I მე დემოკრატიისა და სოციალიზმის სულიერი ფუძემდებლური პრინციპები მაინტერესებს და, ამდენად, ჩემი კვლევის საგნად ვხდი არა ნახევრად დემოკრატიისა და ნახევრად სოციალიზმის მრავალფეროვან ფორმებს, არამედ ამ ტიპების ზღვრულ გამოხატულებებს, მათ "იდეას". დემოკრატიასა და სოციალიზმს შორის არსებობს სხვადასხვა გარდამავალი ფორმები, მათი შეხამება და კომბინაციები. არსებობს უამრავი პარტია, რომელიც საკუთარ თავს სოციალ-დემოკრატიულს უწოდებს, მაგრამ მართლები იყვნენ ბოლშევიკები, როდესაც მათ გააუქმეს სახელწოდება „ სოციალ-დემოკრატიული “ და საკუთარ თავს კომუნისტები უწოდეს, ანუ "კომუნისტურ მანიფესტს" დაუბრუნდნენ. მარქსი კომუნისტი იყო. ის არ იყო სოციალ-დემოკრატი, და არასოდეს ყოფილა იგი დემოკრატი. პათოსი მისი არსებითად ანტიდემოკრატიულია. "მეცნიერული" სოციალიზმი წარმოიქმნა და ევროპის ხალხების აზრსა და ცხოვრებაში შევიდა არა როგორც დემოკრატიული მოძღვრება. ასევე არადემოკრატიული და ანტიდემოკრატიული იყო სენ-სიმონის უტოპიური სოციალიზმი, რომელიც წარმოადგენდა რეაქციას საფრანგეთის რევოლუციაზე და დიდწილად ჟ. დე მესტრის მოძღვრების სულიერი მონათესავე გახლდათ. დემოკრატია და სოციალიზმი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს. რუსი კომუნისტები მართლები არიან ამის მტკიცებისას. ჟორესის ტიპის დემოკრატიული სოციალიზმი, დასაბუთებული ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაციის ფარგლებში, არ წარმოადგენს ჭეშმარიტ სოციალიზმს. ეს ნახევრად სოციალიზმია, რომელიც არ გამოხატავს სოციალისტურ იდეას. ჩვენი სოციალისტ-რევოლუციონერები და მენშევიკებიც, როგორც ჩანს, მემარცხენე დემოკრატები უფრო არიან, ვიდრე სოციალისტები.
დემოკრატიას ფორმალური ხასიათი გააჩნია, მან თავად არ იცის საკუთარი არსი და დასამტკიცებელი პრინციპის ფარგლებში არანაირი არსი არ გააჩნია. დემოკრატიას არ სურს იცოდეს, რისთვის ხდება ერის ნების გამოხატვა და არ სურს ერის ნება რაიმე უმაღლეს მიზანს დაუქვემდებაროს. იმ წუთს, როდესაც დემოკრატია გააცნობიერებს მიზანს, რომლისკენაც უნდა ისწრაფვოდეს ერის ნება, იგი მოიხვეჭს ღირსეულ საგანს საკუთარი ნებისთვის და პოზიტიური არსით შეივსება. მან ეს მიზანი, ეს საგანი, ეს არსი თავად ნების გამოხატვის ფორმალურ პრინციპზე მაღლა უნდა დააყენოს, საზოგადოების ფუნდამენტად უნდა აქციოს. მაგრამ დემოკრატიამ იცის ნების გამოხატვის მხოლოდ ფორმალური პრინციპი, რომელსაც ყველაზე მეტად აფასებს და არ სურს, რომ იგი რაიმეს დაუქვემდებაროს. დემოკრატია გულგრილია ერის ნების მიმართულებისა და შინაარსისადმი და არავითარი კრიტერიუმი არ გააჩნია ამ მიმართულების (რომელშიც ერის ნება ცხადდება) ჭეშმარიტებისა თუ სიყალბის დასადგენად ერის ნების ხარისხის განსაზღვრისათვის. ერის მმართველობა უსაგნოა, იგი არ არის მიმართული რაიმე ობიექტისადმი. დემოკრატია გულგრილი რჩება