ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი -
წიგნი პირველი 1771 წლის მაისის 4.
რარიგ მიხარის, რომ წამოვედი! კეთილო ჩემო, რა არის გული კაცისა!
საოცარია!
გიხაროდეს ისეთი განუყრელი მეგობრის განშორება, როგორიც შენ ჩემთვის იყავი? ვიცი, ამას მომიტევებ.
განა ჩემი დანარჩენი მეგობრობა ჩემთვის საგანგებოდ მირწყული არ იყო განგების ხელისგან გულისა ჩემის დასათრგუნველად?
საბრალო ლეონორა!
მიუხედავად ამისა, მე უდანაშაულო ვიყავი. განა რაიმე ბრალი მიმიძღვის იმაში, რომ მისი დის თავნება აღტყინებამ გამიტაცა და დაკოდილ გულში ვნება აღმიგზნო?
განა მე არ აღვზარდე მის გულში ნაზზე უნაზესი გრძნობა?
განა მე...
ოი, რა საოცარია ბუნება კაცისა, განგებას მისთვის ქენჯნის ნიჭი რომ მიუცია!
გაძლევთ სიტყვას, მეგობარო, მე გამოვკეთდები. მინდა ის მცირე
ფათერაკი, რომელსაც ბედი გვიმზადებს ცხოვრებაში, ადვილად მოვინელო ისევე, როგორც ეს მრავალგზის მიქნია კიდეც.
მინდა ამიერიდან მხოლოდ აწმყოთი დავტკბე და წარსულს წარსულად ვთვლიდე.
რა თქმა უნდა, შენ უთუოდ მართალი ხარ: ადამიანებს ნაკლები ურვა შეხვდებოდათ ქვეყნად, განგების ნებით ისე საოცრად რომ არ იყვნენ მოწყობილნი, წარმოდგენის ძალით არ სჩვეოდეთ განვლილთა ჭირთა უკუხმობა და მოგონება, ნაცვლად იმისა, რომ შეეტკბონ ბოძებულ აწმყოს.
გეთაყვა, გადაეცი დედაჩემს, რომ მის დავალებებს არ ვივიწყებ: აქ ყოფნის დროს ჩემი მამიდა მოვინახულე და დავრწმუნდი, იგი არც ეგზომ ბოროტი დედაკაცი ყოფილა. მამიდა მხოლოდ გულფიცხი ქალია და სხვა არაფერი.
მე განვუმარტე მას დედაჩემის ჩივილი მასზე დარჩენილ ნაანდერძევის შესახებ.
მამიდამ ამიხსნა, თუ რა პირობებში შეეძლება დაგვიბრუნოს ჩვენი ხვედრი ამ ანდერძიდან: მოკლედ, გადაეცი დედაჩემს, ახლა არ მინდა ყოველივე აქ აღვნუსხო. ერთი სიტყვით, ყოველივეს, მისგან მონდობილს, კეთილად დავაგვირგვინებ.
უნდა გამოგიტყდე, მეგობარო, ამ უმნიშვნელო საქმიანობის დროს დავრწმუნდი, რომ გაუგებრობა და სიზანტე ამ ქვეყანაზე უფრო მეტ სიავეს წარმოშობს ხოლმე, ვიდრე ბოროტება და მუხანათობა. ეს ორი უკანასკნელი ყოველ შემთხვევაში უფრო ნაკლებად თვალსაჩინოა, ამ ცხოვრებაში წარმოდგენილი.
სხვათა შორის, მე აქ გვარიანად ვგრძნობ თავს, ამ სამოთხისებურ მხარეში მარტოობა სანუკველ ბალზამად მოეცხო ჩემს გულს.
და სიჭაბუკის დღეთა სავსება განცხრომით ათრობს გულს იჭვით სნეულს.
ყოველი ხე, ყოველი ჩირგვი მწვანითა და ყვავილით შემოსილა, და ყოველ წუთს გენატრება კაცს გადაიქცე თუნდ პაწია ჭიამაიად, რათა შეგეძლოს ნელსურნელოვან მუშკით შეზავებულ სფეროთა ლივლივში ფრენდე, იშვებდე, გაიხარებდე, ბუნების საზრდოს უმეშვეოდ დაწაფებული.
