უკვდავება იმ აფორიზმისა(ზვიად კვარაცხელიას „ილია სამეგრელოში“
)
ამ განზრახვას და მის წარმატებით აღსრულებას გაბედულება სჭირდებოდა - სწორედაც ახალგაზრდა კაცის გაბედულება და მიზანსწრაფვა, და ის ემოციურობა, რაც დოკუმენტურ ქრონიკად აწყობილ ამბავს სიცხოველესა და ექსპრესიას მიანიჭებდა, იმ სიღრმეს მოუძებნიდა, ასეთ საქვეყნო ეპიზოდებს რომ შეჰფერის.
***
არადა, თითქოს ისეთიც რა -
თუნდ ილია ჭავჭავაძე, მაგრამ ერთი გავლით გაივლიდა სამეგრელოში და ერთ ფრაზას დატოვებდა სამახსოვროდ:
- სამეგრელოში მოველ და საქართველო ვნახე...
მოსვლით კი მოსულიყო, მაგრამ იქ დასარჩენად აღარ ეცალა და თვალის ერთი გადავლებით, ერთი შეგრძნებით რაც ჩარჩებოდა გულსა და გონებაში ეგაა და ეგ, თორემ ამ მხარის ყოფას, მის ნირსა და თავისებურებას შეჩვევით ვერ შეეჩვეოდა.
თუმც... ილია ჭავჭავაძის ერთი გავლაც, თვალის ერთი გადავლებაც იმდენ რაიმეს აღიქვამს და ჩაწვდება, შეითვისებს და გაისიგრძეგანებს, მისი ზოგადი შთაბეჭდილებაც კმარა ზოგიერთი ისეთი გარემოებისა თუ რეალიის მისაკვლევად, უიმისოდ იქნებ სამუდამოდ დაფარულიც რომ დარჩენილიყო, ანდა შემჩნევით სხვათაც შეემჩნიათ - იქ მცხოვრებთაც და სხვა მხარეებიდან თუ სულაც სხვა ქვეყნებიდან მოვლენილ სტუმართაც და მოგზაურთაც, მაგრამ დასტური მაინც სჭირდებოდა - მეფის, პრეზიდენტის ან მათი უღლის გამწევი კაცის ბეჭდით დაბეჭდვა.
ეს უღელი შეეგდო მხრებზე ილია ჭავჭავაძეს ნება-უნებლიეთ.
სამეგრელოში მისი სტუმრობისას 1885 წელი დგას და ამ დროს იგი ხალხის თვალში უკვე აღიქმება პრეზიდენტად იმ სახელმწიფოსი, რომელიც მისი და მის მიმდევართა ღვაწლის წყალობით თუ იქცევა ოცნებიდან რეალობად.
აღიქმება როგორც სხვა კუთხის ქართველთა მზერით, ისევე მეგრელების, რომელნიც სწორედ ისე დახვდებიან სტუმარს, პრეზიდენტის ოფიციალურ ვიზიტს რომ შეჰფერის - მასპინძლობის წესები კი არავისაგან ესწავლებოდათ და იქით უდგენდნენ და ურჩევდნენ სხვებს ჯერ კიდევ იმ დრო-ჟამიდან, კოლხეთად რომ იწოდებოდნენ; და რაღაც დიდი მოდგმის ნაშიერნი რომ იყვნენ, ეს მარტოდენ ცნობიერებას კი არ შემოენახა მკრთალ ნამცეცებად, არამედ შინაგან განცდასაც, რომელიც ახსნით იქნებ ვერც აგეხსნა, მაგრამ გრძნობდი, უტყუარად გრძნობდი ჯერ მარტო გლეხობის არისტოკრატიზმით, რომ ამ უჩვეულო მოვლენაში რაღაც დიდი და შორეული საიდუმლო იფარებოდა.
***
სამეგრელოში მოველ და...
როდესაც საადგილმამულო ბანკის დაარსება შეიქნებოდა აუცილებელი ქვეყნისათვის, აღარ დაგიდევდა არავითარ მოუცლელობას ილია ჭავჭავაძე, პეტერბურგშიც ჩავიდოდა და იქ თვეობით ყურყუტსა და რუს ჩინოვნიკებთან გაუთავებელ ვიზიტებსაც არ მოერიდებოდა; რასაც სხვა ვერავინ გაუძლებდა ქართველთაგან, ეს გადაიტანდა და კიდეც აღადგენდა დაქვეითების გზაზე მიმსწრაფ მიწა-წყალს, როგორც სულიერ ერთიანობას, რომლის დასარღვევადაც ათასგვარი მახე დაგებულიყო და ათასგვარი საცეციც გამოწვდილიყო, ზოგი წყალობა-აღზევებად და ზოგიც მუქარა-სასჯელად...
