ცოტა რამ უჩვეულო ადამიანისა და ავტორის შესახებ თემურ ტონიას ეს წიგნი გამოდის სერიით „ნამდვილი ამბების თარო“. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი სერიაა, რადგან ამა თუ იმ სინამდვილის სრულად აღბეჭდვა თუ რეტროსპექტივა, რაგინდ დიდებული მხატვრული ქმნილებებიც არ უნდა ცდილობდნენ ამას, ნამდვილი ამბების გარეშე მაინც არ გამოვა.
ნამდვილი ამბები ნამდვილი ამბებია, წარსულისა თუ აწმყოს ისეთი დეტალები თუ ნიუანსები მოაქვს, რომლებიც ავტორის ფანტაზიით შექმნილ, გამოგონებულ მხატვრულ ნაწარმოებებში შეიძლება საერთოდ ვერ მოხვდნენ, იმ უპირატესობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, რომ აქ ასახული ცხოვრება ნამდვილად განცდილია და ხდომილება ნამდვილად მომხდარი.
ამიტომ ამ წიგნის წინათქმად მეც ნამდვილ ამბავს შემოგთავაზებთ და მოგიყვებით იმის თაობაზე, თუ როგორ გავიცანი და როგორი ადამიანია თემურ ტონია.
არის ასეთი გამორჩეული ადგილი ჩვენს თბილისში - კუს ტბა - ტბა ქალაქის თავზე, მთაზე და მთის ძირას. აქ ტბის გარშემო დადიან ადამიანები, რომლებმაც არა მხოლოდ სუფთა ჰაერის, ბუნებისა და სიარულის ფასი იციან, არამედ ისინიც, რომლებიც სახლებიდან, დეპრესიიდან, მარტოობიდან ან მარტოობის შეუძლებლობიდან გამორბიან: დადიან, სხედან და ლაპარაკობენ. მათგან ცოტა თუ ცურავს და მოცურავეთაგან კიდევ უფრო ცოტა თუ ცურავს პროფესიონალურად. თემურ ტონია სწორედ წყალში, ე.ი. ცურვის მდგომარეობაში მომხვდა თვალში. რაღაც ზედმეტად ენერგიულად, თითქოს თავგანწირულად ცურავდა, და ძალიან პროფესიონალურად. თვალებზე წყლის სათვალეები ეკეთა და ასე, ათჯერ მაინც გადაცურავდა და გადმოცურავდა ხოლმე სიგანეზე კუს ტბას. მე ამას სამჯერ თუ ვახერხებდი და ვფიქრობდი, აი, რას ნიშნავს ახალგაზრდობა-მეთქი. მაშინ უკვე 68 წლისა ვიყავი. და აი, ერთხელაც ხმელეთზე რომ შევხვდით ერთმანეთს, ამ შეუპოვარ მოცურავეში თითქმის ჩემი ხნის, ოღონდ სპორტული აღნაგობის კაცი აღმოვაჩინე. ეს იყო პირველი განცვიფრება.
მერე გავიგე, რომ ამ ადამიანს ტანჯვის ჯურღმულში გაეტარებინა მთელი ხუთი წელი და ახლახან დაბრუნებოდა სიცოცხლეს: მზეს, წყალსა და ადამიანებს. ეს ტანჯვა ერთადერთი ვაჟის, მართლა გამორჩეული ახალგაზრდის - ალექსანდრეს (აკას) მარადიულ სამყოფელში გადასვლასთან ყოფილა დაკავშირებული.
