„ინდური მოთხრობების“ ახალი სიცოცხლე ბუნების კანონის შესაბამისად, ყოველი ადამიანი მოკვდავია. ხოლო ამ მოკვდავთაგან ოდენ თითო-ოროლა გამორგეულთ შეუძლიათ შუბლის დამშვენება დაფნის გვირგვინით, ან კიდევ - თავადვე აიგონ ხელთუქმნელი ძეგლი უკვდავებისა, თუმცა... ხშირად ეს ხდება გარდაცვალების შემდეგ.
გავა ხანი (მცირე თუ დიდი), წარსულის ნისლოვანი საბურველი შემოეცლება უკვე შექმნილ ქანდაკს და ბურუსიდან ამომზევდება იგი, რომელიც თურმე თვით იმ გენიოსს აღუმართავს, მაგრამ აქამდე შებურვილი იყო და თვალად არ განდა, რადგან საფარველი ფარავდა ძეგლის საჯაროდ გახსნამდე.
ასეთი საკუთარი ძეგლის თვითავტორობა ხვდა წილად დიდ ინგლისელ მწერალსა (პოეტს, პროზაიკოსს, უკვდავი საყმაწვილო მოთხრობების შემთხზველს, ნოველისტს) და ჟურნალისტს ჟოზეფ რადიარდ კიპლინგს (1865-1936 წწ.), რომელმაც ორმოცდაორი წლის ასაკში (1907 წელს) მოიპოვა მსოფლიო მნიშვნელობის სანუკვარი ჯილდო - ნობელის საერთაშორისო პრემია. და არა რომელიმე ცალკეული ნაწარმოებისათვის, არამედ დაკვირვებულობის, ელვარე ფანტაზიის, იდეების სიმწიფისა და მთხრობელის შთამბეჭდავი ტალანტისათვის.
ნობელის პრემიის მიღებისთანავე რადიარდ კიპლინგს ზედიზედ მიენიჭა დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტების (ოქსფორდის, კემბრიჯის, ედინბურგის...) საპატიო ხარისხები და საფრანგეთის, საბერძნეთის, კანადის უნივერსიტეტთა ჯილდოები. ეს იყო მწერლის ჭეშმარიტი აღიარება, მაგრამ მისი ცხოვრების მთავარი მოწოდება მაინც სამწერლო მოღვაწეობა იყო.
1907 წლისთვის, ე. ი. ნობელის პრემიის მიღებამდე, რადიარდ კიპლინგს უკვე ჰქონდა შექმნილი და გამოქვეყნებული მოთხრობების ცამეტი ტომი, საბავშვო მოთხრობების სამი წიგნი, ნარკვევების რამდენიმე კრებული, უამრავი ლექსი და საგაზეთო სტატია.
კიპლინგმა განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა საბავშვო ნაწარმოებებით - კერძოდ, უგვეულო მოთხრობებითა და ზღაპრებით. მათ შორის ქართულად მეოცე საუკუნის ბოლოსა და ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში ითარგმნა მხოლოდ „რიკი-ტიკი-ტავი“ (მთარგმნელები გივი კიკილაშვილი, არიანე ჭანტურია. ლექსები თარგმნა გივი ჭიჭინაძემ) - 1988 წ.; „სწორედ ასეთი მოთხრობები“ (მთარგმნელი ანი მოსულიშვილი) - 2003 წ.; ზღაპრები „აი, როგორ და რატომ“ (მთარგმნელები ნელი საყვარელიძე, თამარ ჯაფარიძე) - 1988 და 2006 წწ.
მსოფლიოს ბავშვთა უსაზღვრო სიყვარული ხვდა წილად რადიარდ კიპლინგის ზღაპრულ მოთხრობას „მაუგლი“ ე. წ. „ჯუნგლის წიგნიდან“. მის პოპულარობას მოწმობს ის ფაქტიც, რომ „მაუგლი“ არა მარტო ითარგმნა მსოფლიოს ხალხთა მრავალ ენაზე, არამედ დაიდგა ბრწყინვალედ შესრულებული რამდენიმე ფერადი ფილმი. ინტერესი რ. კიპლინგის ამ ნაწარმოებისადმი ქართველ მოზარდებს აშკარად გაუზარდა „მაუგლის“ ქართული თარგმანის სამგზის (1961, 1966, 1997 წწ.) ფერადმა გამოცემამ, რომელიც „ნაკადულმა“ განახორციელა (თარგმანი თამარ დიასამიძისა, ლექსები თარგმნა ვახტანგ ჭელიძემ, დიდებული მხატვრობა ალექსანდრე ბანძელაძისა).
