ფრანსუა რაბლე და მისი რომანი
„გარგანტუა და პანტაგრუელი“
არსებობს წიგნები, რომლებიც აუცილებლად უნდა წაიკითხო, თუკი გსურს, განათლებული ადამიანი გერქვას, თუმცა საქმე „სახელში“ როდია. მთავარია, ეს წიგნები სამყაროს შეცნობის, გათავისების, დაგემოვნების შესანიშნავ საშუალებას გაძლევენ – სამყაროსი, „მრავალითა ფერითა“ რომ მოგვეცა, შოთა რუსთაველის, რენესანსის ეპოქის ნამდვილი გენიოსის ნათქვამს თუ გავიხსენებთ. რაბლეც ასევე რენესანსის ეპოქის დიდ ჰუმანისტ მწერლად, გენიოსად მიიჩნევა, თუმცა შოთა რუსთაველსა და ფრანსუა რაბლეს შორის სხვაობა უფრო დიდია, ვიდრე მსგავსება...
რაბლეს რომანზე „გარგანტუა და პანტაგრუელი“ კამათი დღემდე გრძელდება. შეიძლება ითქვას, ის ძალიან დიდხანს რჩებოდა ვერგაგებულად, უფრო ზუსტად, მას გამარტივებულად, ცალსახად ანუ არასწორად, არაადეკვატურად აღიქვამდნენ. არადა, ეს წიგნი სწორედაც რომ არაერთმნიშვნელოვანი, არაორდინარული, მრავალგანზომილებიანი მოვლენაა. შემთხვევითი არ არის, რომ რაბლეს რომანი თანამედროვე ევროპული კულტურისთვის ლამის ფუძემდებლურ ნაშრომად მიიჩნევა. ძნელია ამას არ დაეთანხმო. დღევანდელ ევროპულ ცივილიზაციას ნამდვილად განსხვავებული სახე ექნებოდა, რაბლეს თავისი წიგნი რომ არ დაეწერა (ოღონდ რამდენად განსხვავებული, ეს უკვე სხვა საკითხია).
ერთი სიტყვით, რაბლეს და მის გასაოცარ წიგნს განათლებული ადამიანი აუცილებლად უნდა იცნობდეს – ეს ერთმნიშვნელოვნად ცხადია. მაგრამ ისიც ცხადია, რომ ეს არ არის საბავშვო ლიტერატურა, ანუ ყმაწვილებისთვის არ დაწერილა. არადა, „გარგანტუა და პანტაგრუელს“ ჩვენში მშობლები რატომღაც ბავშვებს ურჩევდნენ ხოლმე წასაკითხად, თითქოსდა უბრალოდ ზღაპარი თუ ზღაპრული თავგადასავალი ყოფილიყოს, რადგან მთავარი გმირები ფანტასტიკური გოლიათები არიან. კარგად მახსოვს, 11-12 წლის ვიქნებოდი, მომცეს წიგნი და დავიწყე კითხვა, მაგრამ რაღაც ხნის მერე გვერდზე გადავდე – რთული მეჩვენა. ან რა გასაკვირია, ბოლომდე რომ ვერ წავიკითხე მაშინ...
მოდი, ვცადოთ იმის გარკვევა, თუ რას წარმოადგენს „გარგანტუა და პანტაგრუელი“, რითია ესოდენ მნიშვნელოვანი?
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად აუცილებელია გავეცნოთ იმ ეპოქის თავისებურებებს, როდესაც წიგნი დაიწერა, და ასევე, ავტორის ბიოგრაფიას – კონტექსტიდან ამოგლეჯილად თუ განვიხილავთ, ძალიან ბევრ რამეს, უბრალოდ, ვერ გავიგებთ.
