ყოფიერება და თავისუფლება. ადამიანის მონობა ყოფიერებისადმი მეტაფიზიკა მუდამ ონტოლოგიად, ყოფიერების ფილოსოფიად ყოფნას ცდილობდა. ეს ძალიან ძველი ფილოსოფიური ტრადიციაა. მისი მთავარი ფუძემდებელი პარმენიდეა[1], ის უპირატესად ონტოლოგია[2]. პარმენიდეს არაფერი ჰქონდა უფრო განყენებული, ვიდრე ყოფიერების ცნება. პლატონი ვერ ურიგდებოდა ასეთ განყენებულობას და ყოფიერების პრობლემის გართულებასა და დაზუსტებას ცდილობდა. მაგრამ პლატონისგანაც ონტოლოგიური ტრადიცია იღებს სათავეს. ჩვენს დროშიც კი ონტოლოგიური ფილოსოფიის მიმდევრები პლატონიკოსები არიან. მე დიდი ხნის წინ დავეჭვდი ონტოლოგიზმისა და, კერძოდ, პლატონის ონტოლოგიზმის ჭეშმარიტებაში, რაც ჩემ წიგნში „ შემოქმედების აზრი “ გამოვხატე, სადაც ყოფიერებაზე თავისუფლების პრიმატს ვამტკიცებდი, თუმცა ჩემი ტერმინოლოგია არასაკმარისად მკაფიო და თანმიმდევრული იყო. დღეს მეტად, ვიდრე ოდესმე, ვფიქრობ, რომ ონტოლოგიზმი მცდარი ფილოსოფიაა. ჭეშმარიტად ეგზისტენციალური ფილოსოფია მიმაჩნია, რაც აზროვნების განსხვავებული ტიპია და განსხვავებული აღქმაა essentia-სა და existentia-ს შორის ოდინდელი დამოკიდებულების პრობლემისა. ჭეშმარიტი ფილოსოფია კონკრეტული რეალობის, არსებულისკენ უნდა ისწრაფვოდეს. ასეთი მიმდინარეობა არსებობს ფილოსოფიურ აზროვნებაში. სხვათა შორის, პლატონთანაც არსებობდა მარადი ჭეშმარიტება, მიუხედავად მისი განყენებული ონტოლოგიზმისა.
ყოფიერების პრობლემა პირველ რიგში არის პრობლემა იმისა, თუ რამდენად წარმოადგენს იგი აზროვნების კონსტრუქციას, ანუ სუბიექტის მიერ განხორციელებულ ობიექტივირებას, ანუ რაღაც მეორადსა და არა პირველადს. ყოფიერება ცნებაა, ანუ რაღაც, რამაც ობიექტივირებული აზრი გაიარა, მასზე აბსტრაქციის ბეჭედია დასმული და ამდენად იგი, მსგავსად ყველა სახის ობიექტივირებისა, იმონებს ადამიანს. არსებობის პირველ სუბიექტივირებაში ყოფიერება საერთოდ არ არის მოცემული, ჩვენ არ გაგვაჩნია ყოფიერების მოცემულობის გამოცდილება. პარმენიდესთან, პლატონიზმში, ონტოლოგიზმში ჭეშმარიტი, იდეალური ყოფიერება არის ზოგად-უნივერსალური, ხოლო ცალკეულ-ინდივიდუალური არის ან წარმოებული და დაქვემდებარებული, ან მოჩვენებითი. იდეალური, იდეურია ჭეშმარიტად რეალური. რეალურია უნივერსალიები. მრავლობითი და ინდივიდუალური სამყარო მეორადი, ასახული, არა სრულად რეალურია, მასში ყოფიერება არყოფნასთან არის შეზავებული. ასეთია ბერძნული ფილოსოფიური აზრის მწვერვალი, რომელიც ახალ და უახლეს ონტოლოგიურ ფილოსოფიაშიც ძალაშია. თუმცა, საპირისპიროც მართალია: სწორედ ეს ემპირიული, ობიექტივირებული სამყარო წარმოადგენს ზოგადის, კანონის, აუცილებლობის, ყოველივე ინდივიდუალურისა და პირადის უნივერსალური საწყისებით იძულების სამეფოს, სულიერი სამყარო კი არის ინდივიდუალურის, ცალკეულის, პირადის, თავისუფლების