ამრიგად, რადიარდ კიპლინგის „მაუგლიმ“ და სხვა ზღაპრებმა, როგორც მსოფლიო შედევრებმა, კუთვნილი ადგილი დაიკავეს ქართულ თარგმნით საბავშვო მწერლობაში. თუმცა, ეს სრულებითაც არ არის საკმარისი. მთარგმნელები ნ. საყვარელიძე და თ. ჯაფარიძე სამართლიანად აღნიშნავენ, რომ „ქართული თარგმნითი ლიტერატურა მაინცდამაინც ვერ დაიტრაბახებს კიპლინგის ნაწარმოებთა თარგმანების სიმრავლით. სადღეისოდ (ე. ი. 1988 წლისათვის. - გ. ბ.) ხელთა გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ ე. გიორგაძის მიერ საუცხოოდ გადმოქართულებული „ინდური მოთხრობები“ (გამოვიდა 1978 წელს. - გ. ბ.) და საყმაწვილო ნაწარმოებთა თითო-ოროლა სხვადასხვა დროს შესრულებული თარგმანი“. იმავე მთარგმნელების აზრით, კიპლინგის ზღაპრებში ოსტატურადაა შერწყმული გამონაგონი და რეალური. ისინი გვაჯადოებენ მართალი ტყუილით. სწორედ ეს გახლავთ ხიბლი დიდი ინგლისელი მეზღაპრის ნაწარმოებებისა.
საინტერესოა, რომ რ. კიპლინგის პირველი თარგმანი ქართულ ენაზე გამოიცა 1967 წელს, ოღონდ ეს იყო „ლექსები და ბალადები“ მურმან ლებანიძის თარგმანით.
ამრიგად, სრულიად სამართლიანია აზრი იმის შესახებ, რომ ქართველი მთარგმნელები ვალში არიანო კიპლინგთან.
რაც შეეხება წინამდებარე კრებულს, რადიარდ კიპლინგის მოთხრობები შეარგია, თარგმნა და პირველად 1978 წელს გამოსცა აწ განსვენებულმა ცნობილმა ლიტერატორმა, ჟურნალისტმა და მთარგმნელმა ედიშერ გიორგაძემ. ასე რომ, ამ გამოცემით იწყება რადიარდ კიპლინგის არასაბავშვო პროზაულ ნაწარმოებთა თარგმნა საქართველოში, რაც სწორედ ედიშერ გიორგაძის დამსახურებაა.
კიპლინგის დაინტერესება ინდური თემატიკით გამოიწვია იმ ჭეშმარიტებამ, რომ მისი ავტორი დაიბადა სწორედ ინდოეთში, ბავშვობა გაატარა ბომბეიში, შემდეგ განათლება მიიღო ლონდონში და 1882-1888 წლებში ისევ გადმოვიდა საცხოვრებლად ინდოეთში. როგორც განს, კიპლინგს ძალიან უყვარდა ინდოეთი, რადგან ინდური მოთხრობების ციკლს მან უწოდა „მოთხრობები გემი ხალხის ცხოვრებიდან“.
საგულისხმო და თავმდაბლობის უცილობელი მაგალითია ის, რომ ედიშერ გიორგაძეს თავისი ნათარგმნი მიაგნდა მომავალში კიპლინგის ნაწარმოებთა სრული ქართული კრებულის ერთ-ერთ საფეხურად. ამიტომ იყო, რომ იგი ამ მხრივ განაგრძობდა მუშაობას ტექსტის თარგმანის გასაუმჯობესებლად.
ცხადია, ადვილი არ იყო კიპლინგის მოთხრობების ამ ციკლის თარგმნა. მთარგმნელს შეხვდა ენობრივი, სტილისტური და, განსაკუთრებით, ტერმინოლოგიური სირთულეები, მაგრამ მან გადალახა ყოველივე და დაადგა სწორ გზას - მოთხრობებს თარგმანში შეუნარგუნა ავტორისეული სტილი და მისი ნაწარმოებები აქცია ქართული ლიტერატურის კუთვნილებად.
კრებული შედგება