ომის ბუნების შესახებ I
არა ამ ომის შესახებ მსურს საუბარი, არამედ ომის შესახებ ზოგადად. რას წარმოადგენს ომი თავისთავად? როგორ გავიაზროთ იგი ფილოსოფიურად? ზედაპირული შეხედულებით ომი მატერიალური მასების გადაადგილება და შეჯახება, ფიზიკური ძალადობა, მკვლელობა, დამახინჯება. ჯოჯოხეთურ მექანიკურ იარაღთა მოქმედებაა. ისე ჩანს, თითქოს ომი სრული ჩაძირვაა მატერიაში და მას არაფერი აქვს საერთო სულთან. სულიერი ადამიანები ზოგჯერ თავისუფლად აქცევენ ზურგს ომს, როგორც რაღაც გარეშე-მატერიალურს, როგორც თავსმოხვეულ უცნობ ბოროტებას, რომელსაც შესაძლებელია და აუცილებელიც, რომ სულიერი ცხოვრების უმაღლეს სფეროებში გავერიდოთ.
მეორენი ომს უარყოფენ დუალისტური შეხედულებიდან, რომლის მიხედვით არსებობს სრულიად დამოუკიდებელი სფერო მატერიალურის, გარეგანის, იძულებითის, რომელიც დაპირისპირებულია და განცალკევებული სულიერის, შინაგანისა და თავისუფალისგან. მაგრამ ყოველივე მატერიალური გახლავთ მხოლოდ სიმბოლო და ნიშანი სულიერი სინამდვილისა, ყოველივე გარეგანი არის მხოლოდ შინაგანის მანიფესტაცია, ყველაფერი მაიძულებელი და მოძალადე არის მცდარად მიმართული თავისუფლება. ომის შინაგანად გააზრება შესაძლებელია მხოლოდ მონისტური და არა დუალისტური პოზიციიდან ანუ მასში იმის სიმბოლიკის დანახვით, რაც სულიერ სინამდვილეში ხდება. შეიძლება ითქვას, რომ ომი ზეცაში, ყოფიერების სხვა სფეროებში, სულიერ სიღრმეებში მიმდინარეობს, მატერიალურ სიბრტყეზე კი მხოლოდ გარეგნული ნიშნები მოჩანს იმისა, რაც სიღრმეში ხდება. ფიზიკური ძალადობა, რომელიც მკვლელობით სრულდება, არ გახლავთ რაღაც თავისთავად არსებული, როგორც დამოუკიდებელი რეალობა, - ეს სულიერი ძალადობის ნიშანია, რომელიც ბოროტების სულიერ სინამდვილეში განხორციელდა. ომის, როგორც მატერიალური ძალადობის, ბუნება, სუფთად რეფლექტური, ნიშნური, სიმპტომატური, არა-დამოუკიდებელია. ომი არ გახლავთ ბოროტების წყარო, ის მხოლოდ რეფლექსია ბოროტებაზე, ნიშანია შინაგანი ბოროტებისა და ავადმყოფობის არსებობის. ომის ბუნება სიმბოლურია. ასეთია ყველა სახის მატერიალური ძალადობის ბუნება, - ის ყოველთვის მეორადია, არაპირველადი. სულიერი სინამდვილის ცნობილი მდგომარეობა, რომელშიც კაცობრიობა იმყოფება, გარდუვალად უნდა იყენებდეს მატერიალურ ნიშნებს, როგორც იარაღს, რომლის გარეშე სულიერი ცხოვრება ვერ შეძლებს საკუთარი თავის განხორციელებას. საკუთარი სულიერი ცხოვრების გამოსავლენად ადამიანმა ხელები, ფეხები, ენა უნდა ამოძრაოს ანუ მიმართოს მატერიალურ ნიშნებს, რომელთა გარეშე შეუძლებელია სიყვარულის ან სიძულვილის გამოხატვა, შეუძლებელია ნებელობით მისწრაფებათა განხორციელება. ომი კი ხელებისა და ფეხების, ადამიანის ნებით ამოქმედებული სხვადასხვა იარაღების მატერიალური გადაადგილებაა. მატერიალური ნიშნებისა და იარაღების გარეშე სულიერი ცხოვრების არსებობა პრინციპულად დასაშვებია, მაგრამ იგი სულიერი სინამდვილის სხვა საფეხურს გულისხმობს, რომლისთვის კაცობრიობასა და სამყაროს ჯერ არ მიუღწევია.