სამეფო. „ ზოგადი “ , ობიექტურად მაიძულებელი მხოლოდ ამ ემპირიულ სამყაროში ბატონობს, ის არ გვხვდება სულიერ სამყაროში. სული, გავრცელებული შეხედულების საპირისპიროდ, უპირველეს ყოვლისა, „ ზოგადის “ საპირისპიროა, ის მხოლოდ ცალკეულს ცნობს. ცალკეულისა და მრავლობითის პრობლემა იმისგან განსხვავებულად უნდა დაისვას, როგორც ამას პლატონი და პლატონიკოსები აკეთებენ. ადამიანის ეს აზრი, რომელიც ობიექტივირებისა და ექსტერიორიზებისკენ არის მიდრეკილი, ახდენს ყოფიერების, როგორც „ ზოგადის “ , უნივერსალურის კონსტრუირებას და ამიტომ პირადს, „ სინგულარულს “ კერძოდ, ნაწილობრივად აქცევს. მაგრამ ეგზისტენციალური ჭეშმარიტება იმაშია, რომ რეალური და არსებული სინგულარულია, ზოგადი კი არარეალურია, მაგრამ ეს არა იმ გაგებით, როგორც ამას ნომინალისტები[3] ამტკიცებენ, წარმოადგენენ რა მაობიექტივირებელი და აბსტრაგირებადი აზრის მხოლოდ საპირისპირო პოლუსს. ნომინალისტების შესახებ რეალისტი პლატონიკოსები (ს. ფრანკი, ჰ. ლოსსკი) ამბობენ, რომ მათ წარმოუდგენიათ, თითქოს რეალობა „ ცხენები ზოგადად “ ნიშნავს, რომ „ ცხენი ზოგადად “ ბალახს ძოვს რომელიღაც მდელოზე. ამის საწინააღმდეგოდ ისინი აცხადებენ, რომ „ ცხენი ზოგადად “ არსებობს, როგორც ყველა ცალკეული ცხენის ერთობლიობა. მაგრამ ამ დროს შენარჩუნებულია რეალისტებსა და ნომინალისტებს შორის კამათის ძველი პრობლემატიკის ცთომილება. რჩება ზოგადისა და ცალკეულის, უნივერსალურისა და ინდივიდუალურის ლოგიკური დაპირისპირება. მაგრამ ეს დაპირისპირება მაობიექტივირებელი აზრის ნაშიერია. არსებობის შიგნით ცალკეული, ინდივიდუალური უნივერსალურია, კონკრეტული - უნივერსალური, და არაფერი უნივერსალური, როგორც ზოგადი, არ არსებობს. „ ცხენი ზოგადად “ და „ ადამიანი ზოგადად “ არ არსებობს, და არ არსებობს ყველა ცალკეული ცხენისა და ადამიანის ერთობა, როგორც „ ზოგადისა “ , მაგრამ ცალკეულ ცხენსა და ცალკეულ ადამიანში არის ცხენისა და ადამიანის არსებობის უნივერსალურობა (არა ერთობა). ერთიანობა რეალობაში არ ჰგავს ერთიანობას აზრში. ცალკეული ადამიანის უნივერსალურობას ჩვენ არა ყველასათვის საერთო ადამიანურ თვისებათა აბსტრაქციის გზით ჩავწვდებით, არამედ მის ერთადერთობაში ჩაძირვით. კანტის ტერმინოლოგიის გამოყენებით შეგვეძლო გვეთქვა, რომ ბუნების სამეფო ზოგადის სამეფოა, ხოლო თავისუფლების სამეფო - ცალკეულის. მაგრამ თავისუფლების სამეფო სულის სამეფოა. ფილოსოფია, რომელიც საკუთარ საფუძვლად ყოფიერების ცნებას განსაზღვრავს, ნატურალისტური მეტაფიზიკაა. ყოფიერება არის ბუნება. ერთიანობა, იგი რაციონალიზების მიერ შობილ ობიექტივირებულ სამყაროს ეკუთვნის. სულის გააზრება, როგორც ყოფისა, ნიშნავს გაიაზრო იგი ნატურალისტურად, როგორც ბუნება, როგორც ობიექტი, მაგრამ სული არ არის ობიექტი, არ არის ბუნება, არ არის ყოფა, სული სუბიექტია, აქტი,