ყველაფერს ჯივზი მიხედავს
იმას გეუბნებოდით, ამ ჩემს ჯივზს-მეთქი (ერთხანობაა, ლაქიად მიდგას) რა გინდა, ხელიდან არ გამოსდიოდეს! ზოგ-ზოგებს მიაჩნიათ, რომ ზედმეტად ვენდობი - აქაოდა, მსახური მაინც მსახურიაო (დეიდა აგათა სულაც ჩემს „ძიძად“ იხსენიებს), მაგრამ რა მერე? მე თუ მკითხავთ, ეგ კაცი უბრალოდ, გენიოსია! ყოველ შემთხვევაში, ყველა ჩემს ნაცნობზე მთელი თავით მაღლა დგას და ახლა რა გინდა რომ ქნა? ერთი კვირაც არ იყო, რაც ჩემს სამსახურში ჩადგა და ყველა საქმე მაგას გადავაბარე… მას მერე ბარე ხუთი წელია გასული და უნდა გითხრათ, მაშინდელი გადაწყვეტილება ერთხელაც არ მინანია! კი, ნაღდად ხუთი წლის წინ მოხდა ეგ ყველაფერი - ახლაც მახსოვს, რა ამბავი გადამხდა ფლორენს კრეის, ბიძია უილობის ხელნაწერისა და იმ მაწაკ ბოისკაუტ ედვინთან დაკავშირებით…
ყველაფერი იქიდან დაიწყო, სამყუდროდ წოდებულ ბიძაჩემის მამულს რომ ვეწვიე შროპშირის საგრაფოში: წესად მედო, ზაფხულის ერთი-ორი კვირა მაინც გამეტარებინა ხოლმე იქ, მაგრამ სწორედ იმ წელს მომიწია სასწრაფოდ დავბრუნებულიყავი ლონდონს და ახალი ლაქია მეძებნა. საქმე ის გახლდათ, რომ წინა ვაჟბატონს - ვინმე მედოუზს, ჩემი აბრეშუმის წინდების ქურდობაზე წავასწარი და დამეთანხმებით ალბათ, ამას არა თავმოყვარე კაცი არ მოითმენს! იმაზე აღარას ვამბობ, რაღაც-რაღაც სხვა წვრილმანიც რომ გააყოლა ხელს… მოკლედ, სწორედ ამ წინდების გამო იყო, ასე ვთქვათ, ხელთათმანი რომ ვესროლე და დაქირავების ბიუროს მივმართე - სხვა ვინმე გეყოლებათ, ცოტა უფრო საჩემო-მეთქი! ჯივზი გამომიგზავნეს.
ჩემ დღეში არ დამავიწყდება ის დილა, მძინარეს რომ დამადგა თავზე: ისე მოხდა, წინა დღეს ფრიად საჩინო მონაწილეობას ვიღებდი ერთ ლხინის სუფრაზე და გასაგები მიზეზების გამო, მეორე დღისთვის რაღაც მთლად ჯანზე ვერ გახლდით. ყველაფერთან ერთად, როგორც აღმოჩნდა, წიგნის კითხვასაც კი ვცდილვარ - ფლორენს კრეიმ დამავალა და იმიტომ. ეს ქალბატონი ბიძაჩემის სტუმარი გახლდათ მაშინ სამყუდროში და იქვე დავინიშნეთ კიდეც. კვირის თავზე უნდა მივბრუნებულიყავი და მოელოდა ალბათ, წიგნი სატიტულო ფურცლიანად მექნებოდა სათანადოდ დამუშავებული. საქმე ის გახლდათ, რომ ქ-ნ კრეის გულის ფიცარზე ამოეჭრა - ჩემი ინტელექტი აემაღლებინა უახლოეს მომავალში… ფლორენს კრეი - საუცხოო პროფილისა და ჩამოქნილი ფეხების პატრონი - თავფეხიანად რაღაც მაღალ მატერიებში ჩაფლულიყო და წიგნსაც არც მეტი, არც ნაკლები - „ეთიკურ კატეგორიათა სახეობები“ ეწერა ყდაზე. იმის იქით არც წავსულვარ. თუმცა არა, ერთი გვერდი მაინც გადავშალე საცდელად და აი, რა ამოვიკითხე:
