ნაწილი პირველი -
სტარგოროდის ლომი -
-1- -
ბეზენჩუკი და „ნიმფები“ სამაზრო ქალაქ #-ში საპარიკმახეროებსა და დამკრძალავ ბიუროებს სათვალავი არ ჰქონდა. იფიქრებდით‚ ამ ქალაქის მკვიდრნი მხოლოდ იმისთვის იბადებიან‚ რომ თმა შეიკრიჭონ‚ წვერი გაიპარსონ‚ ვეჟეტალი ისხურონ და მყისვე სული განუტევონო. ნამდვილად კი #-ში ადამიანის დაბადებაც‚ გაპარსვაცა და სიკვდილიც ფრიად იშვიათი გახლდათ. ქალაქი უშფოთველად ცხოვრობდა. გაზაფხულის საღამოები პირდაპირ დამათრობელი იყო. ტალახი ანტრაციტივით ბრწყინავდა მთვარის შუქზე. ახალგაზრდები კი ისე თავდავიწყებით იყვნენ შეყვარებული კომუნალური მეურნეობის მუშაკთა ადგილკომის მდივან ქალზე‚ რომ იგი საწევრო ანარიცხების შეგროვებასაც ვეღარ ახერხებდა.
იპოლიტ მატვეევიჩ ვორობიანინოვს სიყვარულისა და სიკვდილის საკითხები არც აღელვებდა‚ თუმცა სამსახურებრივი მოვალეობა მას აიძულებდა‚ ყოველდღე სწორედ ამ საკითხებზე ეზრუნა დილის ცხრა საათიდან საღამოს ხუთამდე‚ გარდა ნახევარსაათიანი შესვენებისა საუზმისთვის.
დილით იპოლიტ მატვეევიჩს კლავდია ივანოვნა შრეებიანი ჭიქით ცხელ რძეს მიართმევდა ხოლმე. შემდეგ ვორობიანინოვი ბნელი სახლიდან ფართო‚ გაზაფხულის მზით განათებულ ქუჩაში გადიოდა. ქუჩა ამხანაგ გუბერნსკის სახელობისა იყო. ასეთ სასიამოვნო ქუჩას სხვა სამაზრო ქალაქებში ვერსად ნახავდით. ხელმარცხნივ‚ მომწვანო ტალღოვან მინებს იქით‚ ვერცხლისფრად ბრწყინავდა დამკრძალავი ბიუროს, „ნიმფას“ კუბოები. მარჯვნივ‚ პატარა სარკმელებს მიღმა‚ რომლის მინებსაც აქეთ-იქით საგოზავის კვალი აჩნდა, პირქუშად გაწოლილიყო მეკუბოვე ბეზენჩუკის მტვრიანი‚ ულაზათო მუხის კუბოები. მათ გვერდით „ოსტატი-დალაქები პიერი და კონსტანტინე“ კლიენტებს ფრჩხილების გაკრიალებას და ონდულიანსიონის სახლში მირთმევას აღუთქვამდნენ. ცოტა მოშორებით სასტუმრო იყო. მას საკუთარი საპარიკმახერო ჰქონდა‚ ხოლო სასტუმროს იქით‚ საკმაოდ ვრცელ მინდორზე‚ ჩალისფერი ხბო იდგა და ნაზად ლოკავდა ობლად აშვერილ‚ ჭიშკარზე მიყუდებულ‚ ჟანგიან აბრას:
დამკრძალავი კანტორა
„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება“
დამკრძალავი კანტორები მართლაც უამრავი იყო‚ მაგრამ კლიენტურა ცოტა ჰყავდათ. „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება“ ქალაქში იპოლიტ მატყვეევიჩის დამკვიდრებამდე სამი წლით ადრე გაკოტრდა. ოსტატი ბეზენჩუკი კი არაყს ეტანებოდა და ერთხელ ლომბარდში დასაგირავებლად თავისი საუკეთესო‚ ვიტრინის კუბოც კი მიათრია.
ადამიანები ქალაქ #-ში იშვიათად კვდებოდნენ‚ და ეს იპოლიტ მატვეევიჩმა სხვებზე კარგად იცოდა – იგი მმაჩში სისკვდილიანობისა და ქორწინებათა რეგისტრაციის მაგიდას განაგებდა.
იპოლიტ მატვეევიჩის მაგიდა ძველ საფლავის ქვას მოგაგონებდათ. მისი მარცხენა კუთხე ვირთაგვებს გამოეთხარათ‚ წვრილი ფეხები კი ძლივს უძლებდა სქელი‚ თამბაქოსფერი საქაღალდეების სიმძიმეს. ამ საქაღალდეებიდან თქვენ ყველაფრის შეტყობა შეგეძლოთ‚ როგორც ქალაქ ##-ის მკვიდრთა წარმოშობაზე‚ ისე იმ გენიალოგიურ ხეებზე მაზრის მწირ ნიადაგზე რომ ხარობდნენ.