დავიწყოთ ავტორის ცხოვრებით: ფრანსუა რაბლე, სავარაუდოდ, დაიბადა 1494 წელს ცენტრალური საფრანგეთის მომცრო ქალაქ შინონთან (ენდრ-ე-ლუარის დეპარტამენტში), დევინიეს მამულში (სეიის კომუნა). ამჟამად იქ მწერლის მემორიალური სახლ-მუზეუმია. მომავალი მწერლის მამა ვექილი და მიწათმფლობელი გახლდათ (ბაბუა კი – გამდიდრებული გლეხი). ოჯახი დიდი იყო, ფრანსუას ორი უფროსი ძმა და ერთი და ჰყავდა. 9 წლის ფრანსუა მამამ პუატიეს ფრანცისკელთა მონასტერში მიაბარა მორჩილად, სადაც მან დაწყებითი განათლება მიიღო და მოგვიანებით ბერადაც აღიკვეცა. თუმცა რაბლეს მონასტერში მიღებული ცოდნა არ ჰყოფნიდა, დამოუკიდებლად მეცადინეობდა და ასე შეისწავლა ენები, მათ შორის, კლასიკური – ძველი ბერძნული და ლათინური. ბევრს კითხულობდა, აინტერესებდა ბუნებისმეტყველება, ფილოლოგია, სამართალი. ცნობილ ჰუმანისტთან, გიიომ ბიუდესთან მიწერ-მოწერა ჰქონდა. ფართო ინტერესების გამო, განსაკუთრებით კი იმიტომ, რომ ანტიკურ ფილოსოფოსთა შრომებს კითხულობდა, ორდენის უკმაყოფილება დაიმსახურა. რაბლე ბენედიქტელთა მონასტერში გადავიდა (ამის უფლება თვით რომის პაპმა, კლიმენტ VII-მ მისცა), სადაც შედარებით თავისუფლად გრძნობდა თავს. თუმცა 1527 წელს საერთოდაც თავი ანება ბერობასა და მონასტრულ ცხოვრებას იმისთვის, რომ სწავლა გაეგრძელებინა. პუატიეს უნივერსიტეტში ლექციებს ისმენდა იურისპრუდენციაში, მონპელიეს უნივერსიტეტში კი – მედიცინაში. 1530 წელს მიიღო მედიცინის ბაკალავრის, 1537 წელს კი – მედიცინის დოქტორის წოდება. დასახლდა ლიონში, საფრანგეთის ერთ-ერთ კულტურულ ცენტრში, სადაც საექიმო პრაქტიკა ჰქონდა და ასევე, ლათინურ ტექსტებს არედაქტირებდა ტიპოგრაფ სებასტიან გრიპიუსისთვის. თავისუფალ დროს წერდა და ანონიმურად აქვეყნებდა იუმორისტულ პამფლეტებს, სადაც საზოგადოებაში დამკვიდრებულ მანკიერებებს დასცინოდა.
1532 წელს რაბლემ, ფსევდონიმით ალკოფრიბას ნაზიე (რაც ფრანსუა რაბლეს სახელისა და გვარის ანაგრამაა), გამოაქვეყნა პირველი თხზულება პანტაგრუელის სერიიდან, რომელიც შემდგომ „გარგანტუა და პანტაგრუელის“ მეორე წიგნი გახდა (სულ რომანში ხუთი წიგნია – ჩვენს გამოცემაში რაბლეს თხზულება ორ ნაწილადაა გაყოფილი: პირველ ნაწილში შედის პირველი, მეორე და მესამე წიგნები, მეორე ნაწილში – დანარჩენი ორი).
რაბლეს რომანმა პანტაგრუელზე, კეთილ მეფე-გოლიათზე, გამოსვლისთანავე საოცარი პოპულარობა მოიპოვა. სორბონის თეოლოგიის ფაკულტეტმა წიგნი დაგმო, კათოლიკურმა ეკლესიამ კი აკრძალა. თუმცა თხზულება ფარულად ვრცელდებოდა, ხელიდან ხელში გადადიოდა. 1534 წელს, ასევე ფსევდონიმით, გამოვიდა წიგნი გარგანტუაზე, პანტაგრუელის მამაზე (ამჟამად რომანის პირველი წიგნი). ისიც აიკრძალა. რაბლეს ინკვიზიციის კოცონზე მოხვედრის საშიშროება დაემუქრა და იძულებული გახდა, საფრანგეთი დაეტოვებინა, კარდინალ დიუ ბელეს პირად ექიმად გაჰყვა იტალიაში, სადაც 11 წელიწადი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში პანტაგრუელის ციკლიდან ახალი არაფერი გამოუქვეყნებია. 1546 წელს დაბრუნდა საფრანგეთში და გამოსცა რომანის მესამე წიგნი, 1552 წელს კი – მეოთხე, თანაც საკუთარი სახელით. საქმე ის იყო, რომ საფრანგეთის მეფე ფრანცისკ I-მა ამის საგანგებო უფლება