ნაწილი პირველი - თავი პირველი თბილისის ყველა ფიტნესდარბაზში უსათუოდ შეხვდებით დაქალთა წყვილს, რომელიც გაზაფხულის ბუნიობის მეორე დილასვე მიაშურებს ამ მაგიურ სივრცეს, რათა ივლის-აგვისტოში თამამად იტანტალონ შავი, წითელი, ლიგურიის, ეგეოსის ან ადრიატიკის ზღვების სანაპიროებზე. აქვე შეხვდებით ოდნავ მობერებულ, თმაშევერცხლილ ათლეტს, რომელსაც წარსული დიდებიდან უსაშველოდ დაბერილი ბიცეფსიღა შემორჩა; შეხვდებით სახლიდან ცოლის დაჟინებით გამოგდებულ, მოსუქებულ საკრედიტო ოფიცერს, რომელიც, მოვალეობის მოხდის მიზნით, თხუთმეტიოდე წუთს წაისეირნებს სარბენ ბილიკზე, სახლში მისული კი, ამ ვარჯიშით გათამამებული, ორი კატლეტით მეტს შეჭამს, ვიდრე აქამდე ჭამდა; შეხვდებით პერსონალურ ტრენერთან მოფლირტავე სექსუალურ გოგონას, რომლის ფოტოებსაც აუცილებლად ამოგიგდებთ ინსტაგრამი, როგორც კი ოფისში მიხვალთ; ტელეფონს გახსნით და კიდევ ერთხელ დაფიქრდებით, ვინმე მართლა ხომ არ გითვალთვალებთ ან გისმენთ, გულდასმით დაათვალიერებთ მის გვერდს, მაგიურ ღილაკ „ფოლლოწ“-ს თითს არ დააჭერთ, მაგრამ დროდადრო კვლავ მიაკითხავთ მის პროფილს ახალი ფოტოების შესათვალიერებლად; შეხვდებით შუახნის მოწყენილ ქალბატონსაც, რომლის ქმარიც მასზე ახალგაზრდულად გამოიყურება და ქალსაც, რომელსაც მუდმივად ეჭვი ღრღნის, ვინმე ტანმკვრივმა და მკერდსავსე გოგონამ არ აცდუნოს მისი სამაგალითო, მეოჯახე მეუღლე; შეხვდებით ორ ძმაკაცსაც, რომელთაგან ერთი აუცილებლად უფრო „გამოსულია“, მეორე კი – უფრო საწყალი. ამ დასკვნის საფუძველს ის მოგცემთ, რომ თუ ე.წ. საწყალი უფრო ადრე მოვიდა, აუცილებლად დაელოდება მეწყვილეს, „გამოსული“ კი ისე მივარდება ტრენაჟორს, სულ არ აინტერესებს როდის მოვა მისი ძმაკაცი; შეხვდებით ერთი დღით შემოვლილ სუბიექტებს, რომლებიც სანამ ვარჯიშს დაიწყებენ, სრულ ეკიპირებას გამოიწერენ, ერთწლიან აბონემენტსაც იყიდიან, სავარჯიშო წყლის ბოთლსაც დაიკიდებენ ხელზე, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ ვერცერთ მათგანს დარბაზში ვეღარ ნახავთ. ისინი გადამფრენი ფრინველებივით არიან, რომელიმე სეზონზე რომ გამოჩნდებიან ხოლმე და ისიც მხოლოდ ცოტა ხნით. ნებისმიერ ადამიანს, ვისაც აქ შეხვდებით, ერთი რამ აერთიანებს – ყველას რაღაც პრობლემა აქვს: ზოგს უკეთესი პარტნიორი უნდა, ზოგს უბრალოდ პარტნიორი, ზოგს არსებულის დაკარგვის ეშინია, ზოგს კი გარკვეული ტიპის სამედიცინო პრობლემა აქვს. რა თქმა უნდა, არიან გამონაკლისებიც, რომლებსაც ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები არ აწუხებთ, ან მათ არ აღიარებენ, მაგრამ როგორც გვეუბნებიან, გამონაკლისი მხოლოდ წესს ადასტურებს. აბა, თუ არაფერი გაწუხებს და ყველაფრით კმაყოფილი ხარ, რატომ უნდა მოგინდეს სიმძიმეების თრევა და გახვითქულს სირბილი?!
