ძველი ატიკური კომედია და არისტოფანე
ათენში, აკროპოლისის მთის ძირას, დიონისეს თეატრში, დღისით, ღია ცის ქვეშ, ჩვიდმეტი ათასი მაყურებლის წინაშე გამოდის კომედიის გუნდი და თავის თანამოქალაქეთა და ატიკის დედაქალაქის სტუმართა წინაშე (სტუმრები კი სპეციალურად ჩამოდიოდნენ თეატრალურ დღესასწაულებზე საბერძნეთის ქალაქებიდან და ხანდახან უცხოეთიდანაც კი) დაუნდობლად ესხმის თავს სახელმწიფოს მეთაურს, უკანასკნელი სიტყვებით მოიხსენიებს დიდ-დიდი თანამდებობის პირებს, სასტიკად აკრიტიკებს სახელმწიფოს საგარეო თუ საშინაო პოლიტიკას, დასცინის ეროვნულ ტრადიციებს, აყალბებს სახელოვან ისტორიას და ა. შ. სახელმწიფოს მეთაურები და უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური მოღვაწეები კი იქვე, პირველ რიგში მსხდომნი, სიცილითა და ტაშით ეგებებიან თავიანთ საქვეყნო ლანძღვა-გინებასა და დამცირებას... ასეთია ის არნახული თავისუფლება, რომელიც არც მანამდე და არც მას შემდეგ არც ერთ სახელმწიფოს არ მიუნიჭებია რომელიმე ხელოვანისთვის და, მით უმეტეს, მთელი ჟანრისთვის.
*
ათენის მონათმფლობელური დემოკრატიის განვითარება იწყება ძვ. წ. საუკუნის დასასრულს ე. წ. კლისთენეს რეფორმებით. კლისთენე ჩაუდგა სათავეში პისისტრატიდთა წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკურ მოძრაობას, რომელმაც 510 წელს მოახერხა ათენიდან ტირან ჰიპიას გაძევება. კლისთენე გახდა სახელმწიფოს ფაქტობრივი ხელმძღვანელი; მან ოთხი საგვარეულო ფილეს ნაცვლად შექმნა ათი ტერიტორიული ფილე (თითოეული მათგანი სამი ნაწილისაგან შედგებოდა: ქალაქი, სანაპირო და შიდა მხარე); ამით წარჩინებულთა პოლიტიკური გავლენა მნიშვნელოვნად შემცირდა. ძირითადი ადმინისტრაციული, სამეურნეო, საკულტო და პოლიტიკური ერთეული გახდა დემი. კლისთენემ საგვარეულო ფილეს ოთხასკაციანი საბჭო შეცვალა ტერიტორიული ფილეს ხუთასკაციანი საბჭოთი, ანუ ბულეთი (თითოეული ფილედან ბულეში შედიოდა ორმოცდაათი წევრი ანუ ბულევტი); ამავე პოლიტიკურმა მოღვაწემ შემოიღო ოსტრაკიზმი (კენჭისყრა „ოსტრაკონების“ – თიხის ნატეხების მეშვეობით, მიმართული ტირანული გადატრიალებების წინააღმდეგ) და დააწესა ათი სტრატეგოსის ინსტიტუტი (თითოეული ფილე ერთი წლით ირჩევდა სტრატეგოსს).
ათენელმა მიწათმოქმედებმა და ხელოსნებმა პირველად იგრძნეს თავი მშობელი ქვეყნის სრულუფლებიან მოქალაქეებად. სწორედ ამან მისცა საშუალება პატარა საბერძნეთს, ათენის მეთაურობით, დაემარცხებინა სპარსეთის უზარმაზარი ფლოტი და არმია, დაეცვა სამშობლოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება. ბრწყინვალე გამარჯვებებმა ბერძენ-სპარსელთა ომში ათენს მოუპოვა აურაცხელი მცირეაზიელი და სკვითი მონა, ჰეგემონის როლი ჯერ კიდევ ომის დროს შექმნილ დელოსის საზღვაო კავშირში. ათენის ნავსადგური პირეოსი გახდა ძველი სამყაროს მრავალი ქვეყნის სავაჭრო გზების გადაკვეთის ადგილი. მაღალგანვითარებული ხელოსნობის, ვაჭრობისა და ზღვაოსნობის ბაზაზე ოლიგარქიულ და დემოკრატიულ დაჯგუფებებს (პირველს ხელმძღვანელობდა არისტიდე და შემდგომში კიმონი, ხოლო მეორეს – თემისტოკლე და შემდგომში ეფიალტე და პერიკლე) შორის დაძაბულ ბრძოლაში საბოლოოდ გაიმარჯვა დემოკრატიამ, რომელმაც უდიდეს აყვავებას მიაღწია პერიკლეს (ძვ. წ. 490-429 წწ., სტრატეგოსად იყო ზედიზედ თხუთმეტჯერ 444/443-429 წწ.) ეპოქაში.
