იჰარა საიკაკუ - ამბავი მარტოხელა ქალის სასიყვარულო თავგადასავლისა
„ლამაზი ქალი ის მახვილია, რომელიც
სხეპს სიცოცხლეს“ – ამბობდნენ ჯერ კიდევ
ძველი დროის ბრძენკაცები.
ცვივა გულის ყვავილები და მხოლოდ ხმელი შტოები რჩება დღის დასალიერზე. ასეთია ცხოვრების კანონი... ვერავინ გაექცევა... თუმცა ხანდახან ქარიშხალი უდროო დროს მთავრდება და დილაალიონზე მიმოფანტავს ყვავილის ფურცლებს. რა უსამართლობაა, მოკვდე ნაადრევი სიკვდილით, ჩაინთქა, ჩაიხრჩო სიყვარულის მორევში. მაგრამ, აბა, რა გამოლევს ამქვეყნად ასეთ შეშლილებს!
პირველი მთვარის მეშვიდე დღეს საგაში, დედაქალაქის (იჰარა საიკაკუს დროში იაპონიის დედაქალაქი იყო კიოტო, სადაც მდებარეობდა იმპერატორის რეზიდენცია. ქვეყნის მაშინდელი ფაქტობრივი მთავრობა (სამხედრო დიქტატორი სეგუნი და მისი კარი) იმყოფებოდა ედოში (ამჟამად ტოკიო). საგა – კიოტოს გარეუბანია.) დასავლეთით მომიწია გამგზავრება. ქლიავის ყვავილების მდინარეზე – უძუზე გადასვლისას, როცა ყვავილები თითქოს მეჩურჩულებოდნენ – აი, უკვე გაზაფხულიაო! – ორ ჭაბუკს შევხვდი. ერთი გარეგნულად ძალზე ლამაზი, ტან-ნაკვთიანი და ლამაზად ჩაცმული იყო, მაგრამ ძალაგამოლეული და მიცვალებულივით ფერმიხდილი. სიყვარულის ცეცხლით ალმოდებული, ეტყობა, ნაადრევი სიკვდილისთვის იყო განწირული.
ჭაბუკი ასე ამბობდა – ამქვეყნად, სადაც არასოდეს განმიცდია გაჭირვება, მხოლოდ ერთადერთი სურვილი მაქვს, ისე არ დაიშრიტოს ჩემი სიყვარულის ნაჟური, როგორც ამ მდინარის წყალუხვი დინებაო.
რაზეც მისმა თანამგზავრმა გაოცებულმა წამოიძახა:
– მე კი ვისურვებდი, ისეთი ქვეყანა მეპოვა, სადაც ქალები არ არიან! თავი იქ სიჩუმისთვის შემეფარებინა, იქ მეპოვა ნავსაყუდელი, იქ დავმტკბარიყავი დღეგრძელი სიცოცხლით, თვალი შორიდან მედევნებინა ამ მღელვარებით აღსავსე ცხოვრებისთვის...
მათი აზრები სიკვდილსა და სიცოცხლეზე ისევე განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან, როგორც თავად ხანგრძლივი სიცოცხლე ხანმოკლე სიცოცხლისაგან.
ახალგაზრდები წინ ისე მიისწრაფოდნენ, თითქოს აუხსნელ სიზმარს იყვნენ ადევნებულები, ისე თავგამოდებით კამათობდნენ, იტყოდი, შეშლილები არიან, ბოდავენო. მიუყვებოდნენ მდინარის გასწვრივ გამავალ გზას, ულმობლად თელავდნენ ამობიბინებულ ბალახს და მიდიოდნენ შორს, სულ შორს, იქ, სადაც არც ხალხი იყო, არც ხალხით ახმაურებული სოფელი.
ავდექი და, ცნობისწადილით შეპყრობილი, მეც უკან გავყევი.
ფიჭვის ტყეს რომ მივადექი, ტყის შუაგულში ხმელი ტოტების მეჩხერი ღობე და გამოქვაბული დავინახე. ბუნებრივი გამოქვაბულის პატარა, ბამბუკის ნაყარისგან გაკეთებული კარი ისეთი ვიწრო იყო, იტყოდი, ძაღლიც ვერ გაეტევაო. ცალ მხარეს დაქანებული სახურავი სუროს გამხმარი ფოთლითა და „სურვილის ბალახით“ იყო დაფარული, რამაც კარგა ხნის ჩავლილი შემოდგომა გამახსენა. ტირიფის ჩრდილქვეშ ბამბუკის მილიდან ანკარა წყალი მორაკრაკებდა და, ამ სენაკის პატრონიც ასეთივე კამკამა გულის წმიდანია-მეთქი, – გავიფიქრე, მაგრამ რომ შევიხედე, როგორ გგონია, იქ ვინ დავინახე?