აი, სწორედ ამ უბედურ ხალხთა სავარჯიშო დარბაზში შეაბიჯა ჩვენმა ორმა მთავარმა გმირმა, ნასესხების ქარიან დღეს. სანდრო თითქმის სამი წელი ვარჯიშობდა, ნიკოსთვის კი პირველი ვიზიტი იყო. ნიკო და სანდრო დიდი ხნის მეგობრები იყვნენ, უფრო სწორად, დიდი ხნის წინ უფრო მეგობრობდნენ, თუმცა როგორც ზოგჯერ ხდება ხოლმე, ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე მათი გზები გაიყარა. არ იფიქროთ, თითქოს მათ შორის რამე მოხდა, ერთს მეორესთან შეეშალა ან შავმა კატამ გაირბინა. არა, არაფერი მსგავსი. ერთი პერიოდი თავ-თავიანთ საქმეებზე გადაერთნენ, მათ გარშემო ახალი ადამიანების წრე გაჩნდა, ახალი ინტერესები, განსხვავებული აწმყო და მომავალი. წარსულის ის კვალი, რომელმაც ეს ორი ადამიანი ერთმანეთს გადააჯაჭვა, ნელ-ნელა ქრებოდა. ჯერ კვირაში ერთხელ თუ მოიკითხავდნენ ერთმანეთს, შემდეგ ეს შუალედი ერთ თვემდე გაიზარდა, შემდეგ კვარტლამდე და ერთხელაც, როცა სანდროს ნიკოსთან საქმეზე დარეკვა დასჭირდა, მიხვდა, რომ მოერიდა. იმდენად მოერიდა, რომ ვერ დაურეკა. იქამდე მხოლოდ საერთო ნაცნობების პანაშვიდებზე თუ შეხვდებოდნენ ერთმანეთს და შემთხვევითი შეხვედრისასაც ისე უხერხულად იყვნენ, იმდენად ვერ პოულობდნენ სალაპარაკოს, კაცი იფიქრებდა, პირველად ხედავენ ერთმანეთსო. ასეა, გაუცხოებული ნაცნობი უცნობზე უფრო უცხო ხდება.
და აი, აპრილის იმ საღამოს, რომელიც ამ ამბის დასაწყისს წინ უძღოდა, სანდროს ტელეფონის ეკრანზე Niko დაეწერა.
– სანდრიკ, როგორ ხარ, ძმაო? – სტანდარტული მოკითხვით დაიწყო ნიკომ.
– კარგად, ნიკო, შენ როგორ ხარ?
– მეც არა მიშავს.
– რა ხდება შენკენ, რა ამბებია?
– ძველებურად ყველაფერი. ნახვა მინდა შენი. რაღაცაზე მინდა დაგელაპარაკო. როდის გეცლება, ხვალ?
– ბიჭო, მთელი დღე საგიჟეთი მაქვს სამსახურში, საღამოს რომ გამოხვიდე სახლში?
– არა, სახლში არ მინდა. ისე მინდა დაგელაპარაკო, მარტო.
– რა ხდება, ხო მშვიდობაა? – დაიძაბა სანდრო.
– კი, კი, პროსტა მარტო მინდა გნახო.
– სადმე დავსხდეთ მაშინ, სამსახურს რომ მოვრჩები.
– არ შემიძლია, რა, ეს რესტორნები და კაფეები, – წაიბუზღუნა ნიკომ.
– რა იყო, რა გჭირს? მაშინებ უკვე მართლა.
– არაფერი, ყაყანი და ხმაური არ შემიძლია და თან ვინმე ნაცნობი გაგვეჩითება.
– ვახ, რა გიყო, აბა? დილით შეგიძლია ძაან ადრე?
– კი.
– სავარჯიშოდ დავდივარ დილით, შვიდზე და მოდი დარბაზში, რაღაც პატარა