არქანჯელო ლამბერტის „სამეგრელოს აღწერა“ არქანჯელო ლამბერტის განსაკუთრებული ადგილი უკავია იმ ევროპელ მწერალთა შორის, რომელთაც ოდესმე რაიმე ცნობა დაუტოვებიათ ძველი საქართველოს შესახებ.
მისი ნაშრომი არ შეიცავს შემთხვევით გამვლელი მოგზაურის შთაბეჭდილებებსა და ყურმოკრულ ამბებს, როგორიც დაგვიტოვეს იოსაფა ბარბარომ და ამბროზიო კონტარინიმ თავის წერილებში და თუნდაც შარდენმა ცნობილ მოგზაურობის წიგნში. ლამბერტიმ თითქმის თვრამეტი წელი დაჰყო საერთოდ საქართველოში, აქედან უმეტესი ნაწილი სამეგრელოში გაატარა. იგი გაეცნო ჩვენი ხალხის ცხოვრებას, მის ადათ-ჩვეულებებს, კულტურას, მეურნეობას და ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად მოგვცა წიგნი, რომელიც შეიცავს მეტად ძვირფას ცნობებს ჩვენი წარსულის მკვლევარ-ისტორიკოსებისათვის და ამავე დროს წარმოადგენს მეტად საინტერესო საკითხავ წიგნს მკითხველთა ფართო ფენებისათვისაც.
არქ. ლამბერტი დაჯილდოებულია მწერლისათვის დამახასიათებელი დაკვირვების უნარითა და მხატვრული ალღოთი. იგი მეტად მიმზიდველად აგვიწერს სამეგრელოს ბუნებას, ხალხის ცხოვრებას, სოციალურ წყობას, სამეურნეო საქმიანობას. ამასთან ერთად იჩენს გარკვეულ ტენდენციასაც ხაზი გაუსვას ჩვენი ცხოვრებისა და ადათ-ჩვეულებების იმ ნაკლოვან მხარეებს, რომელიც მისი წარმოდგენით უარყოფითად ახასიათებდა ჩვენს ხალხს.
არქანჯელო ლამბერტი იყო იტალიელი მისიონერი, თეათინელი ბერი, ნეაპოლიდან. იგი მოვიდა საქართველოში თავის ამხანაგ ბერ ჯუზეპე ჯუდიჩისთან ერთად 1631 წელს და ერთხანს ცხოვრობდა გორში. ქართლის სამეფოს იმ დროინდელმა პოლიტიკურმა ვითარებამ იგი აიძულა ორი წლის შემდეგ სამისიონეროდ გადასულიყო სამეგრელოში. აქ იგი ცხოვრობდა თექვსმეტი წლის განმავლობაში. 1649 წელს არქ. ლამბერტი დაბრუნდა თავის სამშობლო ნეაპოლში, სადაც დასწერა და გამოსცა წინამდებარე ნაშრომი 1654 წელს, ხოლო სამი წლის შემდეგ მეორე თხზულება - „ წმინდა კოლხიდა".
არქ. ლამბერტის სამისიონერო მოღვაწეობა ეკუთვნის იმ ხანას, როდესაც რომის კათოლიკურმა ეკლესიამ განსაკუთრებით გააცხოველა თვისი პროპაგანდა აღმოსავლეთის საქრისტიანო ქვეყნებში, კერძოდ საქართველოში.
როგორც ცნობილია, XVI საუკ. რეფორმაციამ რომის პაპის გავლენის სფეროს ჩამოაცილა ევროპის ქვეყნების ნახევარზე მეტი ნაწილი. კათოლიკური ეკლესია ცდილობდა ეს დანაკლისი აღმოსავლეთ ქვეყნებში აენაზღაურებინა. სამეურნეო ინტერესები, რომლითაც რომის პაპი იყო დაკავშირებული იტალიის სავაჭრო ქალაქებთან, კარნახობდნენ მას უდიდესი ყურადღება მიეპყრო წინა აზიისათვის, სადაც მე-17 საუკუნეში საკმაო ენერგიით იკვლევდა გზას დასავლეთ ევროპის კაპიტალი. და ჩვენ ვხედავთ, რომ მე-17 ს. დასაწყისში რომი ინტენსიურად აგზავნის თავის მისიონერებს შავი-ზღვის სანაპიროებზე, რომლის ბინადარ ხალხებთან ამ დროს იტალიელებს საგრძნობი სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდათ დამყარებული.
უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროს საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობა და მმართველ წრეების განწყობილებები საკმაოდ ხელსაყრელ პირობებს ქმნიდნენ ევროპელ ვაჭრებისა და მისიონერების საქმიანობის წარმატებისათვის ჩვენს ქვეყანაში. ქართველი მეფე-მთავრები ამ დროს სულ უფრო მეტის ინტერესით იხედებოდნენ დასავლეთისაკენ და ცდილობდნენ პოლიტიკური და ეკონომიური კავშირის დამყარებას ევროპულ სახელმწიფოებთან. რა დამახასიათებელია ამ მხრივ ცნობები ფრანგი მოგზაურის შარდენისა, რომელმაც საქართველოზე გზად გაიარა მე-17 ს. სამოცდაათიან წლებში. ამ დროს ქართლში მეფობდა ვახტანგ მეხუთე, შაჰნავაზად წოდებული(1658-1675). შარდენის თბილისში მისვლა რომ გაიგო ვახტანგმა, მაშინვე რომაელი მისიონერები, კაპუციონები მიუგზავნა და იხმო თავისთან: „ მეფეს მოუთმენლად სურს ევროპის ამბავი შეიტყოს შენგანაო “ , - განუცხადეს მათ ცნობილ მოგზაურს. შარდენი გადმოგვცემს ვახტანგ-შაჰნავაზის სიტყვებსაც: „ ძლიერ მიყვარს ევროპელები და მსურდა უფრო მეტი ხანი დარჩენილიყო (შარდენი) თბილისში... ძლიერ მსურს ევროპელები დაბანაკდნენ საქარ თველოში... თუ აღებ-მიცემისათვის მოვლენ ისინი, გავანთავისუფლებ ყველა გადასახადისაგან და მივანიჭებ ყოველგვარ უპირატესობას, რასაც კი ისურვებენ. ევროპელები ინდოეთში მისვლა-მოსვლისათვის ვერ იპოვიან ჩემს სახელმწიფოზე უკეთესს გზას. გარწმუნებთ, რომ თუ ერთხელ სცადეს ამ გზაზე წამოსვლა, მერე სხვა გზას აღარ დაადგებიან “ და სხვ.
ასეთი განწყობილება ევროპელთა მიმართ ახასიათებდა საქართველოს სხვა მთავრებსაც: მაგ. ლევან დადიანს, რომელიც მფარველობდა არქ. ლამბერტის, კათოლიკობა მიიღო მისგან და მიმოწერა და ურთიერთობაც კი გააბა რომთან (იხ. მ. თამარაშვილი - „ კათოლიკობა საქართველოში", გვ. 190).
საქართველოს მეფე-მთავრების ასეთი შესამჩნევი მიდრეკილება ევროპული დასავლეთისადმი გამოწვეული იყო ირანისა და თურქეთის ძალმომრეობისაგან თავის დახსნის ღრმა პოლიტიკური მოტივებით.
ეს გარემოება, როგორც ვთქვით, ხელისშემწყობ პირობებს წარმოადგენდა რომის ეკლესიის მისიონერთა აქტიური მოღვაწეობისათვის ჩვენს ქვეყანაში. რომის პაპის ურბან მერვეს დროს (1623-1644) თეათინელ ბერების ორდენს (რომელიც ჯერ კიდევ 1524 წ. იქნა დაარსებული უცხო სარწმუნეობის ქვეყნებში პროპაგანდის საწარმოებლად) ეკისრება სპეციალური ამოცანა საქართველოში მისიონერული მოღვაწეობისა.
1626 წ. ჩვენს ქვეყანაში გამოგზავნილ იქნენ თეათინელები: პიეტრო ავიტაბილე , ფრანჩესკო დ ’ აპრილე და ჯაკომო დი სტეფანო . რამდენიმე წლის შემდეგ მათ მიემატნენ ჩვენი წიგნის ავტორი არქანჯელო ლამბერტი და მისი ამხანაგი ჯუდიჩი . ჩქარა მათ სხვებიც მოჰყვნენ, - მათ შორის აღვნიშნავთ მხოლოდ ქრისტეფორე კასტელს, ამ წიგნში მოთავსებულ სურათების ავტორს. ყველა ეს