დედა მოკვდა ძმები
Nickname: გიო
Password: გუგუშა 88
Nickname: ვატო
Password: გუგუშა 86
გიო: მამა როგორ არი?
ვატო: არი რა, ნერვიულობს შენზე.
გიო: რა ანერვიულებს? ხო იცის, ვიტყუები... აუხსენი.
ვატო: ავუხსენი.
გიო: ხვალ საბოლოო გასაუბრებაზე გავდივარ. თუ დავამტკიცე, რომ მართლა და რამე... ლტოლვილის სტატუსს მომცემენ, მუშაობის უფლებას და დახმარებას, მაგრა ვნერვიულობ... როგორი დასამტკიცებელია აქ ეგ ამბავი.
ვატო: და როგორ უნდა დაამტკიცო? ბიჭო, რამე სისულელეში არ ამოყო თავი...
გიო: რავი, ვეცდები... მანდ რა ხდება?
ვატო: არაფერი ისეთი, ამან სოფლის სახლის აღდგენა აიხირა, საგვარეულოაო, უნდა მოვასწრო, სანამ რამეო... თან ბომბი თუ რაღაც მოხვედრია და... ჩამწვარია ცოტა... გული მიჩერდება, ისე ამბობს. განსაკუთრებული მასალით ყოფილა აშენებული, ოსეთის ტყეებიდან ჩამოჰქონდა პაპაჩემსო, ვერ ვაჯერებ, რო შესვლა არ შეიძლება, არაფერი ესმის... არც საოკუპაციო ზონა... არც სროლები... ვერ ვეწინააღმდეგები, მეცოდება. რო მივალთ და არ შეგვიშვებენ, ხო მიხვდება...
გიო: მოიცა, მანდაც მოაწვდინეს? ეგრე ახლო არიან უკვე? ჰო, ვიცი ეგ მასალა... ხო არ გაგიჟდი, ვინ შეგიშვებთ, სულ სამხედროები არ დგანან მანდ?
ვატო: ვიცი, მარა ნაცნობები მყავს. კონტრაბანდისტებს ვიცნობ ბევრს, ოსებს, ჩვენებს, ფულის ამბავია. რუსებს კიდე პატარა ქრთამი და... ამას მანდეთ უმუშავია ჩვენს ბავშვობაში, ხვალ უნდა წავიდეთ. მე წავალ-მეთქი, ვუთხარი და დამცინა, ჯერ მარტო არ გაგიშვებო და მერე შენ რისი მშოვნელი ხარ და გამომცნობი, შენ მარტო ღვინის ცნობა იცი, მე უნდა ვნახოო, – დამცინის, ამხელა სომელიე კაცს.
გიო: და სხვა მასალა არაო?.. არ წავაო?.. რამე რო მოიტანო და უთხრა რო...
ვატო: არაო, სხვა არაო... მაგ დარდს ნუ გამაყოლებო... რა სხვა მოვიტანო – ამას მოატყუებ?
გიო: როდის გადიხართ?
ვატო: დილით ადრე, ალბათ. შორია და ცუდი გზებია. შენ როდის შედიხარ კომისიაზე თუ რაღაც, რა ქვია.
გიო: აქაური დროით თერთმეტზე, თქვენ ჩასულები იქნებით უკვე... ბიჭო, და ჩემზე როგორ გაიგო?
ვატო: არ ვიცი, არ ამბობს, მაგრა ნერვიულობს, ეს რამ მოაფიქრებინაო. მართალი ხო არ არის, ბიჭო?! არა, კი არაფერი, მარაა... სხვანაირად გიცნობ და...
გიო: ნუ გეღიმება ეგრე... მიდი რა! შენ რაღა განერვიულებს, ვინ არ ყოფილა, რა პრობლემაა. ძმა ვარ და ამიტან...ისე, აქ როგორ კიდიათ, რო იცოდე ეს ყველაფერი... შენი ამბები როგორ არის, გემოს არ უჩივი?
ვატო: ერთი თვის წინ ახალი ჯიში აღმოვაჩინე, იმას ვუზივარ... ჩამო, დაგალევინებ, გაგიჟდები ისეთია.
გიო: მიდი, მიდი, დამცინე... ხვალ გექნება იქ ინტერნეტი?
ვატო: თუკი დაიჭირა, მექნება...
გიო: მეკონტაქტე რა, მაინტერესებს ყველაფერი. მაგას უთხარი, ნუ ნერვიულობს, უფლებას ავიღებ და მერე დავითესები. თუ არ მომინდა, არავინ მიხმარს ძალით.
ვატო: რო ვერ დაითესო, ბიჭო? რო მოგთხოვონ დამტკიცება, ხარ წამსვლელი?
გიო: იიი, რა მაგრა ხუმროობ... დამტკიცება არა ისა, მთელი მსოფლიო ეგრეა ჩამოსული.
ვატო: რავი...
გიო: ბიჭო, თუ რამეა, მამაც დაიკიდე რა და ის მასალაც და ეგრევე დაახვიეთ უკან, რამე არ დაგემართოთ... ბიჭოო...
ვატო: ხოო...
გიო: მენატრები ეეე, მაგრა... რას გაჩუმდი?
ვატო: რავი... მაინც მგონია, რო არ უნდა წასულიყავი.
გიო: აბა, ჩავმჯდარიყავი ათი წელი, ეე?! ათ წელს მაძლევდნენ.
ვატო: ნუ აიღებდი შენც თავზე, გმირი ხარ, ხო?
გიო: რატო მიშლი ნერვებს, შვიდი თვის ფეხმძიმეა, ეე! ციხეში გაჩენილიყო ბავშვი?..
ვატო: ჰოდა, იყავი ეხლა მანდ და უქნიე ტრაკი.
გიო: ჩემი შვილი ჩნდება, ეეე... ეგეთი ნაძირალა ძმა რო ეყოლებოდა, როგორ წარმოვიდგენდი... ფეხმძიმე ქალს რო ძმა წამალს ჩაუდებს, ოღონდ თავი გადაირჩინოს, – არ გაჩხრიკავენო... რისი მკადრებელია, ხვდები? აუუ, შუბლს გავუხვრეტავ, როცა იქნება.
ვატო: მერე შენი შვილი ჩნდება და დედამისმა თავისი ნარკომანი ძმის მაგივრად რო ჩაგაბარა და ხმას არ იღებს, კაია?.. ან რად გინდა ეგეთი ცოლი?
გიო: ცოლი კი არ ჩნდება, შვილი ჩნდება... და გეხვეწები, შენ მაინც ნუ მელაპარაკები ეგრე.
ვატო: ბიჭო, იქნებ მისცეს ჩვენება...
გიო: და რო არ მისცეს, ჩავჯდე?
ვატო: კაი, ჰოო...
გიო: საფლავი გააკეთეთ? ყველაზე მეტად მაგას ვნანობ, რო არ ვიყავი და ვეღარ ვნახავ, სიზმარში მოდის და ხმას არ იღებს, ეგრე თავზე მადგას და ჩუმად არი.
ვატო: გუშინწინ მოვრჩით. მერე სოფელშივე დავრჩით, სახლში ავედით, – ძაან მოიშალა, ძველია ძაან – ჩამონგრეულ კოჭებს და დამპალ მოაჯირს რომ უყურებდა, უცებ ატირდა. გული კინაღამ გამისკდა. იდგა, ჩვეულებრივად ლაპარაკობდა, იღიმოდა, ეს საგვარეულო სახლი რო ინგრევა,