თუ როგორი განსაცვიფრებელი ყმაწვილი იყო აკა, ამაზე თუნდაც მხოლოდ ის მეტყველებს, რომ ჩვენს ავად ხსენებულ 90-იანებში, თერთმეტი წლისამ, სადღაც, მამამისის სამსახურში უძველესი საბეჭდი მანქანა აღმოაჩინა და გაზეთის გამოცემა გადაწყვიტა. თვითონ დაწერა და დაბეჭდა წერილები ჩვენი იმდროინდელი ცხოვრების უკუღმართობებზე, იმ პრობლემებზე, მოზარდებსა და ახალგაზრდებს რომ დაატყდათ თავს. და როცა ამ გაცრეცილ გაზეთს კითხულობ, რომელსაც „თვალსაზრისი“ დაარქვა, მართლა გიკვირს, როგორ შეუცდომლად გრძნობს იგი, ჯერ კიდევ ბავშვი, მთავარ საფრთხეებს. მერე მამასთან ერთად მისდგომია ქსეროქსს, გაზეთის გადასამრავლებლად, და უარი მიუღია, „მთავლიტის“ (ანუ, ოფიციალური საბჭოთა ცენზურის) თანხმობა გვჭირდებაო. მამისთვის უთქვამს, ახლავე „მთავლიტში“ წავიდეთო. წასულან. რუსთაველის პროსპექტზე, ოპერის გადასწვრივ მდებარე შენობის ბოლო სართულზე განთავსებულ „სტრუქტურაში“ მარტო შესულა და იქიდან არათუ თანხმობით გამოსულა, არამედ თანამშრომელიც გამოჰყოლია. მისულან ქსეროქსის მესვეურთან და თანამშრომელს თავისი მოწმობა უჩვენებია, გადაუმრავლეთო. უკვე ირყეოდა საბჭოთა კავშირი. მაგრამ მხოლოდ ეს არ უნდა ყოფილიყო ამ მოულოდნელი კეთილგანწყობის მიზეზი. ეტყობა, ამ უცნაურად ზრდადასრულებულ, უკვე მოქალაქედ ჩამოყალიბებულ ბავშვში საბჭოთა იდეოლოგიის მუშაკებმა მათთვის უცნობი თვითგამორკვეულობა და შეუპოვრობა ამოიკითხეს და იმედი ჩაესახათ, რომ იგი იმ თაობას განასახიერებდა, ვისაც ახალი განსაცდელიდან ქვეყნის გამოყვანა შეეძლო. 11 წლის მოქალაქე კი თავის თანატოლ თანამოაზრესთან ერთად რუსთაველის მეტროსთან გაზეთებს ყიდდა.
მერე ალექსანდრემ გერმანული განათლება მიიღო, თავბრუდამხვევ სამსახურებრივ წარმატებას მიაღწია ევროპაში, როგორც ფეხბურთის უბადლო მენეჯერმა (ისე, რომ ფიფას მაშინდელი პრეზიდენტი თავის პოტენციურ მოადგილედაც განიხილავდა თურმე) და 31 წლისამ დედამიწა დატოვა. მეტისმეტად გადაღლოდა გული. ასე, მეტეორივით გაელვებულმა ახალგაზრდამ განსაკუთრებული ძალით უჩინა პირი სამყაროს ამოუხსნელობას და მშობლებს სასოწარკვეთის გარდა იდუმალების, მარადიული ცხოვრების წარუვალი განცდაც გაუჩინა.
თემურ ტონია განათლებით ჰიდროინჟინერია, საკანდიდატო დისერტაციაც დაცული აქვს, და ამ სფეროში იმანაც გაგვაერთიანა, რომ დიდი ჰესების მოწინააღმდეგეა, თანაც შეიარაღებული პროფესიული არგუმენტებით. ბუნების მიმართ მისი ეს მგრძნობელობა დამატებით საზრდოს აძლევდა ჩვენს საუბრებს კუს ტბის ნაპირას.
მერე ისიც შევიტყვე, რომ პროფესიული ცოდნის პატრონია კიდევ ორ სფეროში: ეს არის თანამედროვე მუსიკა და ფეხბურთი.
რაც შეეხება მხატვრობასა და დიზაინს, ამ სამყაროში იგი თვითნასწავლია და ძალიან საინტერესო ხედვებისა და მანერის პატრონი. თემური ვინილის ტრფიალი და კოლექციონერია: ასეულობით ძველი ფირფიტა აქვს შეგროვებული, რომელთა გაცრეცილი სარჩულებიც თავიდან მოხატა და ახალი ხელოვნება შექმნა: ასე მოხატულყდებიანი ფირფიტების გამოფენა სოლოლაკში 2023 წელს ძალიან საინტერესო და ნოსტალგიურად მიმზიდველი აღმოჩნდა უამრავი თბილისელისთვის
ახლა მთავარი: კუს ტბის პირას თავიდანვე თვალში მომხვდა თემურის თხრობის მანერა, კერძოდ: როცა იგი