1 ნემსიყლაპია თავის ადგილას დამხვდა, დანარჩენი სიტყვებიც.
ჯერ კიდევ მრავალი წლის წინ იწინასწარმეტყველა ტრაპეზუნტის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რომ მისი სიკვდილი ემა ბოვარის ქმრის აღსასრულს დაემსგავსებოდა, ცოტათი მაინც, ან ბეთჰოვენისას აბელ განსის ცნობილ ფილმში, ან კიდევ ტოლსტოის ივან ილიჩისას. ასეც მოხდა. გულგახეთქილი ქმრისა არ იყოს, სეპტიმიუ ჩებოტარი მოკვდა შემოდგომის ჩამავალი მზის სითბოში, სურნელოვანი ბაღის ტალავერში, სავარძელში მოკალათებული, გაღიმებული. ხელი დავუქნიე შორიდან და არ მიპასუხა. მივუახლოვდი და დავინახე, რომ თავი სავარძლის საზურგეზე მიეყრდნო, ჩამქრალი მზერა სადღაც შორს ჰქონდა მიმართული, მთის თავზე, ლურჯ ცაში დაკიდებული ნაშუადღევის მკრთალი მთვარისკენ, შუბლზე ოფლის წვრილი წვეთები უბრწყინავდა, მარცხენა ხელში წითელი ჰიაცინტი ჰქონდა ჩაბღუჯული. ყვავილზე ნემსიყლაპია იჯდა, ოქტომბრის მზეს ეფიცხებოდა. თვალები და ტანი მოყვითალო მწვანე ჰქონდა, წვრილი და გრძელი მუცელი – ფირუზისფერი, შავი ზოლით, ქარსის ფრთები ოდნავ უთრთოდა. ვიცოდი, საიდან მოფრინდა – რამდენიმე მეტრის მოშორებით წიფლებს მოფარებული ლელქაშიანი ტბორი იყო, ხარაბუზების და ნემსიყლაპიების სამფლობელო; ვიცოდი, რატომ მოფრინდა – სეპტიმიუ ჩებოტარის სიკვდილის სცენა უიმისოდ ვერ დაიდგმებოდა; ვიცოდი, რომ ის უფრო სიტყვა იყო, ვიდრე მწერი, სეპტიმიუ ჩებოტარისაც ხომ ცოცხალ სამყაროზე მეტად სიტყვები აინტერესებდა.
გაქვავებული ვიდექი პრეზიდენტის გვამთან და ვერ გამეგო, ცხადი იყო თუ სიზმარი, დღე თუ ღამე. დრო შეჩერდა, სამყარო ჩემ ირგვლივ გაკრთა, ქაღალდის სითეთრედ იქცა და ამ რძისფერ ნისლში ნემსიყლაპიებივით დაფრინავდნენ მოუხელთებელი შავი სიტყვები. მე მათ დავდევდი, ხელით ვიჭერდი, ჯიბეებში ვიტენიდი. მერე დაბრუნდა მწვანე ფერი და გაისმა ხეების შრიალი, ოქროსფერი – დავინახე მზე ხის ფოთლებში, ლურჯი – ჩრდილები, წითელი – ჩიტი, ვერცხლისფერი – ლოკოკინას კვალი; და გზა, ქარის წაქეზება.