და ეს ათასგვარი მახე-საცეცი გარს უვლიდა სამეგრელოს, მიზანმიმართულად უტრიალებდა და ესწრაფოდა მის ჩამოშორებას იმ სულიერი ერთიანობიდან, ოფიციალურ ენაზე ყოფილი საქართველოს ტერიტორია რომ ერქვა, პატრიოტთა თვალთახედვაში კი საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფო, ოღონდ ოცნების... და ილიას უკვე ევალებოდა, სწორედაც სახელმწიფოებრივად განესაჯა და, თუკი საჭირო შეიქნებოდა, არც თვეობით ჩარჩენას მორიდებოდა სამეგრელოში.
როდესაც ნიკო დადიანი - ამ მხარის უკანასკნელი მთავრის ვაჟი - ძვირფას ბიბლიოთეკას გადასცემდა უსასყიდლოდ წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, ეს კეთილშობილური აქტი მარჯვე საბაბი აღმოჩნდებოდა ილია ჭავჭავაძისათვის, რათა ჩაბარების დოკუმენტაციის გასაფორმებლად და სულიერი განძის წამოსაღებად სწვეოდა სამეგრელოს - ვინ იცის, იქნებ მის შემოსამტკიცებლადაც.
საქართველო ვნახეო...
პოლიტიკური ესეი „ზოგიერთი რამ“
მამულის რაობას რომ უტრიალებდა და ამ ცნების ნამდვილი შინაარსის ამაღლებას ესწრაფოდა მისი ყოვლადმპყრობელი მნიშვნელობის წარმოჩენას - ვრცელისა და ფართოსი, მსჯელობისას ის სატკივარიც ძალდაუტანებლად ამოჰყოფდა თავს, რომ საყოველთაო სახელი „ქართველი“
ყოფით რეალობაში დაშლილიყო და თითო თითოდ, ერთის გაწყვეტილი რგოლებივით დაგორავდა ცალ-ცალკე.
ჰოი, რა მონდომებით, რა წყურვილით დაეძებდა ისეთ ადგილს, სადაც თვითეულის გზა ერთად იკვროდა საყოველთაო საქართველოს სიკეთისათვის, რათა სიხარულის ყიჟინა აღმოხდენოდა: ქართველი აგერ აქ არისო. საყოველთაო ნიშანიც იქ გამჟღავნდებოდა, საითკენაც თვითეული თვისტომის ჭკუა, გონება, ფიქრი, გრძნობა, სურვილი ერთად, ხალისიანად და შეუპოვრად გასწევდა საყოველთაო საქართველოს კეთილდღეობისათვის. საერთო ლხინიც იქ იქნებოდა, საერთო ჭირიც, და სულიერი გათიშვაც მოთავდებოდა ერთხელ და სამუდამოდ.
- აბა დაიძახე: ქართველო-თქო, თუ შავის ზღვიდამ მოყოლებული კასპიის ზღვამდე მარტო ღიპ-გადმოგდებულის ქართველის მეტმა (ე.ი. გორის მაზრაში მცხოვრებმა) შემოგხედოს ვინმემ, და თუ გაჭირდა, იქნება კახელმაც თავისი სხვილი კისერი შენკენ მოიღრიჯოს, სხვანი კი ყურსაც არ გათხოვებენ, თითქო ამათ არ ეძახიო, თითქო ისინი კი ქართველები არ არიანო.
რა გამოდიოდა - ის დიდებული ერთიანი აზრი, რომელიც ამ მიწა-წყლის ყველა მცხოვრებს ქართველობაში უნდა დაენახა, ის სახელი, რომელიც ყველას ერქვა, დარღვეულიყო, საზოგადოებრივი ცნობიერებიდან ამოშლილიყო და „ქართველი“
ერთი კუნჭულის მცხოვრებთა საკუთარი კერძოობითი სახელიღა