პერიკლემ გააუქმა ქონებრივი ცენზი; მისი მეცადინეობით უზენაესი ძალაუფლება მიენიჭა სახალხო კრებას, რომელსაც ყველა სხვა ორგანო ემორჩილებოდა; სამართალს განაგებდა მოქალაქეთაგან კენჭისყრით არჩეული ჰელიასტების (მსაჯულების) სასამართლო. წილისყრით (ნაცვლად ოდინდელი ხმის მიცემისა) ირჩეოდნენ დიდი თანამდებობის პირნიც, რომელთაც არჩევის შემდეგ ენიშნებოდათ ხელფასი სახელმწიფო ხაზინიდან, რაც უღარიბეს მოქალაქეებსაც კი აძლევდა რეალური პოლიტიკური მოღვაწეობის შესაძლებლობას. პერიკლეს რჩევით, თეატრალური დღესასწაულების დროს სახელმწიფო ყველაზე უფრო უპოვარ მოქალაქეებს ფულს აძლევდა, რათა მათაც შეძლებოდათ დასწრებოდნენ სანახაობას (ე. წ. თეორიკონი). გაზრდილი ხარჯები იფარებოდა ე. წ. ფოროსით, ანუ გადასახადით, რომელიც ათენის სახელმწიფო ხაზინაში შეჰქონდათ საზღვაო კავშირის (ათენის არქეს) წევრ მოკავშირე ქალაქებს; ამ დიდ თანხას ემატებოდა შემოსავალიც, რომელსაც ათენს აძლევდა ლავრიონის ვერცხლის საბადოები.
ათენის საზღვაო ძლიერებამ უდიდესი ნაყოფი გამოიღო: შავიზღვისპირეთიდან ჩამოჰქონდათ იაფი ხორბალი, რომელიც საერთოდ ცუდად მოდის ატიკის კირქვიან მიწაზე; საზღვაო ბაზრების ფართო ქსელი საშუალებას აძლევდა მიწათმოქმედს, გაეყიდა ატიკური მიწათმოქმედების ტრადიციული პროდუქტები: ზეითუნის ზეთი და ღვინო. ამგვარად, ბერძენ-სპარსელთა ომის შედეგებით ატიკელი მიწათმოქმედი კმაყოფილი იყო. სრულიად სხვაგვარად იყო განწყობილი მოსახლეობის სხვა ნაწილი. ვაჭართა და ხელოსანთა მეცადინეობა მიმართული იყო ათენის გავლენის სფეროს გაზრდისა და ახალი ტერიტორიების მოპოვებისაკენ. ამ მისწრაფებებს მხარს უჭერდა მოსახლეობის შედარებით ღარიბი ფენაც – წვრილი ხელოსნები, მოიჯარენი და მეზღვაურები. ქალაქის დემოსის ამ მასას ეყრდნობოდა პოლიტიკურად ე. წ. რადიკალური დემოკრატია, რომელმაც დემაგოგ კლეონისა და ჰიპერბოლეს მეთაურობით ხელში ჩაიგდო სახელმწიფო ძალაუფლება პერიკლეს სიკვდილის შემდეგ.
დაპირისპირება მიწათმოქმედებსა და რადიკალებს შორის სრულად გამოვლინდა კლასიკური საბერძნეთის ისტორიაში უდიდესი – ე. წ. პელოპონესის ომის (ძვ. წ. 431-404 წწ.) მსვლელობაში. ომი გაჩაღდა დელოსის საზღვაო კავშირსა და პელოპონესის კავშირს შორის და შემდგომში მოიცვა მთელი საბერძნეთი, მათ შორის სამხრეთ იტალიისა და სიცილიის ბერძნული პოლისებიც.
ბერძნულ პოლისთა ეკონომიკურმა ზრდამ და პოლისებს შორის ვაჭრობამ გაამწვავა ურთიერთობა უმსხვილეს სავაჭრო-სახელოსნო ცენტრებს შორის. ერთმანეთს დაუპირისპირდა, ერთის მხრივ, ათენი და, მეორეს მხრივ, კორინთო და მეგარა.