უკნიდან ჯერ ვიღაცის ნელი, შემპარავი ნაბიჯების ფაჩუნი მომესმა, მერე ნაზი ამოხვნეშა, თავაზიანი ჩახველება. სეპტიმიუ ჩებოტარის ერთგული მსახური ტრაიანე იყო, კარგი იმპერატორის სეხნია, გლახაკი სულითა, კაცი-ბეღურა თვინიერი ღიმილით მრგვალ თვალებში. მხარზე უწონო ხელი დამადო, ფეხის წვერებზე აიწია, ჩემს ყურს რომ მისწვდომოდა და ჩამჩურჩულა: "სძინავს? წამალი მოვუტანე". რომ არ ვუპასუხე, ალბათ იფიქრა, ეს თუ აქ დგას, მეც ვიდგებიო და ჩემ გვერდით დაეყუდა, გაშეშდა მწევრის ნაბულში. რამდენიმე წამში მაინც გაბედა და პატრონს გახედა. ჩემი არ იყოს, მაშინვე მიხვდა ყველაფერს. სეპტიმიუ ჩებოტარის მივარდა, თვალებში ჩახედა და თავქუდმოგლეჯილი სახლისკენ გაიქცა. მეც მოვტრიალდი და ციცაბო აღმართში მიმავალ ბილიკს გავუყევი. სანამ გზა ხავსმოდებული, წერწეტა წიფლების ჩრდილში მიიკლაკნებოდა, კვალდაკვალ ფრინველის შეძახილი მომყვებოდა: წივწივა თავის – აწ და უწინ – სათქმელს მაწევდა. განათებულ მდელოზე რომ გამოვაბიჯე, დავინახე: ჩრდილოეთის ქარს ცაზე ღრუბლები მოერეკა. უჩუმრად გაწვიმდა და მეც გავიფიქრე: პირველივე თვითმფრინავით პარიზში დავბრუნდები. შორს, მაღალ ბალახში, ტრაიანე ხტუნვა-ხტუნვით მირბოდა ბორცვის თავზე მდგარი სახლისკენ, ხელებს იქნევდა და რაღაცას გაჰყვიროდა. მერე უცებ გაუჩინარდა: ბორცვის მწვერვალი, სეპტიმიუ ჩებოტარის სახლი, სადაც მე ბოლო ჩვიდმეტ წელს ვცხოვრობდი, ნისლში იყო გახვეული. ჯერ კიდევ აღმართს მივუყვებოდი, აქოშინებულმა ტრაიანემ ისევ რომ ამოყვინთა ნისლიდან, უკან ბრუნდებოდა, პრეზიდენტის დაცვის მთელ რაზმს მიუძღოდა ტყისკენ.
ჩემი ოთახის კარი რომ გავაღე, პისტოლეტის გასროლის ხმა გაისმა – ბელმონდომ რობერ ოსეინი მოკლა ისევ ათასჯერ ნანახ ფილმში. ტელევიზორი გამოვრთე და ღია ფანჯარასთან მივედი. გარეთ, სქელ ნისლში ნაძვის ბნელი აჩრდილი მოჩანდა, მეტი არაფერი. ერთხანს სრული სიჩუმე იდგა, მერე უცებ ერთიანად აყიყინდნენ ბაყაყები, აწრიპინდნენ კალიები და ჭრიჭინები. იმ რამდენიმე წამის განმავლობაში არაფერი შემრჩენოდა იმისა, რაც ვარ, არაფერი გარდა ერთისა: უდარდელობის იმ დამბლისა, ყოველთვის რომ უძღვის წინ დაუძლეველი სიზარმაცის მორიგ შეტევას და რომლის დროსაც მინდა ვიყო მხოლოდ და მხოლოდ მაყურებელი – ამჯერად ნისლით დაფარული და ჩემს წარმოსახვაში აღდგენილი პეიზაჟისა. თვალებს ვხუჭავ და ვხედავ: ბორცვის ძირას გაშლილ ქარიან მდელოზე ბალახის ტალღა მიგორავს შორეულ ზღუდემდე – თხილნარით შემოღობილი ტყისპირის იქით გზა აღარა აქვს. დაბურულ ტყეში წიფლები და ვერხვები ჭარბობენ, აქა-იქ ნეკერჩხლებიცაა და თელებიც. ყველა ხე თავის კილოზე შრიალებს, ყველა თავის გუნებაზე დუმს, ყველა თავისი ვნებით ჩასჭიდებია მიწას, ყველა თავის ყაიდაზე იწოწება ცისკენ; ხეების სიამტკბილობა, ტყის წესრიგი არ აუქმებს შემთხვევითობას. ტყის შუაგულში მოწყობილ ჰიაცინტების ბაღში სეპტიმიუ ჩებოტარის საყვარელი ტალავერი დგას; დღეს ის შავ ხვრელად იქცა, მის ზღურბლზე ახლა მოვლენათა ჰორიზონტია. ფოთლოვანი ტყე კლდოვან ფერდობთან მთავრდება, მის ძირას ფიჭვნარია, მდინარის პრიალა კლაკნილამდე გადაჭიმული, წყალი სურინჯის ღრუბლების ნაფლეთებს ირეკლავს. გადაღმა, მდინარეზე გადმოკიდებული ფრიალოს წვერზე მიტოვებული