ტომი VIII
დაჯდა მეფედ გიორგი, ძე დემეტრესი, დავითის შვილისა, ქორონიკონსა სამას სამოცდათხუთმეტსა. ამან დაყვნა მორჭმასა შინა ყოველნი ჟამნი და დღენი მისნი და იმეფა კეთილითა მეფობითა და მატა ყოველთა საყდართა, მონასტერთა და ეპისკოპოსთა. ამას შვილი არა ესუა და მისთჳს მწუხარე იყო უშვილოებისათჳს. მერმე ინება ზეგარდამო მოწყალებამან ღმრთისამან, და იწყო მობერვად ნიავმან ამომან, და იშვა მათგან ქალი, ქმნილ-კეთილი, ყოვლითურთ უნაკლულო და შესატყჳსი. ამას დაარქუა სახელი თამარ.
გარდაჴდეს ამას შინა წელნი რაოდენნიმე, და გარდაიცვალა მეფე გიორგი. და იქმნა გლოვა და მწუხარება უზომო, უფროსღა დასა თჳსსა რუსუდანს.
ესე იყო სძალ-ყოფილი დიდთა სულტანთა შამირამეთი და დედოფალი ყოვლისა ხუარასნელთა უფლებისა, რომელი სიქურივისათჳს თჳსადვე მამულად მოყვანებული დედოფლად დაჯდა ქართველთად, უფროსღა დიდებად სახლისა თჳსისად და ყოვლისა ამის სამეფოსა. ამას წინაშე იყო თამარ მაშინ, ვითარცა თჳსსა მამიდასა თანა, დითურთ თჳსით, რომელსა რუსუდანვე მოაქუნდა სახელად. რომლისათჳს აწ დამაკლებს წინამდებარე ესე მითხრობად, თუ რაოდენ შუენიერება და თავდგმულობა ექმნა ყოველთა პირველ მისსა ყოფილთა დედოფალთა. ვიკადროთ რამე, რამეთუ ოთხმოცისა წელიწდისა დღეთამან შეიყუარა მტკიცედ ქალწულება, სიწმიდე და სიკეთე დიდად სრული.
და ჩუენ პირველსავე სიტყუასა წარუძღუეთ. გლოვა იყო ნამდჳლვე ღირსთა, არამედ არა თავს იდვეს წარჩინებულთა სამეფოსათა, მიმხედველთა თამარისთა. განიყარეს გლოვა და დასცეს საყჳრსა, ვითარცა ოდესმე სოლომონისთჳს, და დადგეს სჳანი ტახტი ვახტანგეთი, საყდარი დავითიანი, რომელი პირველ მთოვარისა განამზადა მეფეთ-მეფემან საბაოთ ელოიმ სამფლობელოდ ზღჳთი-ზღუამდი და მდინარითგან კიდემდი სოფლისა. აღმართეს სკიპტრა დიდებულთა, ძელი ჯუარისა და მის თანა დროშა დავითისი, არაოდეს მობერილი წინააღმდგომთაგან ნიავთა. და ყოველთა ერთჴმაქმნილთა აწჳეს თამარს ჴრმალი მამული თანა-საყდრითურთ მამისა მინიჭებული.
ლიტონად-მე მიიღოა დიდმან ამან გონებამანა არა, ნუ იყოფინ! უმშუენოდ-მე შეიწყნარა იგი გჳრგჳნმან და მეფობამანა ანუ არა მაღნანტ ექმნა ყოველსა თუალსა თჳსად? ვინ ძუელი სიტყუა აქა ახლად ვიჴმაროთ ბრმა-შობილმან ბრმადვე წარვლო უმხედველომან თამარისმან. ტანსა ზომიერსა გრემანობა თუალთა და ღაწუთა სპეტაკთა ზედა ვარდებრივ ფეროვნობა, მორცხჳ ხედვა, ლაღი მიმოხედვა, ტკბილი პირი, მხიარული და ულიზღო სიტყჳს სინარნარე და ზრახვისა უჩუკნობა. არა ცუდად დასდვა ღმერთმან მადლად თამარს ესრეთ შემკულობა. რომლისათჳს არა უჯერო მიჩნს თქმად, ვითარმედ პირი ამისი პირველვე იყო დავითის მიერ თქმითა, რათა ლიტანიაობით თაყუანის-სცემდენ მეფენი და მთავარნი, და მეძღუნეობდენ ნათესავნი.