ვინ და, ქალი – წლების ტვირთქვეშ სამად მოკეცილი, ჭირხლისფრად თმაგათეთრებული და მილეული მთვარის შუქივით თვალებჩამქრალი. მის ძველ, ნამრუდისფერ კოსოდოზე (კოსოდო – აბრეშუმისა და ბამბის ტანსაცმელი.) ბდღვრიალა ქრიზანთემები იყო ამოქარგული, მოდურნახატებიანი ქამარი წინ ფაქიზად ჰქონდა შეკრული და ახლაც კი, მიუხედავად იმისა, რომ მრავალწელგამოვლილი თავისი წლების მიხედვით არ იყო ჩაცმული, არც უსიამოვნო შესახედი გახლდათ, არც სასაცილო.
კარს ზემოთ, რომელსაც, ეტყობა, ქალის მოსასვენებლამდე მიჰყავდი, დაფა იყო, „ავხორცობის სავანე“ – ეწერა დაფაზე.
ოდესღაც დაკმეული სურნელი, იქნებ დიდად ნაქები „ჰაცუნეს“ კეთილსურნელება გულს ახლაც სიამით ავსებდა და მზად ვიყავი, იმ კარში ჩიტივით შევფრთხიალებულიყავი.
იქაურობას შეჩვეულივით, ახალგაზრდები სახლში ისე შევიდნენ, ნებართვაც არავისთვის უთხოვიათ.
– აი, დღესაც მოვიდნენ ჩემს მოსანახულებლად! – თქვა დედაბერმა და გაიღიმა. – ქვეყნად რამდენი სიამოვნება გეწევა თავისკენ, მაშ, რატომღა ეკვრის, რატომ ელაციცება ქარი გამხმარ ხეს? ჩემი ყურები სმენადახშულია, ენა – დაბორკილი; შვიდი წელიწადია, ამ მიუსაფარ ადგილას ვიმალები, შვიდი წელიწადია, უარი ვთქვი ამ ცოდვით სავსე წუთისოფელზე. ქლიავის ყვავილი რომ აყვავდება, მხოლოდ ამით ვიგებ, რომ გაზაფხული დადგა, მწვანედ ახასხასებული მთები თოვლის თეთრ საბურველში რომ გაეხვევა, ესე იგი, უკვე ზამთარია-მეთქი. რა ხანია ადამიანები თვალითაც არ მიხილავს. მაშ, თქვენ რაღამ მოგიყვანათ აქ, ჩემთან?
– ჩემი მეგობარი ვნებას არის აყოლილი, მე კი ჩემს ფიქრებში ვარ ჩაძირული და ვინაიდან ვერც ერთი და ვერც მეორე სიყვარულის საიდუმლოს ვერ ჩავწვდით, მცოდნე ადამიანებმა აქ მოსვლა გვირჩიეს. გთხოვთ, ისე მოგვიყვეთ თქვენი ცხოვრების ამბავი, თითქოს ყველაფერი საკუთარი თვალით გვეხილოს.
ჭაბუკმა ბროლივით კრიალა ღვინო ოქროს ძვირფას ფიალაში დაასხა და დედაბერს შესთავაზა, ისე, რომ მისი უარი ყურად არ უღია.
დედაბერი უცებ დათვრა, გონება აერია, სიყვარულის სიმღერა წამოიწყო, სიმებს თითები სათითაოდ ისე ჩამოჰკრა, როგორც ოდესღაც, მრავალი წლის წინ, და სიზმარეულივით თავისი ამბის მოყოლა დაიწყო.
* * *
მდაბიო წარმოშობის არ გახლავართ. მართალია, დედაჩემი აზანთა (აზანთა – დიდგვაროვანთა.) გვარისა არ იყო, მაგრამ მამაჩემის ერთ-ერთი წინაპარი, იმპერატორ გო-ჰანაძონოს (იმპერატორი