წინასიტყვაობა[1] ეს წიგნი დიდი ხნის წინ მქონდა ჩაფიქრებული. წიგნის ჩანაფიქრი მე თავისებურად მეჩვენება. საკუთარი თავის შესახებ შექმნილი წიგნები მეტისმეტად ეგოცენტრულია. „ მოგონებათა “ ლიტერატურაში ეს ხშირად გაღიზიანებას იწვევს. ავტორი სხვა ადამიანებსა და მოვლენებს იხსენებს და უმეტესწილად საკუთარი თავის შესახებ საუბრობს. არსებობს რამდენიმე სახის წიგნი, დაწერილი საკუთარი თავისა და საკუთარი ცხოვრების შესახებ. უპირველეს ყოვლისა, არსებობს დღიური, რომელსაც ავტორი წლიდან წლამდე და დღიდან დღემდე აწარმოებდა. ეს უკიდურესად თავისუფალი ფორმაა, რომელიც დღეს ძალიან მოსწონთ ფრანგებს. ამიელის[2] „ დღიური “ ამ ტიპის ყველაზე შესანიშნავი ნიმუშია. უფრო გვიანიდან - ა. ჟიდის Journal[3]. არსებობს აღსარებანი. ნეტარმა ავგუსტინემ და ჟ.ჟ. რუსომ გამორჩეული ნიმუშები შემოგვთავაზეს. არსებობს მოგონებები. ვეებერთელა ზომის ლიტერატურა, რომელიც ისტორიის მასალად გამოდგება. გერცენის „ ნამყო და ფიქრები “ მოგონებათა უბრწყინვალესი წიგნია. დაბოლოს, არსებობს ავტობიოგრაფია, რომელიც ცხოვრების შიდა და გარეგან მოვლენებს ქრონოლოგიური თანმიმდევრობით აღწერს. ამ სახის ყველა წიგნი ცდილობს მეტი ან ნაკლები გულმართლობითა და სიზუსტით მოგვითხროს იმის შესახებ, რაც იყო, აღბეჭდოს წარსული. წარსულს, რასაკვირველია, ავტორის აზრები და გრძნობებიც ეკუთვნის. ჩემი წიგნი სრულად არც ერთ ამ სახეობას არ მიეკუთვნება. მე არასოდეს შემიქმნია დღიური. მე არ ვაპირებ საჯარო მონანიებას. არ მსურს მოგონებები ვწერო ჩემი ეპოქის ცხოვრების მოვლენების შესახებ, ეს არაა ჩემი მთავარი მიზანი. ეს არც ავტობიოგრაფია იქნება ამ სიტყვის ჩვეული გაგებით, რომელიც ჩემს ცხოვრებას აღწერს ქრონოლოგიური თანმიმდევრობით. თუკი ეს იქნება ავტობიოგრაფია, ავტობიოგრაფია ფილოსოფიური, სულისა და თვითშემეცნების ისტორია. წარსულის შესახებ მოგონება არ შეიძლება პასიური იყოს, არ შეიძლება იყოს ზუსტი აღწერა და საკუთარი თავისადმი ეჭვნარევ დამოკიდებულებას იწვევს. მეხსიერება აქტიურია, მასში შემოქმედებითი, გარდამქმნელი მომენტი არსებობს და, შესაბამისად, მასთანაა დაკავშირებული მოგონების უზუსტობა, შეცდომა. მეხსიერება შერჩევას ახდენს, რაღაცას წინა პლანზე წამოწევს, მრავალს კი ივიწყებს, ზოგჯერ არაცნობიერად, ხანდახან კი ცნობიერადაც. ჩემი მოგონება ჩემი ცხოვრებისა და ჩემს მიერ განვლილი გზის შესახებ ცნობიერად აქტიური იქნება ანუ ჩემი აზრის, დღევანდელი დღის შეცნობის შემოქმედებითი ძალისხმევა იქნება. ჩემი ცხოვრების ფაქტებსა და წიგნს შორის იქნება შეცნობის აქტი, რომელიც ყველაზე მეტად მაინტერესებს. გოეთემ დაწერა წიგნი საკუთარი თავის შესახებ შესანიშნავი