შტრიხები პორტრეტისათვის მესტიის მუზეუმში ჰკიდია ორმოცი მოწამის ძველისძველი ფერწერული ხატი, გამაოგნებელი იმ განათებით, რომელსაც ფერზე უფრო მეტად შუქი ეთქმის.
ორმოცი სხვადასხვა ასაკისა და აღნაგობის სხეული ჩვენს თვალწინ ლღვება, დნება. ისეთი მშვიდი სიმხურვალე მოდის ხატიდან, თითქოს ორმოცი ანთებული სანთელია დასაწვავად გამზადებული, თითქოს საბოლოო გაქრობამდე ამ რთული, უამრავი ცდუნებებით სავსე გზაგამოვლილმა ადამიანებმა ჩუმი შეთქმულება მოაწყვეს და თავიანთ უკანასკნელ ამოსუნთქვას ჩასაქრობად განწირული რწმენის პაწია ალები ერთდროულად ამოაყოლეს. ალები კი ერთმანეთს შეუერთდნენ და ორმოცი მოწამე სამარადჟამო შუქში დატოვეს...
დღეს დავით კლიაშვილზე ფიქრს სწორედ ამ ხატით ვიწყებ. რადგან მე ვხედავ 1872 წლის კვირიკობის თვეში პირქუშ ზღვაში აყირავებულ გემბანზე ბანცალბანცალით როგორ ეხლებიან ერთმანეთს ბავშვები.
ისინი ზუსტად ორმოცნი არიან. მათი აძაგძაგებული სხეული და სული უკვე იწყებს შორეული, უცხო ქვეყნიდან წამოსული სუსხით აცრას. უცხო ენასთან, უცხო სამყაროსთან, უცხო მზესთან შეხვედრის შიშით შეტორტმანებული მათი ფსიქიკა უკვე იწყებს მტკივნეულ დაშლას...
„ერთ დღეს მამამ გამომიცხადა, რომ რუსეთში წასასვლელად გამოცდაზე უნდა წავყოლოდი. ყოველ წლობით მთავრობას მიჰყავდა თბილისის და ქუთაისის გუბერნიებიდან თავადაზნაურთა ორმოც-ორმოცი ბავშვი სამხადრო სასწავლებელში, კორპუსებში. მიჰყავდათ ისინი იმ მიზნით, რომ გაერუსებინათ და კიდევაც მიზანს აღწევდნენ ხოლმე, რადგან რუსეთში სამშობლოს მოწყვეტილი ბავშვი, ივიწყებდა ქართულ ენას, ზნეს და ბრუნდებოდა ქართული გვარით, მაგრამ ერთიანად, თავიდან ფეხებამდე გარუსებული. თავადაზნაურობა დიდი ხალისით აძლევდა ბავშვებს მთავრობას, რადგან ის ზრდიდა თავის ხარჯზე და მშობლებს ანთავისუფლებდა ყოველი ხარჯისაგან შვილის აღსაზრდელად...“
აი, ამ სტრიქონებში უკვე იგრძნობა ქართული ატმოსფეროს, ქართული ყოფის, ქართული ფსიქიკის ნებაყოფლობითი გადაგვარების ის მძლავრი იმპულსები, რომლებიც დღეს უკვე თავის კატასტროფულ შედეგებს იმკის.
ნეტარი ავგუსტინე ბრძანებს - უზნეოდ ატირებული ჩვილი, დედის მკერდს რომ ეპოტინება და ჭამას ითხოვს, ცოდვის პაწია ნამცეცებითაა დაჭორფლილი, ხოლო მეზობლის ბაღში გადაპარული ხილით უბეგატენილი ოთხი-ხუთი წლის ბიჭს უკვე ღრმა ცოდვა ადევსო...