…პოსტულატები, ანთუ მეტყველების იმპლიციტური წინადაშვებები, არაკორექტულია სოციალურ ორგანიზმებთან მიმართებაში, რამეთუ სასაუბრო ენაც იმავე მიზნებს ემსახურება…
ეჭვი არაა, ესე ყოველი სიმართლეს უნდა შეესაბამებოდეს, ოღონდ მე ჩემი მითქვამს: ამისთანა საკითხავი არანაირად არ ესადაგება ინ ვივო მიღებას და თანაც - ნაბახუსევზე, დილის საათებში…
მოკლედ, ამ სატანჯველს შეჭიდებულს ჩამთვლემია და უცებ - ზარი კარზე. ძლივს ავითრიე წელი, ხელის კანკალით გადავწიე ურდული და რას ვხედავ - ვიღაც სრულიად უცნობი, შავთვალწარბა, ჩაკოსტუმებულ-ჩაჰალსტუხებული ჯეელი დგას და ძაან-ძაან დაყენებული ხმით მეუბნება:
- დაქირავების ბიურომ გამომგზავნა, სერ. როგორც მითხრეს, კამერდინერი დაგჭირვებიათ, სერ.
ახლა ერთი კარგი მეკუბოვე უფრო მომიხდებოდა-მეთქი, - გავიფიქრე, მაგრამ მაინც შევიპატიჟე შინ და ისიც კი არ შემოვიდა, ზენა ნიავივით უჩუმრად შემოქროლდა ოთახში. უნდა გითხრათ, მედოუზს ბრტყელტერფიანობა სჭირდა და ლამის ტორებს ცემდა იატაკს, ეს კიდე თითქოს ფეხსაც არ ადგამდა, ხალიჩაზე მისრიალებდა თითქოს… და სახე მისი ერთდროულად თანალმობასა და წუხილს გამოხატავდა მოყვასისა ზედა, თითქოსდა მთლად გასიგრძეგანებული ჰქონოდა ის გასაჭირი, კაცს გვარიან გამონაყოლზე რომ იპყრობს.
- ბოდიში მომითხოვია, სერ… - წაიჩურჩულასავით, მერე ოთახიდან აორთქლდა, სამზარეულოში რაღაცეები ააჩხარუნა და წუთიც არ იქნებოდა გასული, ისევ ისე უხმაუროდ მობრუნდა შეორთქლილი ჭიქით ხელში.
- პატივი დამდეთ, სერ… - და ისე მოიხარა წელში, როგორც ექიმი დაიხრებოდა ავადმყოფის სასთუმალთან, ანთუ კარის მკურნალი, დავრდომილ მეფისწულს რომ აწვდის მაცოცხლებელ სითხეს. - საკუთარი მწარე გამოცდილების შედეგად შექმნილი რეცეპტია, სერ. პიკანტურობას საკმაზი აძლევს, უმი კვერცხი მაწიერს ხდის და კაიენური წიწაკა - გალვანიზაციის ეფექტს იძლევა… ბევრს უთქვამს პირადად ჩემთვის, უებარია ამგვარი შეჭირვების ჟამსო, სერ.
იმ დილას ისეთ დღეში ვიყავი, წყალწაღებული ხავსსაც რომ მოეჭიდება და სულმოუთქმელად გამოვცალე სასმისი. ჯერ იყო და იმგვარი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს ვიღაცამ თავში ყუმბარა ამიფეთქა, მერე ესეც არ იკმარა და ცეცხლმოკიდებული მაშხალა ჩამიგდო კუჭში, მაგრამ უმალ ყველაფერი თავის ადგილზე დადგა - ფანჯარაში მზე ანათებდა, ტევრში ჩიტები ჟღურტულებდნენ და საერთოდ, ცხოვრებასაც