხვადასხვა განყენებულ მოძღვრებებს, როგორიც იყო ჰუმანიტარული პაციფიზმი, საერთაშორისო სოციალიზმი, ტოლსტოის წინაღუდგომლობა და ა.შ. ომის პრობლემისადმი მიდგომა ყოველთვის განყენებულად მორალისტური, განყენებულად სოციოლოგიური ან განყენებულად რელიგიური იყო. ომის რთულ პრობლემაზე დამოუკიდებელი გონებრივი მუშაობა ჩვენში არ წარმოებდა. ომმა ჩვენ ზნეობრივად მოუმზადებლებს მოგვისწრო. გამალებით შევუდექით ომის გამართლების არგუმენტების ძიებას და ყველაზე მარტივი საშუალება გამოვიყენეთ - ერთა მსოფლიო დაპირისპირებაზე პიროვნების ზნეობრივი ცხოვრების კატეგორიების გადატანა. ამას აკეთებდნენ მემარცხენეებიც, რომლებიც პოზიტივისტური მსოფლმხედველობიდან გამოდიოდნენ, და სლავიანოფილური, რელიგიური მიმართულებებიც. თვითმყოფად ისტორიულ სინამდვილეს, რომელსაც საკუთარი ღირებულებები და შეფასებათა სისტემა გააჩნდა, ისინი არ აღიარებდნენ. შემოქმედებითი ისტორიული ამოცანები ამ მკაცრად მორალისტურ ცნობიერებას გამორჩენილი ჰქონდა თვალთახედვის არიდან. ომის გამართლების ნაჩქარევი მცდელობების, უფრო სწორად კი თავის გამართლების მცდელობების შედეგად მივიღეთ ერთადერთი დასკვნა: ჩვენ გერმანელებზე უკეთესები ვართ, ზნეობრივი სიმართლე ჩვენს მხარესაა, ჩვენ სხვებსა და საკუთარ თავს ვიცავთ, გერმანელები კი ზნეობრივი თვალსაზრისით უვარგისები არიან, ისინი მოძალადეები არიან, მათ სულებში ანტიქრისტე ბატონობს. ასეთი დასკვნა ვერც სიღრმითა და ვერც სიმდიდრით ვერ დაიკვეხნის. თუმცა მხოლოდ ამ ზნეობრივი დასკვნის საფუძველზე ჩავთვალეთ ომი შესაძლებლად. ერთი ჯგუფისათვის გერმანელი ერი მილიტარიზმისა და რეაქციის მატარებლად იქცა და ამიტომ მასთან ბრძოლა აუცილებელია, ეს პროგრესული საქმეა. კროპოტკინის მსგავსმა ანარქისტებმაც კი გაიზიარეს ეს შეხედულება. სხვებისათვის გერმანელი ერი ანტიქრისტიანული საწყისის, ცრუ სულიერი კულტურის მატარებლად იქცა და ამიტომ მასთან ომი - წმინდა ომია. მაგრამ ყველა შემთხვევაში ისე ხდებოდა, რომ ომი მხოლოდ იმ მიზეზით იყო შესაძლებელი, რომ ჩვენ უკეთესები ვართ. მცირე რაოდენობა თუ იზიარებდა რასებს შორის ომის თვალსაზრისს.
მე ვფიქრობ, რომ ომის ასეთი უკიდურესად ზნეობრივი შეფასება მცდარი და, საბოლოოდ, უზნეოა. ელემენტარული მორალიზება ხელს გვიშლის ჩავწვდეთ ომის ზნეობრივ არსს. ამ გზით ხდება ყველასა და ყველაფრის, ყველა ერისა და მთელი კაცობრიობის დამნაშავეობის სამყაროული ზნეობრივი შეგნების ჩახშობა ომის საშინელებაში. ზნეობრივად უფრო ღირსეული იქნება ომის ბოროტებისთვის პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება და არა სრულად სხვისთვის დაკისრება. ზნეობრივად დასაძრახია საკუთარი თავის სხვებზე გაცილებით უკეთესად მიჩნევა, სხვაში ბოროტის ხილვა და ამ საფუძვლით გამართლება მასთან ომისა. პაექრობისას აუცილებელია ერთგვარი პატივისცემა მოწინააღმდეგისადმი, რომლის გვერდით ამქვეყნად უკვე მჭიდროდ გრძნობ თავს. იგივე უნდა ხდებოდეს ერთა შორის ბრძოლაშიც. დაუჯერებელიც იქნებოდა, რომ ჩვენ ყველა ასპექტში ვჯობდეთ გერმანელებს და რომ ჩვენი მტრები მდაბალი ბოროტმოქმედები იყვნენ და მათი ნება სრულად უსამართლობისა და ბოროტებისკენ იყოს მიმართული. ასე არ ხდება. ჩვენს ლიტერატურაშიც მიანიშნებდნენ იმაზე, რომ გერმანელები არა მხოლოდ სისასტიკესა და, მბრძანებლობისა და ძალადობისადმი ნებას ავლენდნენ, არამედ ვალდებულების, პატრიოტიზმისა და თვითდისციპლინის გრძნობებს, სახელმწიფოსათვის მსხერპლად შეწირვის უნარს, რომ ბოროტების ჩადენისას ისინი ზნეობრივი კატეგორიული იმპერატივის ერთგულნი რჩებიან. იმის აღიარებაც გვიხდება, რომ გერმანელი ერის სულიერ ცხოვრებაში, გერმანულ მისტიკაში, ფილოსოფიაში, მუსიკასა და პოეზიაში ვხვდებით დიად სამყაროულ ღირებულებებს და არა მხოლოდ ძალის კულტსა ან მოჩვენებით ფენომენალიზმს და ა.შ. მეორეს მხრივ, ჩვენ მრავალი ზნეობრივი დეფექტი აღმოგვაჩნდა, რომელიც მეტისმეტად არის თვალშისაცემი და გამაოცებელი. მრავალ რუსულ უმართლობას ვაცნობიერებთ ჩვენ მწარედ. უნდა შესუსტდეს თუ არა ამის გამო ჩვენი სწრაფვა გამარჯვებისკენ, ჩვენეული გაცნობიერება ისტორიული ამოცანებისა, კნინდება თუ არა ამის გამო ომის გამართლება?
II
სახეზეა ომის ჩვენეული მორალისტური საბუთების სიმყიფე. რუსი ადამიანი, ვინც ეჭვი შეიტანა საკუთარ განსაკუთრებულ ზნეობრივ თვისებებში და ეს თვისებები მტერს მიაკუთვნა, იწყებს ფიქრს, რომ ომის წარმოება არც კი ღირს, - მისი ნება სუსტდება, ის პათოსს კარგავს. თუ გერმანელებს საკუთარი სიმართლე და საკუთარი ზნეობრივი თვისებები გააჩნიათ, რუს ადამიანს ეჩვენება, რომ გერმანელების წინააღმდეგ ბრძოლა არ შეიძლება, ეს ცუდი და გაუმართლებელი ქმედებაა.