რელიგიის მკაცრი დოქტრინით თუ ავკაფავთ და გამოვხშირავთ გემბანზე აცურებული პაწია ნაფოტების ტყეს, იქნებ ქრისტიანობის ეს დიდი და ძლიერი ქომაგი მართალიც აღმოჩნდეს. იქნებ ეს ორმოცი ბიჭი მართლაც ცოდვილია უკვე. მაგრამ მაინც წავავლებ ერთ მათგანს ხელს და მაინც შევავედრებ მამაზეციერს. რადგან ღვთის წინაშე იგი ისევითე უბრალო და უცოდველია, როგორც შუაგულ იმერეთში მზის გულზე გასაშრობად გადგმული კაკლით სავსე კალათა. ისევე რეალური და ხელშესახები, როგორც სიმონეთის კოპწია ეზო-კარის ნებისმიერი ბინადრისათვის კალათისაკენ გაწვდილი ხელი. კაცი იქნება, ქალი იქნება, აზნაური თუ გლეხი, სულერთია, ჩამოირბენს კიბეს მსუბუქად, გაივლის, გამოივლის საკუთარ ეზოში, ჩაყოფს ხელს კალათაში. ამოიღებს მოუჭერს თითებს, გატეხავს და დააგემოვნებს ჯერ ისევ ნორჩ, ნოტიო ლებნებს... გაივლის, გამოივლის, ისევ ჩაყოფს ხელს კალათაში...
ერთხელაც იქნება, ის გამორჩეული ამოჰყვება, ვერაფერს რომ ვერ მოუხერხებს, რამდენიც არ უნდა უჭიროს ხელი, რამდენიც უნდა უჩაჩქუნოს ქვა. გადავა ხელიდან ხელში, მტევნიდან მტევანში, როგორც გამორჩეული, როგორც ჯიუტი არსება. ისეთი უცნაური და გაუგებარი, ქვის ასაღებადაც რომ აღარ დაიხრები, შესანახად რომ მოგინდება და სხვათა საჩვენებლად, ისეთი.
ასეა, კაკალი რომ კაკალია სიკერკეტისა და ხასიათის გამო რაღაც აუხსნელი პატივისცემით, მოკრძალებით განგაწყობს ადამიანს. არ დაგემორჩილება ასე უბრალოდ, არ დაგყვება, არ შემოგეფშვნება ხელში... თითქოს კაცისას არა, თითქოს სხვა ძალას ემორჩილება...
კიევის მილუტინის სახელობის სამხერო სასწავლებელს, მიუხედავად იმისა, რომ ბატონი დავითი ბრძანებს, უკეთილშობილესი პედაგოგებით იყო სავსეო, მაინც ამ კაკლებივით შემოეფშვნა ოცდაცხრამეტი გატეხილი ცხოვრება.
ერთი გადარჩა კერკეტა კაკალივით. ეს გადარჩენილი და მშობლიურ ენადავიწყებული ჭაბუკობაში თავიდან ისწავლის ქართულს და შემდგომში ნამდვილ ლიტერატურულ გმირობებს ჩაიდენს.
„- კიევში ვსწავლობდი და ახლა მოსკოვში მივდივარ სამხედრო სასწავლებელში.
- გარუსების დასამთავრებლად? - მხიარული სიცილით ეკითხება უფროსი კაცი ბიჭს.
- არა, მე არ გავრუსდები... - პასუხობს ბიჭი...“
ეს კაცი აკაკი წერეთელია, ბიჭი - დავით კლდიაშვილი. ვაჟკაცურად შეასრულა დანაპირები. გარუსდა კი არა და გამორჩეულ ქართველად დარჩა. მის გაუბზარაობას, მის გაუტეხელობას, მარტო ხასიათმა კი არ შეუწყო ხელი, მარტო ჯიშმა და გენმა კი არა, არამედ ორივე ბაბუის, დედულეთისა და მამულეთის იმ ჯანსაღმა გარემომ, რომლის წიაღში ათეულობით გლეხი, ყმა, გადია, ნათლული, ნათლია, მოჯამაგირე, მეზობელი, ნათესავი, ბებია, ბაბუა, ბიცოლა, მამიდა დააბიჯებდა: დღე და ღამე შრომისა თუ ლხინის მარადიულ ფუსფუსში გაბმულ ადამიანებში დღეისათვის თითქმის გაუგებარი და მიუწვდომელი სულიერი თანხმობა და ჰარმონია სუფევდა. ყველას ერთად კი სიყვარულის ფერი ედო და ამ ფერში გამუდმებით ამოგანგლული იყო პატარა დავითი.
მემუარული ჟანრის ლიტერატურა ალბათ