პროლოგივით
ღამის ორის ნახევარია. მზია ტურძელაძე ლალი მონასელიძე-კარაგუნისს ურეკავს. დაკავებაა. მზიკო თან ტელევიზორს უყურებს. ის ცნობილი ჟურნალისტია და თავს ვალდებულად თვლის, ყველაფერს უყუროს, ყველაფერი იკითხოს და ყველაფერი იცოდეს, რაც საქართველოში ხდება. რასაკვირველია, მზია ჭორაობაზე გიჟდება და ამიტომაც ურეკავს ლალის, კონკურენტი ტელევიზიის დედოფალს, რომელიც ასევე პროფესიონალი ჭორიკანაა. მზია ვერ იტანს ლალის, ლალი – მზიას. მაგრამ ხომ იცით, ინფორმაცია უპირველეს ყოვლისა.
ადრე, დაახლოებით ოცი წლის წინ, ისინი სამნი იყვნენ: მზია, ლალი და ლიზა ჩიტიძე. სამი მეგობარი, სამი მუშკეტერი, სამი კაკალი, სამი გოჭი, რა სახელი არ მოუძებნეს მათ მუდმივ ერთობას. ისინი ცალ-ცალკე კარგად ვერ გამოიყურებოდნენ და ეს ამბავი ტრიოში უფრო მძაფრდებოდა. ლექციებზე, გაყინულ აუდიტორიებში, ისინი ნავთისსუნიან პალტოებში გამოწყობილები კისკისებდნენ, მერე კი უნივერსიტეტის ბაღში სიგარეტს ეწეოდნენ და ყველა შემსვლელ-გამსვლელს აკონტროლებდნენ.
რა თქმა უნდა, სამივე ქალიშვილი იყო. რა თქმა უნდა, სამივე ოცნებობდა ქალიშვილობის ღირსეულად მივიწყებაზე და, რა თქმა უნდა, როგორც ხშირად ხდება ასეთი სამეულების ცხოვრებაში, მზიკუნას, ლალკას და ლიზიკოს ერთი ბიჭი შეუყვარდათ ჟურნალისტიკის მეხუთე კურსიდან. გაირკვა თუ არა ეს ამბავი, ურთიერთობა დაიძაბა და დაიწყო გალამაზების ინდივიდუალური პროგრამები, რომლებშიც ლიზა თავიდანვე დაწინაურდა და სულ რამდენიმე თვეში ისე გალამაზდა, რომ უნივერსიტეტის ბაღში უკვე დუეტად მოარული მზია-ლალი საზარელ სანახაობას წააწყდა – ყველაზე მიყრუებულ ადგილას (მზიამ, წამო, კალგოტკები ჩამეჩეჩა და გავისწორებო) ელიზავეტა იმ ბიჭის კალთაში იჯდა. ბიჭს გია გვაძავა ერქვა...
კალთა კალთას ცვლიდა და გარკვეულწილად, მზია ამაზე სალაპარაკოდაც ურეკავდა ლალის. თან ძალიან გაღიზიანებულიც გახლდათ – ლიზას ბოლო კაცი მართლაც რომ სანატრელი იყო თბილისელ მემანდილეთა გარკვეული ფენისთვის. ეს ამბებიც, ქვევით, სწორედ ამ კალთებზეა.
მზიამ კიდევ რამდენჯერმე დარეკა. ისევ დაკავება. ნერვები მოეშალა და ნერვებმოშლილს ჩაეძინა...