სათაურით „ ჩემი ცხოვრების პოეზია და სიმართლე “ . მასში ყველაფერი სიმართლე არ არის, იგი პოეტის შემოქმედებასაც შეიცავს. მე არ ვარ პოეტი, მე ფილოსოფოსი ვარ. ჩემს მიერ საკუთარი თავის შესახებ დაწერილ წიგნში არ იქნება გამონაგონი, აქ იქნება ჩემი საკუთარი თავისა და ჩემი ცხოვრების ფილოსოფიური შეცნობა და გააზრება. ასეთი ფილოსოფიური შეცნობა და გააზრება არა მოგონებაა ნამყოს შესახებ, არამედ შემოქმედებითი აქტი, რომელიც აწმყოში ხორციელდება. ამ აქტის ღირებულება იმით განისაზღვრება, რამდენად აღემატება იგი დროს, რამდენად ხდება ეგზისტენციალური დროის ანუ მარადისობის თანაზიარი. მომაკვდინებელ დროზე გამარჯვება ჩემი ცხოვრების ძირითადი მოტივი იყო. ეს წიგნი გულახდილად და შეგნებულად ეგოცენტრულია. მაგრამ ეგოცენტრიზმი, რომელიც ყოველთვის შეიცავს რაღაც მიუღებელს, ჩემთვის იმით გამოისყიდება, რომ მე საკუთარ თავსა და ჩემს ცხოვრებისეულ ბედს ფილოსოფიური შემეცნების საგნად ვაქცევ. მე არ მსურს სულის გაშიშვლება, არ მსურს გარეთ გამოვიტანო ჩემი სულის ნედლეული. ეს წიგნი ჩანაფიქრის მიხედვით ფილოსოფიურია, ფილოსოფიურ პრობლემატიკას ეძღვნება. საქმე თვითშემეცნებას ეხება, საკუთარი თავის გაგების მოთხოვნას, საკუთარი ტიპისა და ბედის გააზრებას. ეგრეთ წოდებულ ეგზისტენციალურ ფილოსოფიას, რომლის სიახლე მე გადაჭარბებულად მეჩვენება, ფილოსოფია ესმის, როგორც ადამიანური არსებობის შემეცნება და სამყაროს შემეცნება ადამიანის არსებობის გავლით. მაგრამ უპირატესად ეგზისტენციალური საკუთარი არსებობაა. საკუთარი თავის შემეცნებისას ადამიანი ეზიარება საიდუმლოებებს, რომლებიც გამოუცნობია სხვებთან მიმართებით. მე განვიცადე სამყარო, მთელი სამყაროული და ისტორიული პროცესი, ჩემი დროის ყველა მოვლენა, როგორც ჩემი მიკროკოსმოსის ნაწილი, როგორც ჩემი სულიერი გზა. მისტიკურ სიღრმეზე ყველაფერი, რაც სამყაროს დაემართა, დამემართა მეც. და ჭეშმარიტი გააზრება იმაში მდგომარეობს, რომ სამყაროს თავს გადახდილი ისე გავიგო, როგორც ჩემს თავს მომხდარი. აქ ვეჯახები მე ჩემი წინააღმდეგობრივი ბუნების ძირითად დაბრკოლებას. ერთის მხრივ, მე ჩემი ეპოქის ყველა მოვლენას, სამყაროს მთელ ბედს განვიცდი, როგორც ჩემს საკუთარ ბედს, მეორეს მხრივ კი მტანჯველად განვიცდი სამყაროს გაუცხოვებას, ყველაფრის სიშორეს, ჩემს შეუკავშირებლობას ყველაფერთან. დღიურს რომ ვაწარმოებდე, ალბათ გამუდმებით დავწერდი სიტყვებს: „ ეს ჩემთვის უცხო იყო, მე ვერაფერთან ვგრძნობდი შეკავშირებას, ისევ, ისევ ნაღველი სხვა რამის, ტრანსცენდენტურის გამო “ . მთელს ჩემს არსებობას ტრანსცენდენტურის გამო ნაღველის დაღი აზის.
მე მომიწია ჩემი სამშობლოსა და მთელი სამყაროსთვის კატასტროფულ