ესრეთ იდიდა ღმერთი ყოველთა პირთაგან. იხილეს რა ჴელითა მღდელთმოძღუართათა მეფე გჳრგჳნოსანი, და ქება შეასხეს ძალითა საქებებსა ჴმითა ოხრისათა. და სთქუმცა, თუ ყოველნი ძალნიცა ზეცისანი თანაშემწე არიან სიხარულსა ქუეყანისათა. და ესე უსაკჳრველეს მიჩნს ყოვლისამე, რომელ სხუა მჴედარი არაოდეს იხილა მის ჟამისათა მამადებრ მეფედ და ყოველნი ვითარ გამოცდილნი სასოებითა წინასწრობითა უძღოდა ერთი-ერთსა, და სიხარულითა სავსენი ღმერთსა ჰმადლობდეს, მეფესა აქებდეს და თავთა ჰნატრიდეს.
დაჯდა ნებითა ღმრთისათა თამარ მეფედ დასაბამითგანთა წელთა ექუსიათას ექუსას ოთხმოცდაექუსსა, ქორონიკონსა ოთხას და სამსა, შვილი მეფეთ-მეფისა გიორგისი, დიდისა დავითის ძისა დემეტრეს ძისაგან, ცოლისაგან ბურდუხან ოვსთა მეფისა ასულისა, რომელი ჰმატდა სიკეთესა დედათასა სხჳთა ყოვლითა, გარნა თამარის დედობითა, სძალი სხუა მისებრი მაშინ არა ეხილვა ქართლისა თემსა. და შემდგომითი-შემდგომად აქონ.
ამიერითგან რა ჯერ არს თამარის თქმად, გარნა მონაცვალეობა ღმრთისა, სამეფოსა და ერისათჳს რამეთუ აღიღო გონება მაღლად და მდაბლითა სულითა, და განიცადა სიდიდე საქმისა, მისდა რწმუნებულისა, მიაყვნა მყვანებელსა თჳსსა ხედვა და იწყო განგებად, ვითარ იგი მობერვიდა სული. მიმოიხილა სიმახჳლითა ცნობისათა თჳსსა გარემო ყოველი და მყისსა შინა შეემეცნა ხილვითა ოდენ წრფელთა და დრკუთა, [გულარძნილთა და უმანკოთა, ერთგულთა და ორგულთა,] და სიბრძნითა განგებითა თჳსითა პირველად ყოველთა ზედა დასსა წყალობა უხუებით, რათა ჟამთა საქმეთასა ერთნი ერთგულობით მადლიერობენ, ხოლო მეორენი უსიტყუელ იყვნენ მიგებისათჳს სამართლისა.
ხოლო სჯულთათჳს სულითთა მეორე კოსტანტინე იქმნებოდა და მისებრვე ჰგოროვნებდა დაწყებასა საღმრთოსა საქმეთასა, რამეთუ იწყო აღლესვად ორპირსა მახჳლსა მოსასრველად თესლთა ბოროტთა და ინება. რათა იქმნას შეყრა და გამორჩევა დიდთა მათ და მსოფლიოთა კრებათა.
პირველად აღმოუწოდა წმიდით ქალაქით იერუსალემით ნიკოლაოზს გულაბერისძესა, რომელსა სიმდაბლისა ძალითა ეჯმნა ქართლისა კათალიკოზობისაგან. ესე რა მოიყვანა, შემოკრიბნა ყოველნი სამეფოსა თჳსისა მღდელთ-მოძღუარნი, მონაზონნი და მეუდაბნოენი. კაცნი მეცნიერნი სჯულისა საღმრთოსანი და მოსწრაფე იყო, რათა მართლ-მადიდებლობასა ზედა შემოთესილნი თესლნი ბოროტნი აღმოფხურნეს სამეფოსაგან თჳსისა. რომელი-ესე ადრე განემარჯუა სასოებისა კეთილისა მქონებელსა.
ხოლო შემო-რა-კრბეს ორისავე სამთავროსა ეპისკოპოსნი, რომელთა პირად აქუნდა ზემო მოჴსენებული ნიკოლაოს, მსგავსი სეხნისა თჳსისა, და ანტონი ქუთათელი საღირის-ძე, დიდად განთქმული სათნოებათა შინა და ძლიერი საქმით და