გამარჯობა ობამა
როგორც სიღნაღელი ბერიკაცები ამბობენ, მათ შორის ას წელს მიტანებული, შავი ყურძნის მარცვალივით დაჩამიჩებული, ბარაქობამაანთ შავკოლა და შავდათუა, რომლებიც შავგრემანობით ამერიკის პრეზიდენტსაც კი ტოლს არ დაუდებენ, ბარაქ ობამა წარმოშობით სიღნაღიდან ყოფილა.
იმის სიღნაღელ წინაპარსაც ბარაქა ჰრქმევია სახელად. ძალიან მშრომელი კაცი ყოფილა ის ბარაქაც.
1776 წელს როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაცია გამოცხადდა, სწორედ იმ ბარაქას ძალიან დიდი მოსავალი აუღია, იმდენად დიდი, რომ ბეღლები სულ პირთამდე ავსებულა. რაც კალოზე ჭირნახული დაუბინავებელი დარჩენილა, იმას ობი მოუბამს. ხალხს უთქვამს:
ბარაქამ ობი მაიდვაო და ამიტომ იმის შთამომავლობისა და უბნისთვის „ბარაქამობიმაიდვა“ დაურქმევიათ.
სიღნაღში წესად აქვთ, სახელებს შემოკლებით წარმოთქვამენ (ამერიკელებსაც სიღნაღელი ბარაქასგან უსწავლიათ ეს წესი) ასე შერჩა სიღნაღის ამ უბანს სახელად „ბარაქობამაანთ უბანი“.
იმის შესახებ კი როგორ მოხვდა ის პირველი სიღნაღელი ბარაქა ამერიკაში, უტყუარი საარქივო ცნობები არსებობს, კერძოდ ერეკლე მეფის მიმოწერა ინდოეთის ქალაქ მადრასში მყოფ სიღნაღელ ვაჭრებთან, რომელთაგანაც ერთ-ერთი ბარაქას ნათესავად ერგებოდა.
ახლანდელ დროში შეიძლება ბევრს გაუკვირდეს პრუსიის ძლევამოსილი მეფის ფრიდრიხ დიდის გამონათქვამი: „დასავლეთში მე, აღმოსავლეთში მეფე ერეკლე!“
მაგრამ სინამდვილეში მაშინდელ საქართველოს, ევროპაშიც და აღმოსავლეთშიც, მათ შორის ინდოეთშიც, საკმაოდ ანგარიშგასაწევ ქვეყნად მიიჩნევდნენ. რომ არა რუსების მიერ საქართელოს დაპყრობა, ვინ იცის იქნებ ის პროექტი რომელიც მადრასში მყოფმა ქართველმა ვაჭრებმა ერეკლე მეფესთან გამოაგზავნეს, განხორციელებულიყო და საქართველოს ბედი სულ სხვაგვარად წარმართულიყო.
ერეკლე მეფის დროს ზომა-წონაში მოტყუებას არცერთი ქართველი ვაჭარი არ იკადრებდა, ამიტომაც სხვებთან შედარებით ქართველებს მეტად ენდობოდნენ, მადრასში სიღნაღელი ვაჭრები უფრო სარფიანად ვაჭრობდნენ, ვიდრე ცუნდრუკი რუსი და სპარსელი ვაჭრები.
ზომა-წონაში მოტყუება, სწორედ რუსებმა შემოიტანეს საქართველოში, მისი დაპყრობის შემდეგ.
აი ასეთი ვითარება იყო საქართველოში, როდესაც ერეკლე მეფემ მიიღო წერილი და პროექტი რომელშიც ეწერა რომ: 1776 წლის 4 ივლისს შეიქმნა ახალი სახელმწიფო - ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც როგორც ახალი და მზარდი სახელმწიფო, დაინტერესებული იყო სხვა ქვეყნების აღიარებით, მათთან პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობების დამყარებით.
ერეკლე მეფე ბრძენკაცი იყო, ამერიკასთან ურთიერთობის პერსპექტივა კარგად შეუფასებია, სწორედ იმ პირველი ბარაქასთვის დაუვალებია მადრასში გამგზავრება და იქ მყოფი მისი ნათესავისგან დამატებითი ინფორმაციის მოპოვება.
