წინასიტყვაობა
ბობ მარლი - ლეგენდარული რეგეს მეფე! ამ წიგნის დაწერა გადამაწყვეტინა უბრალო შემთხვევამ, რომელსაც ერთ-ერთ წიგნის მაღაზიაში შევესწარი - ახალგაზრდას სურდა შეეძინა წიგნი ბობ მარლის შესახებ. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ასეთი ლიტერატურა ქართულ ენაზე არ არსებობს. ამიტომაც, არც ისე ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე ყველაფერი რაც ამ ლეგენდარული სუპერვარსკვლავის შესახებ ვიცოდი დამეწერა და ქართველი მითხველისთვის გამეზიარებინა მთელი მსოფლიოსთვის ცნობილი მუსიკოსის და საზოგადო მოღვაწის ცხოვრება და შემოქმედება.
ბობ მარლიმ მთელი თავისი სიცოცხლე თავისუფლებისათვის ბრძოლას მიუძღვნა. მის იდეებს მილიონობით ადამიანი იზიარებდა და დღესაც იზიარებს. რობერტ ნესტა მარლის მოღვაწეობა მიმართული იყო აფრიკელი ხალხის გათავისუფლებისკენ სხვადასხვა დამპყრობლისაგან და მისი სიმღერების უმეტესობაც სწორედ ამ თემას მოიცავს. იამაიკის ეროვნულ გმირად წოდებულმა მუსიკოსმა მთელს მსოფლიოში ხელი შეუწყო რასტაფარიანული იდეოლოგიის გავრცელებას, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში მუსიკალური მიმდინარეობა რეგეს საშუალებით გაიცნო ხალხმა.
რეგეს მეფის ცხოვრება სავსეა საინტერესო თავგადასავლებითა და ამბებით. ის გახლდათ მუსიკოსი, რომლის მოღვაწეობაც თავიდან ბოლომდე მშვიდობისათვის ბრძოლას მიეძღვნა. მისი გარდაცვალებიდან ოცდაათი წელი გავიდა და დღეს მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ მოიძებნება ადამიანი, რომლისთვისაც ბობ მარლის სახელი უცნობია.