არსებობს ავადმყოფობანი, რომლებსაც სახეზე გამონაყარი ახლავს. გამონაყარი მხოლოდ შინაგანი ავადმყოფობის ნიშანია. გამონაყარის გარეგნული გაქრობა ავადმყოფობას შიგნით დევნის. ამისგან ავადმყოფური მდგომარეობა შესაძლოა გაუარესდეს კიდეც. აუცილებელია თავად შინაგანი სენის მკურნალობა. ომის ბოროტება კაცობრიობის შინაგანი დაავადების ნიშანია. მატერიალური ძალადობა და საშინელება მხოლოდ გამონაყარია კაცობრიობის სხეულზე, რომლისათვის გარეგნულად და მექანიკურად თავის დაღწევა შეუძლებელია. ჩვენ ყველა დამნაშავე ვართ კაცობრიობის იმ ავადმყოფობაში, რომელიც თავს ომის გამონაყარით იჩენს. როდესაც ჩირქგროვა სკდება, თავად გროვაში ბოროტების შემჩნევა შეუძლებელია. ზოგჯერ გროვა იძულებითაც უნდა გასკდეს, რათა სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდეს.
სულიერი სინამდვილის სიღრმეში უკვე დიდი ხანია დაწყებულია მსოფლიო ომი, მსოფლიო მტრობა, სიძულვილი და ურთიერთჟლეტა. ის ომი კი, რომელიც 1914 წლის ივლისის ბოლოს დაიწყო, არის კაცობრიობის სულიერ სიღრმეში მიმდინარე ომისა და მისი მძიმე სულიერი სენის მატერიალური ნიშანი. ამ სულიერ სენსა და სულიერ ომში დამნაშავეა ყველა და არავის ძალუძს უკუაგდოს იმ შინაგანი ბოროტებისა და შინაგანი მკვლელობის შედეგი, რომელშიც ყველას გვიწევდა ცხოვრება. ომს არ წარმოუშვია ბოროტება, მან მხოლოდ გამოავლინა იგი. მთელი თანამედროვე კაცობრიობა სიძულვილითა და მტრობით არსებობდა. შინაგანი ომი შენიღბული იყო ბურჟუაზიული ცხოვრების ზედაპირული საფარველით, ხოლო ამ ბურჟუაზიული სამყაროს სიცრუე, რომელიც ზოგიერთს მარადიულად ეჩვენებოდა, მხილებულ უნდა ყოფილიყო. ადამიანთა ჟლეტა, მიმდინარე მშვიდ ბურჟუაზიულ ცხოვრებაში, არანაკლებ საშიშია, ვიდრე ის, რაც ბრძოლის ველზე ხდება.
II
სახარებაში ნათქვამია, რომ მეტად მათ უნდა ვუფრთხოდეთ, ვინც სულს კლავს და არა სხეულს. ფიზიკური სიკვდილი ნაკლებად საშიშია, ვიდრე სულიერი. ომამდე კი, მშვიდობიან ყოფაში, ხდებოდა ადამიანთა სულების მოკვდინება, ხდებოდა ადამიანის სულის ჩაქრობა, და ეს იმდენად ჩვეულად იქცა, რომ ამ მკვლელობის საზარლობას აღარც კი ამჩნევდნენ. ომში ადამიანის ფიზიკურ გარსს სპობენ, მისი ბირთვი კი, მისი სული შესაძლოა არა მხოლოდ არ განადგურდეს, არამედ აღდგეს კიდეც. ფრიად ნიშანდობლივია, რომ ომსა და მკვლელობას ყველაზე მეტად უფრთხიან პოზიტივისტები, რომელთათვის უმთავრესია, რომ ადამიანი კარგად ცხოვრობდეს დედამიწაზე და ვისთვისაც სინამდვილე ემპირიული მოცემულობით ამოიწურება. მათ, ვისაც მარადიული სულიერი ცხოვრება და ის ფასეულობები სწამს, რომლებიც ყველა სამყაროულ სიამეს აღემატება, ფიზიკური სიკვდილი არცთუ დიდად აფრთხობს.