ასე მოხვედრილა ის ინდოეთის მნიშვნელოვან სავაჭრო ქალაქ მადრასში, საიდანაც ამერიკაში მიმავალი გემის კაპიტნისთვის გაუტანებია ერეკლე მეფის წერილი და ძღვნად იმ წელს მოწეული ხორბალი აშშ-ს ახლად შექმნილი მთავრობისთვის გადასაცემად.
მაგრამ იმ დროის საქართველოში სამწუხარო ამბები დატრიალდა. სპარსელებსაც და რუსებსაც რა თქმა უნდა არ აწყობდათ ქართველების ასეთი წინსვლა. მათი მიზანი გარდა ქვეყნების დაპრყობისა, სავაჭრო პოტენციალის ხელში ჩაგდებაც იყო.
ამიტომ მოხდა ისე რომ როდესაც აღა-მაჰმად-ხანის ურდოებმა თბილისის ქარვასლები, სავაჭრო დუქნები, სახელოსნოები, მოაოხრეს და მოსახლეობა ამოწყვიტეს, რუსებს ხელიც არ გაუნძრევიათ ერთმორწმუნეთა დასაცავად.
1800 წელს მადრასში მყოფ ბარაქას შეუტყვია რომ რუსეთის იმპერატორი პავლე აპირებდა საიდუმლო მანიფესტზე ხელის მოწერას, რის საფუძველზეც უნდა გაუქმებულიყო ქართული სამეფო და შეერთებოდა რუსეთის იმპერიას.
ბარაქას შეუკრებია საზღვარგარეთ მყოფი ქართველები, მათთან ერთად მისულან ერეკლე მეფის შვილთან ალექსანდრესთან და ალექსანდრე ბატონიშვილის სარდლობით დაძრულან საქართველოს დამოუკიდებლობის გადასარჩენად.
ალექსანდრე ბატონიშვილის რაზმის რუსის ჯართან შეტაკება, 1800 წლის 7 ნოემბერს მოხდა სოფელ კაკაბეთთან, ნიახურას ველზე.
იმ დროინდელი რუსეთის - უახლესი ტექნიკის ზარბაზნებითა და თოფიარაღით აღჭურვილ რეგულარულ ჯარის ნაწილებთან, შიშველი ხმლით ბრძოლა შეუძლებელი აღმოჩნდა, ქართველებმა უკან დახევა და მთაში გამაგრება არჩიეს. 1800 წლის 15 დეკემბერს, რუსეთის იმპერატორმა საიდუმლო მანიფესტს ხელი მოაწერა, საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაუქმების შესახებ.
იმ დღიდან ალექსანდრე ბატონიშვილის რაზმი მთაში იბრძვის, 1802 წელს მთიულეთის აჯანყებაში იღებს მონაწილეობას, 1812 წელს კახეთის აჯანყებაში.
როდესაც ნაპოლეონის ფრანგულმა არმიებმა 1812 წლის 25 აგვისტოს, ბოროდინოს ველზე რუსეთის I, II და III არმიებს სძლიეს და ამის შედეგად მოსკოვში შევიდნენ, ალექსანდრე ბატონიშვილი იმ დროს მთლიანად აკონტროლებდა საქართველოს უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პუნქტებს, დაწყებული დარიალის ხეობიდან ირან-თურქეთის საზღვრამდე, მაგრამ როგორც ცნობილია ფრანგებმა მიღწეული წარმატება ვერ გამოიყენეს, ზამთრის პირობებში ბრძოლებისთვის მოუმზადებელი აღმოჩნდნენ და უკან დახევა დაიწყეს. ალექსანდრე ბატონიშვილიც თავის რაზმთან ერთად იძულებული გახდა საქართველოს ტერიტორია დაეტოვებინა.
საქართველოს, ისევე როგორც რუსების მიერ დაპყრობილ სხვა ქვეყნებს, ამჯერადაც არ გაუმართლა, ისინი ისევ მარტონი აღმოჩნდნენ კაციჭამია რუსული ორთავიანი იმპერიის კლანჭებში გამომწყვდეულნი.
უკეთესი საერთაშორისო ვითარების მოლოდინის იმედით ის პირველი ბარაქა, ამერიკაში გამგზავრებულა როგორც ალექსანდრე ბატონიშვილის სრულუფლებიანი წარმომადგენელი.
უნდა ვიგულისხმოთ რომ მადრასში და ამერიკაში მყოფ ქართველებს, ჰქონდათ მიწერ-მოწერა