1927 წლის 15 აპრილს‚ პარასკევს‚ იპოლიტ მატვეევიჩმა‚ ჩვეულებისამებრ‚ რვის ნახევარზე გაიღვიძა და ცხვირზე მყისვე ძველებური‚ ოქროსრკალიანი პენსნე მოირგო. სათვალეზე იგი მწყრალად იყო. ერთხელ კი გაიფიქრა‚ პენსნეს ტარება არაჰიგიენურიაო‚ ოპტიკოსს მიაკითხა და უჩარჩო‚ ოქროსუღლიანი სათვალე იყიდა. ერთხანს ატარებდა‚ მაგრამ ცოლმა (მაშინ ცოცხალი იყო)‚ შენიშნა – გამოცხადებული მილიუკოვი ხარო‚ და იპოლიტ მატყვეევიჩმა სათვალე მეეზოვეს აჩუქა. მეეზოვეს თვალი სანაქებოდ უჭრიდა‚ მაგრამ სათვალეს მალე მიეჩვია და სიამოვნებითაც ატარებდა.
– ბონჟურ! – წამოიმღერა იპოლიტ მატვეევიჩმა და ფეხები ძირს ჩამოუშვა. „ბონჟურ“ იმას მოასწავებდა‚ რომ იპოლიტ მატვეევიჩმა კარგ გუნებაზე გაიღვიძა. ხოლო, თუ „გუტ მორგენს“ იტყოდა‚ ეს ასე უნდა გაგვეგო: ღვიძლის ტკივილმა შემაწუხა‚ ორმოცდათოთხმეტი წელი ხუმრობა არ გახლავთ‚ დღეს კი წვიმიანი ამინდიაო.
იპოლიტ მატყვეევიჩმა ძვალტყავა ფეხები ომამდელი თარგის შარვალში ჩაყო‚ შარვალი კოჭებთან თასმებით შეიკრა და მოკლე‚ რბილი‚ კვადრატულცხვირიანი ჩექმები ჩაიცვა. ხუთი წუთის შემდეგ მას უკვე მთვარისფერი‚ წვრილი ვარსკვლავებით დაწინწკლული ჟილეტი და მოლივლივე ლიუსტრინის პიჯაკი ამშვენებდა. პირი დაიბანა‚ ჭაღარიდან წყლის წვეთები ჩამოიბერტყა. ულვაშები მხეცივით ააცმაცუნა და ხელი ფრთხილად მოისვა ხორკლიან ნიკაპზე. მოკლედ შეკრეჭილი‚ ალუმინისფერი თმა ჯაგრისით გადაივარცხნა და ოთახში შემოსულ სიდედრს‚ კლავდია ივანოვნას‚ თავაზიანი ღიმილით შეეგება.
– იპპოლე-ეტ! – დაიროხროხა სიდედრმა‚ – წუხელ ცუდი სიზმარი ვნახე.
სიტყვა „სიზმარი“ ფრანგული პრონონსით წარმოითქვა.
იპროლიტ მატვეევიჩმა სიდედრს ზევიდან დახედა. ვორობიანოვი ას ოთხმოცდა ხუთი სანტიმეტრი სიმაღლისა იყო და ამ სიმაღლიდან მას ფრიად ეადვილებოდა, სიდედრს ერთგვარი ზიზღითა და გულგრილობით მოპყრობოდა.
– განსვენებული მარი გამომეცხადა‚ – განაგრძო კლავდია ივანოვნამ‚ – თმა გაშლილი ჰქონდა და ოქროსფერი სარტყელი ეკეთა.
კლავდია ივანოვნას ქვემეხისებური ხმა აზანზარებდა ბურთივით გაბერილ თუჯის ლამპას‚ რომელსაც ბზარებით დასერილი მტვრიანი მინა ამშვენებდა.
– ჩემს ჭკუაზე აღარა ვარ‚ არაფერი დაგვემართოს.
ეს სიტყვები ისეთი ძალით იყო წარმოთქმული‚ რომ იპოლიტ მატვეევიჩს თმა აებურძგნა. ის კი დაიჭყანა და დამარცვლით თქვა:
– მამან‚ არაფერიც არ დაგვემართება. წყლის ფული შეიტანეთ?
თურმე‚ სიდედრს წყლის ფული არ შეუტანია. კალოშებიც გაურეცხავი იყო. იპოლიტ მეტყვეევიჩს სიდედრი არ უყვარდა. კლავდია ივანოვნა სულელი იყო და მისი ასაკი არ იძლეოდა იმის იმედს‚ რომ ეს ქალი ოდესმე