ქალაქი თვითონ უხეიროა. სამაგიეროდ თვალისმომწყვეტი მშვენებით სავსეა სანახები, აგარაკები. სწორედ ამან წააქეზა ალბათ
განსვენებული გრაფი მ..., რომელსაც საუცხოო ბაღნარი გაუშენებია მახლობელი გორაკის თხემზე.
ბაღი უბრალოდაა გაკეთებული და შესვლის უმალვე დარწმუნდებით, რომ მისი გეგმა დაუდგენია არათუ მეცნიერულად განსწავლულ მებაღეს, არამედ მგრძნობიარე გულის პატრონს.
მე არაერთხელ გულგასენილი ვმჯდარვარ აწ გავერანებულ, სვიით შემოსილ ტალავერს ქვეშ: თვით ბაღის პატრონს ჰყვარებია ადგილი იგი.
სულ მალე ალბათ ამ მშვენიერ ბაღს დავეუფლები, და მებაღეც ერთგულია და ფრიად ხელმომჭირნე.
მაისის 10.
საოცარმა სიხარულმა რომ აათრთოლა ჩემი გული, იგი მომევლინა ვით გაზაფხულის ნეტარი დილა, რომელსაც ახლა განვიცდი მარტოობაში. მე აქ მარტოკა ვარ და შევხარი თვითვე სიცოცხლეს და ამ სანახებს, შვების მომგვრელსა და სანეტაროს. და გეტყვი, ჩემო გულის სწორო, ეს მშვენიერი ტურფა მიდამო ჩემებრ სულის პატრონისთვის შეთხზულია განგებისაგან, კეთილო ჩემო.
მე ისე ბედნიერი ვარ, ისე აღვსილი ამ აუმღვრეველ მყუდრო ყოფნის სიხარულით, რომ ჩემი შემოქმედების უნარი, ლამისაა მთლად მოადუნოს ამ ნეტარებამ.
ამ წუთში ფუნჯს ვერ გავეკარები, ერთი ხაზის მოსმაც არ შემიძლია, მაგრამ არასდროს მიგრძნია ამაზე მეტი მხატვრული ძალის მოზღვავება მე ჩემს მაჯებში.
როცა ქალაქებს, ირგვლივ მდებარეს, ცხელი ალმური თავს წაადგება და მაღალი მზის ლამპარი გადმოიხრება თვალჩაშავებულ უღრანი ტყის მწვანე ფაფარზე, მხოლოდ ღერ-ღერა სხივის ისრები შეიჭრებიან უღრან ტევრში, მაშინ ვნებივრობ ვერცხლის ჩანჩქერის შორიახლო მოლზე განრთხმული და საოცარი ფერმრავლობა ამ მწვანე მოლის, მაღალ ბალახის მაოცებს მაშინ. როცა ამ მაღალ ბალახებში მცოცავი მწერების ფუსფუსსა და რბენას საცნაურსა ვყოფ, ამ გასაოცარ შეუცნობ პაწია სულდგმულების სიახლოვე გულს მიჩქროლებს, მაშინ ცხადია, ვგრძნობ: მეახლა ყოვლად ძლიერი შემოქმედის სუნთქვა და სითბო გულის მისის ყოვლის შემცველის და მოყვარულის ამ არსებათა, რომელიც შექმნა მან თვითონვე თავის სურვილით, ჩემო კეთილო, და მერმე როცა ჩამოწვება ბინდი მწუხრისა და ჩემს თვალებში ჩამოეშვება სანახაობა სანუკველი და საოცარი, ვოცნებობ მაშინ და ფიქრს ვეძლევი: ნეტავ შემეძლოს ავსახო იგი, გადავიტანო ქაღალდზე მაინც, რაც ასე თბილად, ასე ცოცხლად ამ ჩემს სულში აღბეჭდილია, რათა ნაწერი ან ნახატი იქნეს ხატებად სულის შენის,