კეთილისა და ბოროტისადმი. იგი ტოლერანტულია, რადგან გულგრილია, რადგან მას დაკარგული აქვს სიმართლის რწმენა, იგი უძლურია აირჩიოს სიმართლე. დემოკრატია სკეპტიკურია. იგი სკეპტიციზმისა და ურწმუნობის საუკუნეში ჩნდება, როდესაც ხალხს დაკარგული აქვს ჭეშმარიტების მყარი კრიტერიუმები და უძლურია აღიაროს რომელიმე აბსოლუტური ჭეშმარიტება. დემოკრატია არის უკიდურესი რელატივიზმი, იგი ყოველივე აბსოლუტურის უარყოფაა. დემოკრატიამ არ იცის ჭეშმარიტება და ამიტომ ჭეშმარიტების გამოაშკარავებას იგი უმრავლესობას ანდობს. რაოდენობის ძალაუფლების აღიარება, საყოველთაო არჩევნების თაყვანისცემა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ჭეშმარიტების არ სწამთ და იგი არ იციან. ის, ვინც იცის ჭეშმარიტება და სწამს მისი, არ აძლევს მას საჯიჯგნად რაოდენობრივ უმრავლესობას. დემოკრატიას საერო ხასიათი აქვს და ის ეწინააღმდეგება მთელს საკრალურ საზოგადოებას, რადგან ფორმალურად იგი უშინაარსო და სკეპტიკურია. ჭეშმარიტება საკრალურია და ჭეშმარიტებაზე დაფუძნებული საზოგადოება არ შეიძლება იყოს სეკულარული. სეკულარული დემოკრატია ნიშნავს საზოგადოების ონტოლოგიური საფუძვლებიდან გადახრას, ადამიანთა საზოგადოების გადახრას
ჭეშმარიტებისგან. მას სურს პოლიტიკურად იმგვარად მოაწყოს ადამიანთა საზოგადოება, თითქოს ჭეშმარიტება საერთოდ არ არსებობდეს. ეს არის წმინდა დემოკრატიის ძირითადი წინაპირობა; და სწორედ ამაშია დემოკრატიის ძირეული სიყალბე. დემოკრატიული იდეის საფუძვლად ადამიანის ჰუმანისტური თვითდამკვიდრება დევს. ადამიანთა საზოგადოებას ადამიანის ნება უნდა ხელმძღვანელობდეს, და ყველაფერი უნდა განადგურდეს, რაც ხელს უშლის ადამიანის ამ ნების გამოხატვას და მის საბოლოო ბატონობას. ამით ხდება საზოგადოების სულიერი საფუძვლების უარყოფა, რაც უფრო ღრმად დევს, ვიდრე ადამიანის ნების ფორმალური გამოხატვა, და ამიტომ ინგრევა საზოგადოების მთელი იერარქიული სტრუქტურა. დემოკრატია არის ფსიქოლოგიზმი, რომელიც ყოველგვარ ონტოლოგიმზს უპირისპირდება.
დემოკრატიის წინაპირობა უკიდურესი ოპტიმიზმია. დემოკრატიული საზოგადოების სკეპტიციზმი ოპტიმისტურია და არა პესიმისტური. დემოკრატია არ მოდის სასოწარკვეთაში ჭეშმარიტების დაკარგვისგან. მას მიაჩნია, რომ უმრავლესობის ნების გამოხატვას, ხმათა მექანიკურ დათვლას ყოველთვის დადებით შედეგამდე მივყავართ. ერის ნების ფორმალურ გამოხატვას გარკვეულ ჭეშმარიტებამდე მივყავართ, ის რაიმე სახის სარგებელს ქმნის. დემოკრატიის საფუძვლად დევს წინაპირობა ადამიანის ბუნების თანდაყოლილი სიკეთისა და კეთილგონიერების შესახებ. დემოკრატიის სულიერი მამა ჟან-ჟაკ რუსო იყო და მისი ოპტიმისტური ხედვა ადამიანის ბუნების შესახებ დემოკრატიულ იდეოლოგიებს გადაეცა. დემოკრატია არ არის მზად იცოდეს ადამიანის ბუნების რადიკალური ბოროტება. იგი თითქოს არ ითვალისწინებს იმას, რომ ერის ნება შესაძლოა